29 ოქტომბრის ჩათვლით ე. ა. საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელს შვიდი თანამედროვე ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი ნამუშევრების ჯგუფურ გამოფენაზე - „მხატვრობა კედლის მხატვრობის შემდეგ“ - უმასპინძლა, რომლის ფუნდამენტი, სახელდების თანახმად, შუა საუკუნეების ფერწერაა, თანამედროვეობაში მივიწყებული და განყენებული - საქართველოში კედლის მხატვრობის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ და მისი ნიმუშების ხილვის ყოველდღიურმა შესაძლებლობამ, დღევანდელობაში თითქოს დაუკარგა მას აქტუალობა, გააფერმკრთალა რა მისი შთამბეჭდაობა. მიმდინარე გამოფენა კი ერთგვარი გადააზრებაა ამ ტრადიციისა, სადაც თვალსაჩინოა, თუ როგორ შეიძლება ითარგმნოს მონუმენტური მხატვრობა დაზგურად.
ლევან ჭოღოშვილი, მარიანა ჭყონია, ნინა კინწურაშვილი, მარიამ ინაშვილი, შოთა აფციაური, სოფო კობიძე, სალომე დუმბაძე - გამოფენაზე წარმოდგენილ ამ ხელოვანებს შორის კავშირი შეიძლება, ვერ შენიშნოს მკითხველმა, თუმცა უთუოდ დაინახავს დამთვალიერებელი, რომ ერთმანეთის თანამედროვე, თუმცა განსხვავებული ასაკისა და სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ხელოვანებს ის კულტურული სივრცე აერთიანებთ, რომელშიც აღიზარდნენ - ქართული შუა საუკუნეების მხატვრულმა ტრადიციამ, იქნებოდა ეს ფრესკული მხატვრობა, ხუროთმოძღვრება თუ გამოყენებითი ხელოვნება, ნებსით თუ უნებლიეთ, განსაზღვრა მათი შემოქმედება და გამოფენის ფარგლებში მათი გადაკვეთაც.
გამოფენის კონცეფციის აღსაქმელად ერთგვარი წინასიტყვაობაა მის სახედ ქცეული „ხარება“ (ლევან ჭოღოშვილი, 1985 წ.) - ის სიმბოლურად ძველიდან ახლისაკენ მიუძღვის მნახველს - შუა საუკუნეებისა და ავანგარდული ხელოვნების ერთობა ამ კლასიცისტური სტილის თბილისური სახლის ინტერიერშია თავმოყრილი. აქ ლევან ჭოღოშვილის ბიბლიური პასაჟიდან მარიამ ინაშვილის აბსტრაქციამდე, პირდაპირი მნიშვნელობით, ერთი ნაბიჯია. იქვე კი, „ხარებას“ კედლის მეორე მხრიდან გარეჯის მონასტრებში შექმნილი მრავალრიცხოვანი ფრესკული ანსამბლებიდან ერთ-ერთის რეფერენსი - ნინა კინწურაშვილის „აღმოსავლეთ კედელი“ მოჰყვება - ზომიერად მონუმენტური ორნაწილიანი კომპოზიცია, რომელიც გარდა იმისა, რომ ნაზავია უკვე ნახსენები შუა საუკუნეების, აბსტრაქციონიზმისა და ცალსახად - სიმბოლიზმისაც, პირველ რიგში, სინამდვილის ასახვაა - ქართული საბჭოთა სინამდვილის, საბჭოთა პოლიტიკის, საბჭოთა ათეიზმისა თუ ადამიანის მავნებლობის - რომელიც გნებავთ, სახელდებას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ავტორისეული ესთეტიკით გადმოცემული კულტურულ მემკვიდრეობად ქცეული ვანდალიზმის ასლია - ვანდალიზმის, რომელიც საბჭოთა მმართველობის დროს, ქრისტიანულ ძეგლებთან მიმართებით, განსაკუთრებით წახალისდა.
დასასრულს კი, სოფო კობიძის, სალომე დუმბაძისა და შოთა აფციაურის აბსტრაქციების შემდგომ, მარიანა ჭყონიას დახვეწილი, ფაქიზი და მრავალფენიანი ნამუშევარი - გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში - მცირე ზომის მართკუთხედში ჩატეული ქართული თუ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობა, ბოლო აკორდია გამოფენის ერთიანი ხასიათისა, რომლის ფერთა გამაშიც ლაჟვარდოვან-ზურმუხტისფერის დომინირება შეიძლება, ფსიქო-კულტურული გარემოსაგან ნასაზრდოები გემოვნების გამოვლინება იყოს.
დაწერე კომენტარი