ვერაზე, გიორგი ახვლედიანის 12 ნომერში ცოტა ხნის წინ ქართული მოდის ბრენდის, Dalood-ის ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც მაღაზიასთან ერთად თავის გარემოში კაფეს კონცეფციასაც აერთიანებს და სრულიად ახალ, უნიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს, რომელიც არა მარტო შოპინგს, არამედ ავთენტურ თბილისურ გარემოში დასვენებას, სასიამოვნო მუსიკის მოსმენას და გემრიელი კერძების დაგემოვნებასაც მოიცავს. მაკა კვიციანის იდეა, რომ Dalood-ის სახლი უფრო მეტი გამხდარიყო, ვიდრე უბრალოდ სამოსის მაღაზია, დიზაინერმა ეკა პაპამაიკლმა ამ კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ინტერიერში შესაბამისი ესთეტიკით და ინტერიერის დიზაინის ნამუშევრებით გადმოთარგმნა, იმდენად, რომ საბოლოო ჯამში Dalood-ის ახალი სახლი სიძველის, უნიკალური თბილისური კულტურისა და თანამედროვეობის იდეალურ კომბინაციას წარმოადგენს.
მაკა, მოგვიყევით, საიდან გაჩნდა იდეა და რატომ გახდა საჭირო, რომ Dalood-ს ახალ სახლში გადაენაცვლა?
შეგვეძლო არსებულ მაღაზიაში დავრჩენილიყავით, თუმცა Dalood-ის ბრენდი უკვე გაიზარდა, ადგილობრივ ბაზარზეც დიდი მოთხოვნა გვაქვს და საერთაშორისო მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ფლეგშიფი სწორად წარმოადგინო, იმის მიხედვით, თუ საიდან ხარ და რა DNA აქვს ბრენდს. გვინდოდა შეგვექმნა არა უბრალოდ მაღაზია, არამედ სივრცე, რომელიც ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის ცხოვრების წესს გამოხატავდა და აუდიტორიაც ამ ყველაფრის ნაწილი გახდებოდა. მე თვითონ იმდენად ჩართული ვარ თითოეულ კლიენტთან ურთიერთობაში, რომ მაგალითად, როდესაც კაბას იცვამენ ჩვენთან, შეიძლება ფეხსაცმელიც შევურჩიო, სუნამოც ვურჩიო და ისიც ვუთხრა, სად, როგორ გარემოში მოირგონ ეს სამოსი. Dalood ის ადგილი არ არის, სადაც მხოლოდ ტანსაცმლის შეძენა შეგიძლია, ამიტომ მინდოდა ისეთი სივრცე შემექმნა, სადაც სტუმრობას შლეიფად ბევრი სხვა ტიპის გამოცდილებაც მოჰყვებოდა თან. ჩვენთან მოსული სტუმარი მუსიკასაც მოისმენს, შეძლებს ჭურჭელიც შეიძინოს, პარფიუმერიაც და კაფეში გემრიელი კერძებიც დააგემოვნოს. დღეს მოდის ინდუსტრიაში უკვე ამ ტიპის ტენდენციები არსებობს, აღარ გაკმაყოფილებს მხოლოდ სამოსი, გინდა, რომ მთელი შიდა პროცესის მონაწილე გახდე, ამიტომ მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენს ე.წ. Community-ის ვქმნით, რომლითაც მხარს ვუჭერთ ქალებს. ყველა ქალი, რომელიც ჩვენთან ყიდულობს სამოსს, ამბობს, რომ გამორჩეულად ბევრ კომპლიმენტს იღებენ, როცა Dalood აცვიათ, ეს კი იმის შედეგია, რომ ჩვენ უბრალოდ სამოსს კი არ ვქმნით, ვფიქრობთ ქალზე და ზოგადად, დღევანდელ ქაოსზე, რომელშიც ვცხოვრობთ, სადაც ტანსაცმელზეც ვფიქრობთ, იმაზეც, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და უკეთესად ვგრძნობდეთ საკუთარ თავს.
როგორი აღმოაჩინეთ ეს სივრცე და როგორი იყო მისი Dalood-ის სახლად გადაკეთების პროცესი?
Dalood-ის პირველი მაღაზია კოსტავას ქუჩაზე იყო, მაშინ ბრენდს დედაჩემი ედგა სათავეში, როცა მე გადმოვიბარე, ვაკეში გადავედით, მაგრამ სულ გვქონდა ნოსტალგია იმ ძველი ადგილთან, რომელსაც თავისებური თბილისური ხიბლი აქვს. უკვე შერჩეული გვქონდა ადგილის, რომელსაც ვყიდულობდით, მაგრამ ჩემმა თანამშრომელმა, თათომ, შემთხვევით აღმოაჩინა ეს შენობა, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ კულტურული ძეგლი იყო. გვინდოდა, რომ ამ სივრცეში არსებული სიძველე და სილამაზე შეგვენარჩუნებინა - ექვსი თვის განმავლობაში ვასუფთავებდით კედლებს და საბოლოოდ აღმოვაჩინეთ ძველებური ჭერი, რომელიც ხელუხლებელი დავტოვეთ, უბრალოდ რეაბილიტაცია გავუკეთეთ და ამ პროცესში საკმაოდ გამოცდილი ჯგუფი მონაწილეობდა. შემდეგ უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ ვინ იქნებოდა დიზაინერი, თავიდან ვფიქრობდი, მე ხომ არ გამეკეთებინა, იმდენად ნათლად მქონდა წარმოდგენილი ყველაფერი... მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენი ტანდემი დიზაინერ ეკა პაპამაიკლთან შედგა, რომლის სახლიც ყოველთვის ძალიან მომწონდა და აქედან გამიჩნდა იდეა, რომ მასთან ერთად გვემუშავა. ზედმიწევნით დაემთხვა ჩვენი ხედვა - ეკამ ერთხელ თქვა, რომ “დალოოდი მისთვის იყო თბილისური ბინა, რომელიც სამოსლის ასარჩევად გეპატიჟება, შემდეგ კი სასტუმრო ოთახში სავახშმოდ ან ჩაიზე”. მაშინ მივხვდი, რომ იგი იზიარებდა ჩემს ხედვასა და ფასეულობებს და მასთან კოლაბორაცია ნაყოფიერი იქნებოდა. ერთობლივი მუშაობით შევძელით შენობის ისტორიული სახის შენარჩუნებასთან ერთად, მასში ახალი ელემენტების შეტანაც. ელემენტების, რომლებიც შენობის უძველეს ისტორიას კიდევ უფრო გაამდიდრებდნენ.
რა იყო მთავარი დავალება ინტერიერის დიზაინერისთვის?
გვინდოდა, რომ ძალიან ქართული ატმოსფერო შეგვექმნა, თუმცა ქართული არა ეთნო გაგებით. ზოგჯერ მგონია, რომ დაკარგული ვართ სხვადასხვა კულტურებში და შეგვიძლია, რომ სიძველის სწორად გამოყენებით სიახლეებიც დავამკვიდროთ და ძველი ავთენტური თბილისური სტილიც შევინარჩუნოთ, რომელიც არც კომუნისტურია, არც იმპერიალისტური და არც ეთნო. ამიტომ გვინდოდა, რომ მსგავსი ავთენტური გარემო შეგვექმნა და თბილისური კულტურაც თანამედროვე ფორმით გაგვეღვიძებინა. ამიტომაც, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ძველ კულტურულ ძეგლში გაგვეკეთებინა.
სივრცეში ბევრი საინტერესო და უნიკალური დიზაინ ობიექტი გაქვთ, მოგვიყევით მათი სელექციის შესახებაც.
ავეჯისა და ნივთების დიდი ნაწილი სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნა,
თუმცა ინტერიერის ნაწილად ვაქციეთ ინტერიერის დიზაინის ფასდაუდებელი ნიმუშებიც. მაგალითად, 50-იანი წლების კარადა და ორეული, რომელიც იტალიაში შეიქმნა და ჩვენთან თბილისური სივრცის ორგანულ ნაწილად იქცა. მე პირადად ძალიან მომწონს Carlo Nason-ის ჭაღი. მისი ნამუშევრები ყოველთვის მომწონდა და მიხარია, რომ აქ მოსულ ადამიანებს ის დახვდება და სივრცეს ის გაუნათებს. ასევე მინდა ვახსენო Charlotte Perriand-ის დიზაინით შექმნილი ხალიჩა. ეს ქალბატონი ჩემთვის ყოველთვის დიდი შთაგონების წყარო იყო და ვამაყობ, რომ მისი ხალიჩის სახით ამ გენიალური ადამიანის ნაწილი ჩვენს სივრცეშიცაა, როგორც ინსპირაციის წყარო და შეხსენება, რომ დისციპლინითა და შრომით ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან მომწონს შუშაბანდიც, რომელსაც ინტერიერში სიცოცხლე შემოაქვს და სადარბაზოს მოზაიკა, რომელიც ქართული ქვითაა შექმნილი და სტუმრებს პირველი სწორედ ის ეგებება. მის მსგავსად, ჩვენც ვეგებებით ყველას, ვინც ეძებს რაღაც ახალსა და ლამაზს, ყველას, ვინც ეძებს მშვიდ გარემოს შთაგონებისა და ფიქრისთვის, ვინც ახალი თავგადასავლებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების ძიებაშია.
Dalood-ის ახალი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კაფეა. მოგვიყევით, რა იყო თქვენი ჩანაფიქრი, როცა სამოსის მაღაზიაში გასტრონომიული მხარის შემოტანა გადაწყვიტეთ?
თავიდან ვაპირებდით, რომ უფრო მოკრძალებული პატარა კაფე გაგვეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ჩემი კულინარიული გამოცდილებაც გადმოგვეტანა ახალ სივრცეში, რადგან ჩემი ეს მხარე Dalood-ის ნაწილადაც მეჩვენება, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი ჩემი ამ მხარის აღმოჩენას და რაც მთავარია, ძალიან გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებს. კაფეში წარმოდგენილი გვაქვს თანამედროვე ევროპული სამზარეულო, ძირითადად ის კერძები, რასაც ქართულ რესტორნებში არ ვხვდებით ხოლმე. ვეცადე, რომ ყველა ქვეყნის სამზარეულოდან რაღაც ელემენტები აგვეღო და ამ ყველაფრის ერთობლიობა შეგვეთავაზებინა ჩვენი სტუმრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილისური გარემოა, ყველაფერი მაინც თანამედროვეა, მათ შორის საკვებიც - სუპერ ევროპული, თანამედროვე, მოცულობითი ულუფებით, ხარისხიანი და რაც მთავარია, გემრიელი.
გვირჩიეთ კერძები, რომელიც Dalood-ის კაფეში უნდა დავაგემოვნოთ...
მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ ორაგულის სევიჩეს მანგოთი და ავოკადოთი, ძირითადი კერძებიდან შევუკვეთდი ქათმის მილანეზას, რომელიც სიახლეა თბილისისთვის, ასევე ძალიან გემრიელია ფრანგული ხახვის სუპი. რაც შეეხება დესერტებს, ყველას ვურჩევ ანანასის რავიოლი და ტროპიკული მილფეი გასინჯონ.
რა ეტაპზეა თვითონ Dalood-ის ბრენდი დღეს, როგორ უპასუხებთ მოდის ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებს და რას გეგმავთ სამომავლოდ?
გვიხარია, რომ საერთაშორისო არენაზე უფრო და უფრო კარგი დინამიკა გვაქვს და ჩვენი მომხმარებელიც ყოველდღიურად იზრდება, აქტიურად შევდივართ ჩინეთის ბაზარზეც.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ ლოკაციაზე ახალი ბრენდინგით შევედით. სულ მალე ამოქმედდება ჩვენი ახალი საიტიც. პანდემიის შემდეგ კარგა ხანია, რაც საქართველოში ჩვენებები არ გვქონია და გვინდა, მომავალი წლის მაისში ჩვენებაც გავმართოთ, ახლა ამისთვის ინტენსიურად ვემზადებით.
დაწერე კომენტარი