"ვარ ეთნიკურად სომეხი, დაბადებული საქართველოში, რომელიც უკრაინული ნაციონალიზმის გამო იჯდა რუსულ ციხეში" - ამბობდა რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რომელსაც რუსული ცენზურა, რა თქმა უნდა, არასდროს აპატიებდა იმას, რის გამოც უკრაინაში გადაღებულმა "დავიწყებული წინაპრების აჩრდილებმა" მაშინ -  1965-67 წლებში - თითქმის ყველა დასავლური კინოფესტივალის აღიარება მოიპოვა. საბჭოთა სამშობლოში დევნა, თუმცა ცივილიზებული სამყაროს აღიარება, დროთა განმავლობაში ფარაჯანოვის შემოქმედების თანმდევი გახდა.  ბუნებრივი იყო, რომ ბოროტების იმპერიას, რომელიც ახლაც კი ვერ ეგუება მისგან დამოუკიდებელ, თვითმყოფად ერებს, მაშინაც გაუჭირდებოდა იმ დოზით ნაციონალიზმთან შეგუება, რომლითაც ფარაჯანოვს თავის კინოსურათებში უკრაინული, ქართული ან სომხური კულტურების უნიკალურობა უნდოდა ეჩვენებინა -  ამიტომაც  ხან გარყვნილების, ხანაც ჰომოსექსუალიზმის მოგონილი ბრალდებით არაერთი წელი ჯერ ციხეში გაატარებინეს, შემდეგ კი საერთოდ კინოკამერასთან მიახლოებაც კი აუკრძალეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფარაჯანოვის კინო თავისი შინაარსით ბევრად სცდება ვიწრო ნაციონალისტურ ჩარჩოებს, "დავიწყებული წინაპრების აჩრდილებში" მნიშვნელოვანი ადგილი უკრაინული ენის, ყოფითი ტრადიციების და რელიგიური წეს-ჩვეულებების გაცოცხლებას უკავია, რაც ფარაჯანოვმა მიხაილ კოციუბინსკის რომანის მიხედვით იმდროინდელი რუსული ფორმალიზმისგან სრულიად განსხვავებულ იმპრესიონისტულ სტრუქტურაში იდეალურად შეძლო. ფილმის რომეო და ჯულიეტასებური სიუჟეტი გუცული ივანის ცხოვრებას მიჰყვება, რომელსაც თავისი მამის მკვლელის შვილი, მარიჩკა უყვარდება, გოგო მდინარეში ტრაგიკულად იღუპება, ივანი ცხოვრებას აგრძელებს და ცოლს ირთავს, თუმცა მარიჩკას აჩრდილი მოსვენებას არ აძლევს და ისიც, შეყვარებულის მსგავსად, სიცოცხლეს ტრაგიკულად ამთავრებს.

"ივანს არ აქვს საშუალება, რომ თავის შეყვარებულთან ერთად მოკვდეს, ის დედამიწაზე რჩება და გამოცდის ხორციელ სიყვარულს, რომელიც მას ანადგურებს. თუმცა პოეზია, რომელიც მასში ცხოვრობს, ამ ყველაფერს არ ურიგდება, მას სურს კეთილი და შემოქმედებითი ვნება, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში შთაგონების სახით ნათდება. ისევე როგორც რომეოს, ტრისტანს ან ფერჰადის, მასაც სურს სიახლოვე სიყვარულთან, ამიტომაც ხსნას სიკვდილში პოულობს და თავის მუზასთან შერწყმის შესაძლებლობას მხოლოდ არყოფნაში ხედავს. მსგავსი მოტივები ბევრ სხვადასხვა კულტურაში არსებობს და ამიტომაც ამ თემას, რა თქმა უნდა, საერთაშორისო რეზონანსიც აქვს. არ გამკვირვებია, რომ ფილმი, როგორც ცალკეული მასალა, საზღვრებს გარეთ ესპანელებმა, ფრანგებმა და ამერიკელებმა კარგად გაიგეს", - წერს ფარაჯანოვი ფილმის შესახებ თავის მოგონებებში.

როგორც რეჟისორი ამბობს, კოციუბინსკის სცენარს არაერთხელ გადაუხვია და ხშირ შემთხვევაში ამას განზრახ აკეთებდა. იმისათვის რომ ღრმად ჩასწვდომოდა რომანის განმსაზღვრელ ელემენტებს, არსებულ მასალას თავისი რიტმით და სტილით ხშირად უგულებელყოფდა, ეს კი საშუალებას აძლევდა ლიტერატურა, ისტორია, ეთნოგრაფია და ფილოსოფია ერთიან კინემატოგრაფიულ გამოსახულებაში ერთ მოქმედებად მოექცია და რაც მთავარია, ფილმში ზუსტად აესახა არა კოციუბინსკის მიერ ასი წლის წინ დანახული ხასიათი, არამედ ზუსტად ის ბუნება, რომელიც გუცულის ხალხში თავად აღმოაჩინა.

"მინდოდა გადამეღო ფილმი ყველასთვის გასაგებ ვნებებზე და ეს ვნება სიტყვებში, მელოდიებში, ყველა ხელშესახებ საგანში და, რა თქმა უნდა,  ფერში გამომეხატა. აქ კი ნამდვილად ვეყრდნობი მხატვრობას, რომელიც დიდი ხანია სრულყოფილად დაეუფლა ფერის დრამატურგიას, მის ორგანიზებულობასა და გამოხატვის შესაძლებლობას. მეჩვენება, რომ ახლა ფერზე უარის თქმა, საკუთარი სისუსტის აღიარებას ნიშნავს".

ფილმში, სადაც სწორხაზოვანი თხრობის მანერა და პერსონაჟებს შორის დიალოგი მინიმუმამდეა დაყვანილი, მთავარ როლს ნამდვილად ფერები და მხოლოდ ფარაჯანოვისათვის დამახასიათებელი უნიკალური ვიზუალური სტილით გადმოცემული სიმბოლოები თამაშობს, რომელიც კულმინაციას ფილმის დასასრულს - ივანის სიკვდილის ეპიზოდში აღწევს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ქორწილის, დაბადებისა და დაკრძალვის რიტუალებშიც, სადაც უკრაინული კულტურის თავისებურება რეჟისორმა ნათლად დაგვანახა. როგორც ჩანს, ქვეყანამ, სადაც ფარაჯანოვმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა, მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, ისევე როგორც მომდევნო წლებში "ბროწეულისფერში" ან "აშუღ ქერიბში" გაცოცხლებულმა ქართულმა და სომხურმა ფრესკებმა, ამიტომაც ამბობდა: სამი სამშობლო მაქვს - საქართველო,  სადაც დავიბადე, უკრაინა, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს, ჩემი უკანასკნელი სახლი იყოს, სადაც მინდა, რომ მოვკვდე.

ფარაჯანოვის უკრაინას მხოლოდ "დავიწყებული წინაპრების აჩრდილები" ვერ იტევს, როგორც თავად წერდა, ეს ფილმი იქცა იმ სამყაროდ, რომელიც საბოლოოდ უკან უნდა მოეტოვებინა, წინ კი ახალი ქალაქური თემით გაეგრძელებინა გზა და უკრაინის შესახებ კიდევ ერთი ფილმი - "კიევის ფრესკები" გადაეღო.

"კიევზე ფილმის გადაღებაზე დიდი ხანი ვოცნებობდი. არაერთხელ გამოჩენილა ეკრანზე როგორც ისტორიული, არქიტექტურული, ინდუსტრიული და ომით განადგურებული ქალაქი, თუმცა არავის ჩაუხედავს კიევის სულში, არავის დაუნახავს მისი მწუხარება და ადამიანურობა, აქ არის ძველი და ახალი კიევი, რომელიც ყოველთვის ერთნაირია, ქალაქი, რომელიც ყოველ ახალ თაობასთან ერთად ძველის დაკარგვის გარეშე ახალ სილამაზეს იძენს. თანამედროვე კიევის ბიოგრაფია წარსულის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მინდა გადავიღო ფილმი დროზე, ყველაზე დიდ არქიტექტორზე, რომელიც მუდმივად აღადგენს, ანგრევს და აშენებს, დრო გულუხვი და სამართლიანია - ის გვავიწყებს ისტორიას და გვაბრუნებს პირველყოფილ ჭეშმარიტებასთან, წმენდს მეხსიერებას, მსჯავრდადებულს ცილისწამებისგან ათავისუფლებს, დავიწყებულს აცოცხლებს და განჯის უსამართლოს"



არც "დავიწყებული წინაპრების აჩრდილებს" და  არც "კიევის ფრესკების" შესახებ ნათქვამ ამ სიტყვებს ალბათ არასდროს არ ჰქონია ისეთი მნიშვნელობა როგორც დღეს. ფარაჯანოვს, რომელსაც ასე უნდოდა ამ ქალაქის სულში ჩახედვა, საბოლოოდ ''კიევის ფრესკების" გადაღება შეაწყვეტინეს, ფირი გაუნადგურეს და როგორც თავადვე ამბობდა, უკრაინული ნაციონალიზმის გამო რუსულ ციხეშიც ჩასვეს, მაგრამ დრო გავიდა, ბოროტების იმპერია განადგურდა, “კიევის ფრესკების” უკვე გადაღებული თექვსმეტი წუთის აღდგენაც კი მოხერხდა, მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა -  იმპერიის ნარჩენები, მაშინდელის მსგავსად, დღემდე არავის აპატიებს მისგან დამოუკიდებელ, თავისუფალ არსებობას. 

ავტორი: გვანცა ჩანადირი