პარიზის მოდის კვირეული Maison Margiela-ს ახალი Haute Couture კოლექციის, Margiela Artisanal ჩვენებით დასრულდა, რომელზეც ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა - ჯონ გალიანომ იმუშავა და მაყურებელს შთამბეჭდავი შოუ შესთავაზა. 

მოდის კვირეულის დრამატული კულმინაცია თეატრალიზებული ჩვენებით შედგა. ჯონ გალიანოს კოლექცია როგორც კოსტიუმებით, ისე მოდელების მოძრაობებით, მაკიაჟებითა და ვარცხნილობებით ხელოვნების უმაღლეს გამოვლინებად იქცა და ერთგვარ ფილმს დაემსგავსა, რომელშიც მთავარი გმირების მიერ ფრანგული არქტიპების სერია გაცოცხლდა და განასახიერდა - მულენ რუჟის შემსრულებლები, კურტიზანი ქალბატონები, თოჯინები, აზარტული მოთამაშეები და მძარცველები.    

ჯონ გალიანომ თითქმის ყველა მოდელის სილუეტში მნიშვნელოვად გამოკვეთა წელი, კორსეტებითა და მოჭერილი სამოსით ან ქამრით, რამაც  ვიქტორიანული ეპოქის ქალების ჩაცმულობა მოგვაგონა. მიუხედავად მსგავსი მიყვანილობისა, კოლექციის თითოეული სამოსი და კოსტიუმი იყო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და უნიკალური. გალიანომ Margiela Artisanal შექმნის პროცესში მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა გამოიყენა.

ჩვენება ფრანგი მომღერლის, Lucky Love-ის სიმღერით გაიხსნა და პირველ მოდელად გერმანელი - ლეონ დამი თეატრალური შესრულებით წარდგა. დამახასიათებელი ჰანგები, რომელიც მთელი ჩვენების განმავლობაში ჟღერდა, შოუს უფრო მეტად დრამატურგიულს და სანახაობრივს ხდიდა. მოდელები კოლექციას მოძრაობის არაორდინალური სტილით წარმოაჩენდნენ სხვადასხვაგვარი შესრულებით, რამაც შექმნა პერფომანსული ხელოვნების ნიმუში. 

კოლექციის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი და მნიშვნელოვანი ნაწილი მოდელების მაკიაჟი იყო. წამყვანმა ვიზაჟისტმა - პატ მაკგრათმა გალიანოს ჩანაფიქრი იდეალურად გამოავლინა.

ჩვენება ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა - გვენდოლინ კრისტიმ დახურა, რომელსაც კარგად ვიცნობთ ვარსკვლავური ომებისა და სამეფო კარის თამაშებიდან.



ფოტოების წყარო: Vogue Runway