ავსტრიაში 50-იან წლებში აშენებული სახლის რესტავრაცია ტომ ბარლეტის და მისი სტუდიის, Waldo Works-ის უახლესი პროექტია. ბარლეტმა Waldo Works 2000 წელს დააფუძნა და მას შემდეგ არქიტექტორების და მშენებლების გუნდი მსოფლიოში  სხვადასხვა მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ. 

“სახლის მფლობელმა ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ საპირფარეშოებში წყლის გაყვანილობის პრობლემა ჰქონდათ და დახმარება მთხოვა, - იხსენებს ბარლეტი პროექტზე საუბრისას. - ჩვენი თავგადასავალი სწორედ ასე დაიწყო”. ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბარლეტმა და მისმა გუნდმა რამდენიმე ოთახის რესტავრაციაც გააკეთეს, თუმცა მოგვიანებით Waldo Works-მა მთლიანი სახლი გარდაქმნა, რასაც 7 წელი დასჭირდა. 

ინგლისელი არქიტექტორის თქმით, ეს სახლი ტიპოლოგიურად ძველ ბრიტანულ საზაფხულო აგარაკს წააგავს, სადაც მხოლოდ რამდენიმე კვირა ისვენებენ ხოლმე. მისი თქმით, მსგავსი ბრიტანული სტილის სააგარაკე შენობა ევროპაში იშვიათია და ოჯახები იქ ნადირობის სეზონისას დამხმარე პერსონალთან ერთად რჩებიან ხოლმე. 

Architectural Digest-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბარლეტმა აღნიშნა, რომ სახლს რესტავრაცია ბოლოს 1970 წელს ნიუიორკელმა არქიტექტორმა, ვალერიან სტუქს რაიბარმა ჩაუტარა, რომელსაც თავის დროზე “ყველაზე ძვირადღირებულ ინტერიერის დიზაინერს” ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რაიბარის ხედვა შთამბეჭდავია, ბარლეტის თქმით, სახლის ინტერიერი საკმაოდ მოძველებული იყო. “მაგალითდ, შევნიშნეთ, რომ ზოგ ოთახში, ხის პანელებში ხვრელები იყო ამოჭრილი და დიდხანს ვერ ვხვდებოდით რატომ. ბოლოს გავაცნობიერეთ, რომ ისინი დინამიკებისთვის იყო განკუთვნილი”. 

სრული რენოვაციის მიუხედავად, ბარლეტის გუნდმა სახლის მთავარი ღირსშესანიშნაობები უცვლელად დატოვა. არქიტექტორის თქმით, მისი სტუდია ყოველთვის ცდილობს შენობის ისტორიის და იდენტობის შენარჩუნებას, რაც ხშირად ერთგვარი თავსატეხია ხოლმე. “პროექტის დასრულებისას ოფისში ყველა რაღაცნაირად დავსევდიანდით. გვინდოდა, რომ სამუშაოები გაგრძელებულიყო”. 


ფოტო: Elijah Hasos