Hammock Magazine ხელოვნების სასახლესთან ერთად წარმოგიდგენთ სტატიას სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის “ბროწეულისფერის” შესახებ.

მაშინ როცა სერგო ფარაჯანოვი აშუღი ბერის, საიათნოვას შესახებ ფილმს იღებდა, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ევროპული და ამერიკული კინემატოგრაფია მას ნამდვილ შედევრად აღიარებდა, თავად ფარაჯანოვი კი კინოს ისტორიაში დარჩებოდა რეჟისორად, რომელსაც ჟან ლუკ გოდარმა გამოსახულების, სინათლისა და რეალობის ამსახველი დიდოსტატი უწოდა. ალბათ ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა რეჟიმის მიერ რეალურად სწორედ "საიათნოვას" გამო დაჭერილს,  ციხიდან მოგვიანებით ანტონიონის, ფელინის, ბერტოლუჩის, ლუი არაგონის, ალბერტო მორავიას და დასავლური კულტურის სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლების თხოვნის საფუძველზე გაათავისუფლებდნენ, წლების შემდეგ კი ფილმს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ თაროზე შემოდო, შემდეგ კი სახელიც კი შეუცვალა, ტორონტოს კინოფესტივალზე მთელი მსოფლიო ნახავდა და მარტინ სკორსეზესაც ერთხმად დაეთანხმებოდა,  რომ "ბროწეულისფერის"  მსგავსი აქამდე არასდროს არაფერი უნახავთ.




თავისივე პოეზიით გამოხატული სამყარო, რომელშიც საიათნოვა ცხოვრობდა, ფარაჯანოვმა საბჭოთა ცენზურის მოთხოვნის მიუხედავად მაინც არ გადააკეთა. სამაგიეროდ მოგვიანებით თავადვე შეცვალეს ფილმში ბევრი რამ და რეჟისორის მიერ გადაღებული "საიათ ნოვა" ეკრანზე საბოლოოდ "ბროწეულისფერის" სახელით გამოვიდა. ნამუშევარი, რომლისთვისაც დანარჩენმა სამყარომ ფარაჯანოვი აღიარა, სამშობლოში დევნის მიზეზი გახდა, თუმცა ოფიციალური საბაბი, რის გამოც რეჟისორი დააპატიმრეს, ჰომოსექსუალიზმის ბრალდება გახლდათ. ადვილად იპოვეს ადამიანიც, რომელიც ფარაჯანოვს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.


ციხეში სამი წელზე მეტი გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ საყვარელ საქმეს ჩამოაშორეს და მომავალში მასთან მიახლოებაც კი აუკრძალეს, ის დაუშრეტელი ფანტაზია და ვიზუალური ესთეტიკა, რომელსაც ფარაჯანოვი იტევდა, ციხის კედლებში შექმნილ რამდენიმე კინოსცენარში და 800-მდე ნახატში მაინც გაცოცხლდა. კოლაჟები, რომლებსაც ფარაჯანოვი ქმნიდა, ყოფითი საგნებით, მცენარეებით და ისეთი ნივთებით იქმნებოდა, რომლებსაც ხელოვანი ციხეში ან მის ეზოში პოულობდა. სწორედ აქ არის შექმნილი მაწვნის ქილის თავსახურზე ამოტვიფრული პუშკინის პორტრეტი, რომელიც შემდეგ შემთხვევით ფედერიკო ფელინის ხელში აღმოჩნდა, მან კი ფარაჯანოვის ნამუშევრის მიხედვით ვერცხლის მედალი ჩამოასხა.  რიმინის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმებს დღემდე ამ მედლით აჯილდოებენ.


ამგვარი ერთი შეხედვით ცოტა დაუჯერებელი და ზღაპრული ისტორიები ფარაჯანოვის  ცხოვრებაში ბევრია. მისი მეგობრები დღემდე
იხსენებენ  ამბავს ივ სენ ლორანისთვის პარიზში ჩატანილ ქუდზე, რომელიც სვანეთისუბანში მცხოვრებ მექუდეს, მიხეილ მეჩითოვს დაამზადებინა ან ისტორიას თბილისში ჩამოსულ მარჩელო მასტროიანზე, რომელსაც ჯერ ფეხსაცმელები აჩუქა, შემდეგ კი შუაღამისას მთაწმინდის ქუჩებში გაიყვანა და ყვიროდა, გაიღვიძეთ, მარჩელო მასტროიანი ჩამოგიყვანეთო. ელდარ შენგელაია ჰყვება, როგორ გააღვიძა ფარაჯანოვმა კოტე მესხის ქუჩაზე მცხოვრები, მასტროიანზე შეყვარებული მეზობელი ქალი, რომელსაც მსახიობის დანახვისას გული წასვლია.  ეს ისტორიები დაუჯერებლად და ზღაპრულად კი შეიძლება იმიტომ ჟღერს, რომ, როგორც თავად ამბობდა, "ეროვნებით მთაწმინდელი" ხელოვანისთვის და მით უმეტეს იმ ხელოვანისთვის, რომელსაც არათუ ხელს უწყობდნენ, პირიქით - გამუდმებით ავიწროებდნენ, ამ სახელებისა და გვარების გარემოცვაში მოხვედრა წესით, ადვილი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა რეალურად ამაში დაუჯერებელი არაფერია, პირიქით - ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მხოლოდ აქ იყო ფარაჯანოვის ადგილი და ფარაჯანოვი ნამდვილად იყო რეჟისორი, რომლის მსგავს ფერწერას ეკრანზე სხვა ვერავინ ქმნიდა, უბრალოდ არ გაუმართლა, რომ  ცუდ დროს ან კინოსთვის არასწორ ტერიტორიაზე დაიბადა.


"სამი სამშობლო მაქვს, საქართველო,  სადაც დავიბადე, უკრაინა, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და სომხეთი, სადაც მსურს ჩემი უკანასკნელი სახლი იყოს, სადაც მინდა, რომ მოვკვდე", - წერდა ფარაჯანოვი.  თავისივე სიტყვებში გამოხატული ეს მულტიკულტურულობა, ძალიან კარგად ჩანს მის ხელოვნებაშიც. "ბროწეულისფერი" კი ამ მრავალეთნიკურობის ყველაზე კარგი მაგალითია.



ფარაჯანოვი ამბობდა, რომ სამყარო, რომელშიც აშუღი საიათნოვა ცხოვრობდა და პოეზია, რომელსაც ის ქმნიდა, ეროვნული ფოლკლორული ხელოვნებით, არქიტექტურით, მუსიკითა და ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების სტილით იკვებებოდა, ამიტომაცაა რომ ფილმში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუსიკას და იმ რეალურ ისტორიულ გარემოს, რომელშიც რეჟისორმა აშუღის ცხოვრება გადაიღო.  ეს ცხოვრება ფარაჯანოვმა რამდენიმე ქრონოლოგიურ ნაწილად დაყო. მაყურებელი ხედავს,  როგორ იზრდება საიათნოვა, როგორ უყვარდება, როგორ ხდება ახალგაზრდა პოეტი, შემდეგ ბერი და ბოლოს როგორ კვდება, ყველა ეს სურათი კი მის პოეზიაზე დაფუძნებულ ფარაჯანოვის სიურრეალისტურ ხედვას წარმოადგენს, რომელიც ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე დაცლილია დიალოგისგან, მაგრამ სავსეა ვიზუალური მეტაფორებითა და ფარაჯანოვის მიერვე შექმნილი დეკორაციით, კოსტიუმებითა და ქორეოგრაფიით, რომლებიც ფილმში ნებისმიერ სიტყვაზე მეტყველია. ისეთივე მეტყველი, როგორც სოფიკო ჭიაურელის სპარსული მინიატიურებით შთაგონებული ექვსივე პერსონაჟის ვიზუალი და მათ მიერ განსახიერებული დაუვიწყარი სიურრეალისტური რიტუალები.



 "ცოცხალი ვიქნები თუ მკვდარი, ჩემი სიმღერა ადამიანებს გააღვიძებს, დავტოვებ ამ სამყაროს, მაგრამ ჩემი ნაწილი სამუდამოდ დარჩება მასში",  - ამბობს საიათნოვა სიცოცხლის ბოლოს და ეს სიტყვები ძალიან ჰგავს მასაც, ვინც ისინი როგორც ვერასდროს ვერავინ, ისე გამოსახა თავის ვიზუალურ მეტაფორებში. ფარაჯანოვის სახელი "ბროწეულისფერით" სამუდამოდ დარჩა მსოფლიო კულტურის მეხსიერებაში და განსაკუთრებით ქართულ კულტურაში, რომელიც მას მშობლიურად მიაჩნდა. სამწუხაროდ, აქ დღემდე არ არსებობს მუზეუმი, რომელშიც ფარაჯანოვის თბილისში ცხოვრების წლები იქნება შემონახული, თუმცა ხელოვნების სასახლის მიერ 2013 წელს მოწყობილმა "ბროწეულისფერმა გამოფენამ" და აქ წარმოდგენილმა ნივთებმა, კოლაჟებმა, სცენარებმა, კოსტიუმებმა და უნიკალურმა ფოტომასალამ დაადასტურა, რომ ფარაჯანოვის განუმეორებელი ესთეტიკა ღრმადაა დაკავშირებული ქართულ კულტურასთან, რომელსაც ფარაჯანოვის სახით  თანამედროვე დასავლურ ხელოვნებასთან ძალიან მჭიდრო დამაკავშირებელი ძალა ჰყავს.