ბოლო წლების განმავლობაში აზია მოდის ინდუსტრიის უდიდეს ბაზრად ჩამოყალიბდა, ჩინეთი კი ამ რეგიონისა და ინდუსტრიის აზიურ ცენტრად იქცა. არაერთი მოდის სახლის შემდეგ, ამჯერად Pop-up კაფეების ციებ-ცხელებამ Alexandre Mattiussi-ს მიერ შექმნილი ფრანგული ბრენდი - Ami Paris მოიცვა. ჩინეთის უდიდეს ქალაქებში - პეკინში, შანხაისა და ჩენდუში ბრენდმა ტიპური პარიზული ატმოსფერო Pop-up მაღაზიებითა და მასთან არსებული კაფეებით შექმნა. ამ სამ ქალაქში წარმოდგენილი სივრცეები კი სტუმრებს 8 დეკემბრამდე უმასპინძლებენ.
ბრენდმა პეკინში მინიატიურული ე.წ. Haussmann-ის სტილის შენობა პარიზული რიყის ქვებისა და ფრანგული ურბანული ელემენტების დახმარებით გარდაქმნა, რომელიც ზუსტად უსვამს ხაზს Ami Paris-ის მინიმალისტურ ხელწერას. ჩინეთის დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, Taikoo Li Sanlitun-ში, შენობა ტელეპორტაციის დახმარებით ევროპაში, პარიზის ქუჩებში აღმოჩენის ასოციაციას იწვევს. Pop-Up-ში ბრენდის 2023/24 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სამოსია წარმოდგენილი, ხოლო შენობის მეორე მხარეს სტუმრებს ტრადიციული პარიზული ბისტრო ხვდებათ, წარწერით "Le Café Ami". ბრენდირებული ფინჯნით ყავის მირთმევასთან ერთად, მსურველებს ბრენდის ფერებითა და ლოგოებით გაფორმებული აქსესუარების შეძენაც შეუძლიათ.
ჩინეთის დანარჩენ ორ ქალაქში - შანხაისა და ჩენდუში Ami Paris ბისტროს კონცეფციის უკეთ წარმოსაჩენად ცნობილ ყავის კომპანიებთან, SUNSET +a:b-სა და Invisi-სთან თანამშრომლობს.
2021 წელს Ami Paris-ის მნიშვნელოვანი აქციონერი შანხაიში დაფუძნებული ბრენდი Sequoia Capital China გახდა. სწორედ ამიტომ, აზიისა და კერძოდ, ჩინეთის ბაზარი ფრანგული ბრენდისათვის სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება. ამ ეტაპზე ჩინეთში Ami Paris-ის 17 მაღაზია ფუნქციონირებს.
ფოტო: Ami Paris, WWD, Fashion Network
დაწერე კომენტარი