Normal People ირლანდიური მინისერიალია, რომელიც პოლ მესკალის და დეიზი ედგარ-ჯონსის პერსონაჟების, კონელის და მარიანის ჩახლართულ რომანტიკულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. 

სერიალში ძალიან კარგად არის ნაჩვენები, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტრავმას ორი ადამიანის ურთიერთობაზე, რომელიც უფრო და უფრო მძიმე ტვირთად იქცევა, როცა ის უგულებელყოფილია. თავიდან კონელი მარიანისადმი თავის გრძნობებს არ ასაჯაროებს - შიშობს, რომ მისი სამეგობრო წრე ამით უკმაყოფილო იქნება, რადგან მარიანი გარიყულია და ხშირად არის დაცინვის ობიექტი. სკოლაში კონელი მარიენს საერთოდ არ ამჩნევს, თუმცა განმარტოებისას ძალიან მოსიყვარულეა და მიუხედავად იმისა, რომ მარიენი ამბობს, რომ კონელის სურვილი, მათი ურთიერთობა საიდუმლო იყოს, მას არ აწუხებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ პერსონაჟებს შორის სულ რაღაცნაირი უხერხულობა და დაძაბულობაა, რაც სერიალის კინემატოგრაფიით კარგად არის გადმოცემული. როცა მარიენი და კონელი ერთად არიან, ხშირად ერთმანეთს არ უყურებენ, გრძნობების ღიად გამოხატვის დროსაც. 


მათი ურთიერთობა მნიშვნელოვნად იცვლება კოლეჯში, სადაც სკოლის სოციალური წნეხი არ არსებობს და კონელი მარიენის სამეგობრო წრეს უახლოვდება. თუმცა ამჯერად გარიყულად თავს კონელი გრძნობს, მარიენი კი პირიქით, მეგობრების წრეში საკმაოდ პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად არის, კონელის და მარიენის ურთიერთობა კიდევ ერთხელ იძაბება, მას შემდეგ რაც კონელი სამსახურს კარგავს და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება უწევს, თუმცა მარიენს ამის შესახებ არ ეუბნება. 

სერიალში მოქმედებები სხვადასხვა ქალაქში ვითარდება, რაც კონელის და მარიენის ურთიერთობების განსხვავებულ ეტაპებს ასახავს. სასიყვარულო ისტორია ირლანდიაში, ქალაქ სილგოში იწყება. სერიალის შესანიშნავი კინემატოგრაფია ნაწილობრივ სწორედ სილგოს ადგილებით არის განპირობებული. კონელი და მარიენი ხშირად სტუმრობენ ბალახით დაფარულ სტრიდგას სანაპიროს, რომელიც სილგოს ჩრდილოეთით მდებარეობს. 

მარიენის და კონელის ურთიერთობა დუბლინის ტრინიტის კოლეჯში გრძელდება. მარიენი ქალაქის მდიდრულ უბანში, კოლეჯთან ახლოს ცხოვრობს და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ აქ ატარებს, ხოლო კონელი ძირითადად პატარა სახლში ან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გვხვდება. 

Normal People-ის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იტალიაშია, როცა კონელი მარიენს მისი ოჯახის კუთვნილ ვილაში სტუმრობს. მარიენის იტალიური ვილა რეალური ადგილია, კერძოდ კი სანტ ორესტეს სოფელში მდებარე Tenuta di Veranzo Il Casale. აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ არის გადაღებული ელიზაბეთ გილბერტის - Eat, Pray, Love ჯულია რობერტსის მონაწილეობით. 

სერიალის ბოლო ეპიზოდებში მარიენი ერასმუსის პროგრამით შვედეთში, ქალაქ ლულეოში მიდის, რომელიც ფინეთის საზღვართან მდებარეობს და დიდთოვლობით გამოირჩევა. თოვლში ჩაძირული ქალაქი, ცივი ოთახები და გაყინული ბალტიის ზღვა მარიენის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იდეალურად აღწერს. 

Normal People თითქმის მთლიანად ორ, მრავალი ნაკლის მქონე ადამიანზეა და ძალიან კარგად ასახავს, როგორი რთულია ხანდახან გულწრფელობა ურთიერთობაში, ისევე როგორც სიახლოვის პარადოქსულობას, რაც ძალიან კარგად არის გამოხატული შთამბეჭდავი კინემატოგრაფიით. სერიალის მთავარი თემატიკის შეჯამება ჰაიდეგერის “ზღარბების დილემით” შეიძლება: ზამთარში, სითბოს ძიების მიზნით ზღარბები, პინგვინების მსგავსად, ერთად ჯგუფდებიან, თუმცა მათი სიახლოვე ყოველთვის მტკივნეულია, რადგან ერთმანეთს ჩხვლეტენ.