ვიდრე 1854 წელს ლეგენდარული მოდის სახლი Louis Vuitton გაჩნდებოდა, იქამდე თავად ლუი ვიტონმა 17 წელი ჩემოდნის დამზადების ხელოვნების შესწავლასა და დაოსტატებას დაუთმო და სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ლეგენდარული, ბრენდის თითქმის 170 წლის შემდეგაც კი კულტად ქცეული ჩემოდანი, რომელიც დღეს თანამედროვე Louis Vuitton-ისა და მდიდრული ვოიაჟის სიმბოლოდ ითვლება.
Louis Vuitton-მა პარიზში, Rue Neuve des Capucines-ს ქუჩაზე თავისი პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ ძალიან მალე შეძლო საფრანგეთის ელიტურ საზოგადოებაში ინტერესისა და სანდო რეპუტაციის მოპოვება. ბრენდის პირველი მომხმარებლები პარიზის მაღალი საზოგადოების ისეთი წევრები იყვნენ, როგორიც, მაგალითად, თავად საფრანგეთის იმპერატრიცა - ეუხენია დე მონტიხო იყო. ლუი ვიტონის ოსტატობით მოხიბლული პარიზის მდიდრული საზოგადოება ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მეტად ხდებოდა ახლად დაარსებული ბრენდის მომხმარებელი. ამგვარი საზოგადოების ჭარბმა მოთხოვნამ კი Louis Vuitton-ის ისეთი განთქმული ნიმუშის შექმნა განსაზღვრა, როგორიც ლეგენდარული მართკუთხა ჩემოდანია.
საფრანგეთის ელიტური საზოგადოება ძალიან ხშირად მოგზაურობდა, სწორედ ამიტომ ლუი ვიტონმა ბრტყელი, მართკუთხა ჩემოდნის დამზადება გადაწყვიტა, რომელიც გემბანზე თუ სარკინიგზო ვაგონის საბარგულში მოხერხებულად განთავსდებოდა. იმ დროს გავრცელებული გუმბათოვანი დიზაინის მქონე ჩემოდნებისაგან განსხვავებით, რომლებიც არაკომფორტულ ვიზუალთან ერთად საკმაოდ მძიმეც იყო, ვიტონის მიერ შექმნილი სამგზავრო ჩემოდანი ე.წ. Trianon-ის მასალით იყო დაფარული, რაც ნივთს ზედმეტ წონას არ მატებდა და დაზიანებისაგანაც იცავდა. თავდაპირველად, ჩემოდანი ნაცრისფერ ფერში შეიქმნა, თუმცა კონკურენტი სამკერვალოების მხრიდან იდენტური დიზაინის გამოყენებამ მისი შეცვლა განაპირობა. 1896 წელს კი დღეს ყველასათვის კარგად ნაცნობი მონოგრამის დიზაინით შეიქმნა.
საკულტო მონოგრამის დიზაინი გასტონ ლუი ვიტონის ვაჟს, ჟორჟ ვიტონს ეკუთვნის, რომელმაც ეს დიზაინი მამის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ მისთვის პატივის მისაგებად შექმნა. კრემისფერი და ყავისფერი კუბების მონაცვლეობით დამზადებული ჩემოდნის ზედაპირი Louis Vuitton-ის ინიციალებს, ყვავილებსა და ვარსკვლავებს მოიცავდა, დიზაინის სირთულე კი პლაგიატის რისკსა და სიხშირეს ამცირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დიზაინი მომხმარებლებმა რთულად მიიღეს, ძალიან მალე, 1910-იანი წლების დასაწყისში, მონოგრამის დიზაინით შექმნილი ჩემოდანი ელიტური მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემოდნის შექმნის პირველივე დღიდან მისი მთავარი დანიშნულება მდიდარი მოგზაურებისათვის საქმის გამარტივება და მსუბუქი, ელეგანტური სამგზავრო ჩანთის შექმნა იყო, ნელ-ნელა ჩანთამ ხელოვნების სფეროშიც შეაღწია და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა. სანამ მისი დიზაინის შექმნაზე ისეთი ცნობილი მხატვარი იმუშავებდა, როგორიც ტაკაში მურაკამია, ჯერ კიდევ 1926 წელს მოდის სახლმა ფრანგი გალერისტის, რენე გიმპელისათვის სპეციალური ჩემოდანი შექმნა, რომლითაც იგი ნახატების გადატანას უსაფრთხოდ შეძლებდა. ბრენდმა გასული საუკუნის ტრადიცია კიდევ ერთხელ, 2018 წელს გაიმეორა, როდესაც ლეგენდარული დანიელი მხატვრის, იან ვერმეერის ნახატი - “მერძევე” ამსტერდამიდან ტოკიოში გადაიტანეს. ამასთან, თითქმის მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში - 1910 წლიდან 1980 წლამდე - ბრენდი ჩემოდნის მცირე ზომის ვარიანტს არა გასაყიდად, არამედ ლოიალური მომხმარებლებისათვის სასაჩუქრედ აწარმოებდა. ჟორჟ და გასტონ ლუი ვიტონების მიერ შემუშავებული ტრადიციის თანახმად, მოდის სახლის ერთგულ მომხმარებლებს მცირე ზომის მონოგრამით დაფარული ჩემოდნით ყვავილების თაიგულს უგზავნიდნენ. შემდეგ კი ამ ჩემოდნის გამოყენება სამკაულებისა და სიგარების შესანახად შეეძლოთ. 170-წლიანი ისტორიის განმავლობაში ბრენდის სავიზიტო ბარათად და სიმბოლოდ ქცეული ჩემოდანი არაერთ ლეგენდარულ არტისტთან, მათ შორის - ტაკაში მურაკამისა და იაიოი კუსამასთან, კოლაბორაციას ითვლის. გარდა ამისა, იგი ბოლო წლებში თანამედროვე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების სიმბოლოდაც იქცა, რადგან ამ ტურნირების ტრიუმფალური თასები სწორედ მასში ინახება. მისი უკვდავი წარმატების მთავარი მიზეზი კი, წარსულ ისტორიასთან ერთად, სწორედ ეს არის - არასდროს იცი, რა საგანძურს იპოვი მასში.
ფოტო: Vogue, Harper’s Bazaar, Another Magazine
დაწერე კომენტარი