16 ოქტომბერს, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში, ბუქარესტში ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ახალი 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. უახლესი კოლექცია, რომელიც 31 ლუქს აერთიანებს, შთაგონებას თოჯინების სამყაროდან იღებს და პერსონაჟების ფართო სპექტრს იკვლევს - დაწყებული სამხედროდან, ფაიფურის თოჯინებამდე.


პერსონაჟების მრავალფეროვნებამ ჩვენებას ორიგინალური ხასიათი შესძინა - მოდელები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ისტორიით სავსე, იდუმალ თოჯინებს და მათ მსგავს ფიგურებს. ჩვენებამ გააერთიანა გიორგი ქებურიას შემოქმედებითი ხედვა, თანამედროვე მოდა და ხელოვნება. ვიზუალურად დახვეწილი ჩვენება ქართველი შემსრულებლის - Creams-ის სიმღერამ გააფორმა. 


ჩვენების პროცესში მოდელების თოჯინებად გარდასაქმნელად ხაზი გაესვა პასტელური ფერებით შესრულებულ მაკიაჟსა და გრძელ წამწამებს, რამაც შოუს მეტი თეატრალურობა შესძინა. კოლექციაში ვხვდებით სამოსს სხვადასხვა გამოსახულებით, იქნება ეს ბაფთები, ფულის კუპიურები, გასაღებები, მარგალიტები თუ მეზღვაურის ნიშნები. ასევე მრავლადაა წარმოდგენილი დიდი ზომის ქუდები, მასიური სათვალეები და მარგალიტის აქსესუარები. მოდელების ორიგინალურ სტილზე სალომე ცაბუტაშვილმა იმუშავა.

ფოტოს წყარო: George Keburia