ჯეინ ბირკინი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ვარსკვლავად რჩება. მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა მოდელმა და მსახიობმა მომღერალი და ბევრი საოცარი სიმღერის ავტორი სერჟ გინსბურგი გაიცნო, ხოლო შემდეგში მათ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს, ბირკინი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც მუსიკალური კარიერა დაიწყო. მისი მუსიკალურობის, სამსახიობო ნიჭისა და სილამაზის გარდა, ბირკინს საოცარი სტილის შეგრძნება ჰქონდა, რითაც თაყვანისმცემლებს კიდევ უფრო დაამახსოვრა თავი. ჯეინის გარდერობში მხოლოდ გამომწვევი ან უბრალო ყოველდღიური ტანსაცმელი როდი იყო, მას ყველაფრის მოხდენა შეეძლო და უბრალო ჯინსსა და თეთრ მაისურსაც ისე ატარებდა, თითქოს მის მსგავსად სხვას არავის არ შეეძლო. სწორედ ამიტომ Hammock მის ყველაზე დამამახსოვრებელ 7 ლუქს წარმოგიდგენთ.
ბირკინი და თავისი ხის დაწნული კალათა, 1970 წელი
შეუძლებელია ჯეინ ბირკინის ლუქებზე საუბარი მისი “ცნობილი” კალათის გარეშე, რომელიც ყველგან თან დაჰქონდა. ერთ-ერთი ინტერვიუში მან ფრანგულ “ვოგს” უთხრა, რომ ის (კალათა) მას არასდროს ტოვებდა. ეს გამორჩეული და საყვარელი ნივთი ბირკინმა 60-იან წლებში ლონდონში იყიდა და მას შემდეგ ყველგან თან ატარებდა - იქნებოდა ეს უბრალოდ საყიდლები, სერჟესთან ერთად სასეირნოდ გასვლა თუ კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა. სამწუხაროდ, კალათის ბედი ცუდად დასრულდა, ჯეინის ქმარმა მას განზრახ გადაუარა მანქანით. თუმცა არცთუ ისე დიდი ხნის წინ თანამედროვე დიზაინერმა Jacquemus-მა ის თავის კოლექციებში გააცოცხლა.
“სლოგანის” პრემიერა, 1969 წელი
დიდი ხნით ადრე, სანამ ქერი ბრედშოუ DNKY-ის კაბას ჩაიცვამდა, სანამ კენდალ ჯენერი La Perla-ში გამოჩნდებოდა და შერი 1974 წელს მეთ გალაზე წავიდოდა, ჯეინ ბირკინმა თავისი ცნობილი „შიშველი კაბა“ ჩაიცვა. „სლოგანის“ პრემიერაზე მომღერალი საკმაოდ პროვოკაციული ლუქით გამოცხადდა, ხოლო შემდეგ “ვოგთან” ინტერვიუში მან თქვა: „რომ მცოდნოდა, კაბა ასეთი გამჭირვალე იყო, მის შიგნით საერთოდ არაფერს არ ჩავიცვამდი“.
The Artists Union Gala პარიზში, 1969
ჯეინი არ უშინდებოდა სიახლეებს, პირიქით, მას მოსწონდა ტანსაცმლისა და აქსესუარების ერთიანობა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, უყვარდა ტანსაცმლის თავისი გემოვნებით გადაკეთება. 1969 წელს პარიზში, The Artists Union Gala-ზე, მას ნაქარგებიანი კაბა იატაკზე დასთრევდა, უკუღმა ეცვა და ჭიპთან გულსაბნევით ჰქონდა დამაგრებული. 1974 წლის კანის ფესტივალზე კი ღია ვარდისფერ ხავერდის კაბას თავისი უსაყვარლესი კალათა შეუხამა, ხოლო ერთ დღეს სერჟესთან ერთად ღამის კლუბში ასევე ძალიან გრძელი და საზეიმო YSL-ს კაბით მივიდა.
პაკო რაბანი, 1972 წელი
როცა პაკო რაბანს უტაქტობას აბრალებდნენ თავისი ავანგარდული და ჩასაცმელად თითქმის წარმოუდგენელი, მეტალის დისკებისგან შემდგარი კაბისთვის, არაორდინარულმა დიზაინერმა მუზა არანაკლებ ექცენტრიკულ ჯეინში იპოვა. ბირკინის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტოც სწორედ ამ კაბაში, სერჟსთან ცეკვის დროსაა გადაღებული. დიზაინერმა სპეციალურად მისთვის კიდევ უფრო მოკლე კაბა შექმნა, როგორც ჯეინი ამბობს, 10 ინჩით დამოკლება მოუწიათ, რათა მისი საცვალი გამოჩენილიყო.
ჯეინის და სერჟის პარიზის სახლში,1973
ჯეინის მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო, როდესაც მან სერჟთან, მის მომავალ მეუღლესთან ერთად პირველი დუეტი ჩაწერა, სახელწოდებით „Je t’aime… moi non plus“. ამ სინგლს პროვოკაციულს ვერ ვუწოდებთ, ის ამაზე ბევრად მეტი იყო. სექსუალური შინაარსის გამო ის ბევრ ევროპულ ქვეყანაში დაბლოკეს, თუმცა ინგლისში პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა. პარიზში გადასვლის შემდეგ ჯეინმა გადაწყვიტა მუსიკალურ კარიერაზე უფრო მეტი დრო დაეხარჯა, , ვიდრე სამსახიობოზე. ეს სურათი მისი და სერჟის სახლშია გადაღებული, პარიზში, სადაც მათ თავიანთი სტუდია ჰქონდათ მოწყობილი. ფოტო მისი პირველი სოლოალბომის გამოსვლამდეა გადაღებული, ბირკინს თეთრი პერანგი, მოკლე ჯინსის შორტები, შავი გრძელი წინდები და დახვეწილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აცვია.
გამოსვლა პარიზში, 1987 წელი
მიუხედავად იმისა, რომ ჯეინის ბევრი ყველაზე ცნობილი ლუქი 60-70-იანებიდანაა, მას შემდგომშიც გამორჩეული სტილი ჰქონდა და აქვს. მისი ჩაცმულობა 80-90-იანებსა და კიდევ უფრო გვიანდელი პერიოდშიც ძალიან გამორჩეული და გასაოცარია. ფრანგული “ვოგის” ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: „40 წლისამ გავაანალიზე, რომ ამ დროს ყველაზე საინტერესო ვიყავი. თმის მოკლედ ტარება დავიწყე, მეცვა კაცის დიდი პერანგები და მაისურები, დიდი შარვლები, მეკეთა ტყავის თხელი წითელი ქამრები და უთასმებო კედები მეცვა“. სურათში სწორედ ის ლუქია წარმოდგენილი, რომელიც ჯეინმა ინტერვიუში ახსენა.
Hermès-ის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება, 2000 წელი
ლეგენდის მიხედვით Hermès-ის „ბირკინის ჩანთის“ იდეა ჟან-ლუი დიუმას და ჯეინის საუბრის შემდეგ გაჩნდა. პარიზი-ლონდონის რეისზე ჯეინი დიუმას გვერდზე იჯდა და როგორც კი თავისი ტყავის ჩანთის ზედა თაროზე შედება სცადა, ჩანთიდან მისი პირადი ნივთები გადმოცვივდა. მან დიზაინერს უთხრა, რომ მისთვის სასურველი ტყავის ჩანთის პოვნა ძალიან რთული იყო, ხოლო დიუმამ მას პერსონალური ჩანთის დამზადება შესთავაზა და თვითმფრინავის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩანთის უკანა მხარეს ჩანახატიც გაუკეთა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მდიდრული პროდუქტი იყო. ჯეინი კი Hermès-ის ჩვენებაზე გამოსასვლელად მიიპატიჟეს, სადაც ის დიდი თეთრი მაისურით, ღრმა, V ასოს მსგავსად ამოჭრილი საყელოიანი სვიტერითა და მარტინ მარჯიელას მიერ შექმნილი შარვლით გამოვიდა.
დაწერე კომენტარი