23 ნოემბერს, თელავისა და თბილისის შემდეგ, საქართველოს ბაზარზე სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო ინდუსტრიაში მოწინავე კომპანია, Communal ახალ სასტუმროს - Communal Kutaisi-სა და რესტორანს - Doli Kutaisi-ს ოფიციალურად გახსნის. საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონის შემდეგ კომპანია ქვეყნის დასავლეთ ნაწილის ათვისებას ისტორიული ქალაქით, ქუთაისით იწყებს. “Მარადიული გაზაფხულის” ქალაქის შუაგულში მდებარე კომფორტული და ამავდროულად, დახვეწილი ინტერიერის მქონე სასტუმრო სტუმრებს მომხიბლავ თავშესაფარს ჰპირდება, რომელიც როგორც ქალაქური დასვენების, ისე მისგან იზოლაციისა და სრულ ჰარმონიაში ყოფნის საშუალებას იძლევა. 

კომპანიის მთავარი იდეა საქართველოს სტრატეგიულ ქალაქებში რესტორნებისა და სასტუმროების გახსნაა, რომლებიც ადგილობრივი კულტურის, ტრადიციების, სამზარეულოსა და ატმოსფეროს შერწყმასა და ვიზიტორებისათვის წარმოდგენას ყველაზე უკეთ შეძლებენ. სწორედ ამიტომ, თელავისა და თბილისის უძველესი ქუჩებისა და შენობების შემდეგ, დასახული მიზნის სრულყოფისათვის სასტუმრო პირველ სტუმრებს ქუთაისის შუაგულში მდებარე, წარსულში მუსიკოსის მფლობელობაში მყოფი სახლის რეკონსტრუირებულ შენობაში უმასპინძლებს. ნაგებობის რეკონსტრუქციისა და გარდაქმნის მიუხედავად, მისი ავთენტური, 60-70-იანი წლებისათვის დამახასიათებელი ესთეტიკა არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების მიერ კვლავ შენარჩუნებულია, რაც სასტუმროს მთავარ კონცეფციას კიდევ უფრო მეტად საინტერესოს ხდის. 

შენობის ძველ, ხელუხლებელ ჭერსა და ბუხართან ერთად, ინტერიერში მრავლად არის გამოყენებული თანამედროვე, მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალებიც, როგორიც არის მარმარილო და უჟანგავი ლითონი. ამასთან ერთად, ინტერიერისათვის საჭირო ყველა დეტალი თუ აქსესუარი ექსკლუზიურად ამ პროექტისათვის შეიქმნა, რაც სასტუმროს და მის შიდა სივრცეს კიდევ უფრო მეტად გამორჩეულად წარმოაჩენს. იმერეთისა და ქუთაისის ავთენტური ხასიათის წარმოსაჩენად სასტუმროს ნომრებსა თუ გარე სივრცეში თავს იყრის რეგიონისათვის დამახასიათებელი არაერთი ელემენტი, მათ შორის - ყვავილები, რომლებიც ქვეყნის ამ ნაწილთან ასოცირდება, კუთხის გამოჩენილი, ღვაწლმოსილი ადამიანების ფოტოსურათები და ა.შ. ადგილობრივი კულტურითა და ესთეტიკით შთაგონებულ ინტერიერსა და ექსტერიერთან ერთად, Communal Kutaisi რეგიონის ერთადერთი სასტუმროა, სადაც სტუმრებს ღია აუზი და დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ტროპიკული მცენარეებით გაფორმებული ბაღი დახვდებათ.

 სტუმრებს ქუთაისის ახლად გახსნილ სასტუმროში რესტორანი Doli Kutaisi ელით, სადაც მენიუ მთლიანად მეგრულ და იმერულ ტრადიციულ სამზარეულოზეა აგებული და კერძების უმეტესობა თონეში, მაყალსა და შეშაზე მზადდება. რესტორანი ჯანსაღ კვებასა და ორგანული საკვები პროდუქტების გამოყენებაზეა ორიენტირებული, რის გამოც მაღალი ხარისხის  ინგრედიენტებს ადგილობრივ ბაზრებში ყიდულობენ. გარდა ამისა, სტუმრებს ადგილზე რამდენიმე სახის ქვევრის ღვინის დაგემოვნებაც შეეძლებათ. 

სასტუმროში დამსვენებლებს გასული საუკუნის 70-იანი წლებისა და ადგილობრივი კულტურის შთაგონებით შექმნილ დეკორაციებთან ერთად ქალაქის გასაოცარი ხედებიც დახვდებათ. ქუთაისის შუაგულში მდებარე პატარა სასტუმრო კომფორტის, რეგიონისათვის დამახასიათებელი დახვეწილი და ავთენტური ხასიათის, უნაკლო სერვისისა და მაღალი სტანდარტების საკვები ობიექტების გარდა, ქალაქის უკეთ შესწავლის, მასთან დაახლოების, მისი მთავარი ღირებულებების შეცნობისა და რეგიონისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭების საშუალებას იძლევა.