შინეიდ ო’კონორი, ლეგენდარული ირლანდიელი მომღერალი, ცოტა ხნის წინ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკალური კარიერის განმავლობაში ო’კონორმა 10 სტუდიო ალბომი გამოსცა, რომელთაგან უკანასკნელი - I’m not Bossy, I’m the Boss 2014 წელს გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ო’კონორის გარკვეული პოლიტიკური განცხადებები ხშირად საჯარო კრიტიკის საგანი იყო, რომელთა გამოც მუსიკოსის არაერთი პროექტი და ლაივ შესრულება გაუქმებულა, მისი ინოვაციური მუსიკა და ფემინისტური სენტიმენტების მქონე ტექსტები 90-იანებში ძალიან გავლენიანი აღმოჩნდა, განსაკუთრებით პოპულარული სინგლის, Nothing Compares 2 U-ის გამოსვლა, რომელიც Billboard-ის ჩარტებზე მალევე 90-იანების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა.
ო’კონორი სიმღერებში მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას ბავშვების, ქალების და ზოგადად, ადამიანების უფლებების დარღვევებზე, ისევე როგორც მუსიკალურ ინდუსტრიაში გაბატონებულ სექსიზმზე. ო’კონორის პერფორმანსი 1992 წლის SNL-ზე, როდესაც მან იმდროინდელი რომის პაპის ფოტო გადახია, მასშტაბური კრიტიკის საგანი გახდა.
ო’კონორის ვოკალური წინააღმდეგობა ძალადობისადმი და განსაკუთრებული აქცენტი ბავშვთა უფლებებზე დიდწილად მისი პერსონალური ისტორიით არის შთაგონებული. 2021 წლის მემუარებში - “Rememberings” ო’კონორი იხსენებს, რომ დედამისი მუდმივად სცემდა, რის გამოც 13 წლის ასაკში ის მამამისთან გადავიდა საცხოვრებლად.
კრიტიკის მიუხედავად, სინეად ო’კონორს ბევრი მხარდამჭერიც ჰყავდა როგორც მუსიკალურ ინდუსტრიაში, ისე ზოგადად, არტისტების წრეებში და პოპულარულ კულტურაში, რაც ნაწილობრივ მომღერლის უპირობო გულწრფელობით იყო განპირობებული. 1993 წელს The Irish Times-ში გამოქვეყნებულ წერილში ო’კონორმა ღიად მიმართა საზოგადოებას: “თუ რამენაირად ჩემი მშობლების ხმებს მოვერევი და თვითშეფასებას ავიმაღლებ, მერე მართლა შევძლებ სიმღერას”. ო’კონორი ღიად საუბრობდა საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზეც, კერძოდ კი ბიპოლარულ აშლილობაზე, რის გამოც თავდაპირველად მომღერალს საჯაროდ ხშირად დასცინოდნენ, როცა მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი ჯერ კიდევ მეტწილად ტაბუდადებული იყო.
ო’კონორმა დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ მუსიკაზე, არამედ “გრანჟის” გლობალურ კულტურაზე, რომელმაც ადრეულ 90-იანებში პიკს მიაღწია. მისი ჩაცმულობა ხშირად არღვევდა გენდერულ ნორმებს და კონვენციებს, რამაც მუსიკალური ინდუსტრიის პანკ ესთეტიკის აღორძინებაში შეიტანა წვლილი. 1994 წელს ო’კონორი John Rocha-ს ჩვენებაშიც მონაწილეობდა.
ო’კონორის ჩაცმულობა ხშირად აერთიანებდა “კლასიკურ” და “პანკ” ელემენტს, რაც მის სტილს უნიკალურობას მატებდა და რის გამოც მისი მუსიკის და პერფორმანსების ესთეტიკა დღემდე რელევანტურია.
მიუხედავად იმისა, რომ ო’კონორს ძალიან საინტერესო დისკოგრაფია აქვს და არაერთ საინტერესო მუსიკალურ პროექტში მიუღია მონაწილეობა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი ნაკლებად ცნობილი ვოკალური შესრულებები Pink Floyd-ის წევრის, რიჩარდ რაითის სოლო ალბომზე - Broken China, რომელიც დიდწილად დეპრესიას და მენტალურ ჯანმრთელობას ეხება, საკითხებს, რომლებზეც ო’კონორი ყოველთვის ღიად საუბრობდა.
დაწერე კომენტარი