menu close search
ხელოვნება

ვერა ფაღავას ნამუშევრებით შთაგონებული ნივთები თიბისი კონცეპტის კოლექციაში

20 ნოემბერი, 2023

დეა კოლოტაური

2024 წლის 30 მარტის ჩათვლით თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცე მე-20 საუკუნეში საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა “მდუმარე ქალაქები” ვერა ფაღავას შემოქმედების მთავარ თანმდევ მოტივს, სიჩუმეს ეხმიანება და აქამდე კარგად ნაცნობ ნამუშევრებთან ერთად, საჯაროდ პირველად გამოფენილ საზოგადოებისათვის უცნობ ნახატებსაც მასპინძლობს. მხატვრის აბსტრაქტულ, ფიგურულ და ქალაქების არქიტექტურულ თემაზე შექმნილი მასალები თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში კერძო თუ საჯარო კოლექციებიდან არის წარმოდგენილი. 

მულტიფუნქციურ სივრცეში მისულ სტუმრებს გამოფენაზე წარმოდგენილი ვერა ფაღავას ნამუშევრების შთაგონებით  შექმნილი ნივთების: ჩანთების, პოსტქარდების, სანიშნეების, ბლოკნოტებისა და პოსტერების შეძენაც შეეძლებათ. გამოფენაზე წარმოდგენილ ნივთებს შორის გამორჩეულია მინის ალზე დამუშავების ტექნიკით შექმნილი ქართული ბრენდის, Meena-ს ბეჭდები. 

სალომე ახალაძე, Meena-ს დამფუძნებელი: “სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა Meena, სადაც მინის ალზე დამუშავების ტექნიკით ვამზადებთ სამკაულებს. მინა დამყოლი მასალაა, რომელიც ფერის ფართო სპექტრით და ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით დიდ შესაძლებლობას და შემოქმედებით თავისუფლებას გაძლევს.

CR5_7659 CR5_7667 CR5_7677 CR5_7683

როდესაც გამოფენა "მდუმარე ქალაქების" ფარგლებში შემოგვთავაზეს თანამშრომლობა, დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის ის, რომ მინის სამკაულით აგვესახა ვერა ფაღავას შემოქმედება და თან ინდივიდუალური ხედვა შეგვენარჩუნებინა. ძალიან საინტერესო იყოს ძიების პროცესი. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ მთავარი ხაზი, რასაც უნდა გავყოლოდით, ვერა ფაღავას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ფერი იყო. შესაბამისად, მისი პასტელური, აკვარელის მსუბუქი ტონები ავირჩიეთ მინის სამკაულისთვის. 

ასევე,  რამდენიმე ბეჭდის როგორც ფერი, ასევე ფორმა კარგად მოერგო ვერა ფაღავას ნამუშევრების ვარდისფერი და ცისფერი ვარიაციების ხასიათს.”

დამთვალიერებლებს Museum Shop-ში ნივთების მრავალფეროვანი არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად დახვდებათ. Meena-ს ნაკეთობების ღირებულება 140 ლარი იქნება. ჩანთების შეძენა 70 ლარად, ბლოკნოტების 25 ლარად, სხვადასხვა ზომის პოსტქარდების 5-7 ლარად, სანიშნეებისა და პოსტერების შეძენა 3-5 ლარად და ჩარჩოში ჩასმული ნამუშევრების რეპროდუქციების შეძენა 80 ლარად იქნება შესაძლებელი. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის კი კოლექციაზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. 


თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ვიზიტორებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00-მდე მასპინძლობს.


გამოქვეყნების თარიღი:

20 ნოემბერი, 2023

შეიძლება დაგაინტერესოს...

დაწერე კომენტარი