პარიზის მაღალი მოდის კვირეული სკიაპარელის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა, რომელიც 21 იანვარს Place Vendôme-ში გაიმართა. ბრენდის ახალ კოლექციაზე ამერიკელმა დიზაინერმა - დენიელ როუზბერმა იმუშავა, რომელიც მეხუთე წელია Schiaparelli-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. 

წლევანდელი კოლექცია ძველი სამყაროს იდეებითა და ტექნოლოგიური არტეფაქტებით არის შექმნილი. ერთ-ერთი კაბა კოლექციიდან მიკროსქემის დაფით, მობილური ტელეფონებითა და Y2K ტექნოლოგიით შეიქმნა, რომლისთვისაც როუზბერმა დაახლოებით 2007-მდე ტექნოლოგიური არტეფაქტი გამოიყენა. დენიელ როუზბერის შთაგონების წყარო კოლექციის შესაქმნელად ელზა სკიაპარელის ბიძა - ჯოვანი გახდა, რომელიც Brera-ს ობსერვატორიის დირექტორი იყო და მარსის ზედაპირზე არხების ახალი სერია აღმოაჩინა.

Schiaparelli-ის ჩვენებას Euphoria-ს ვარსკვლავები - ზენდეია და ჰანტერ შაფერი დაესწრნენ. ზენდეია სკიაპარელის უახლესი კოლექციის მონოქრომული და დახვეწილი შავი კაბით წარდგა, რომელსაც ხელებსა და მკლავებზე ორიგინალური დეტალები ამშვენებს და გრძელი, ატლასის ქვედატანით ბოლოვდება. ამერიკელი მომღერალი პირველად გამოჩნდა ახალი ვარცხნილობით, მის განსხვავებულ იმიჯზე სტილისტმა - Law Roach-მა იმუშავა. 

რაც შეეხება ჰანტერ შაფერს, მან მინიმალისტური, შავი ხავერდის კაბა მოირგო, რომელიც მასიური, ოქროს ყვავილის ორნამენტიანი ყელსაბამით გაამდიდრა. ცნობილი სერიალი - Euphoria მე-3 სეზონით ბრუნდება, რომელსაც ეკრანებზე 2025 წელს ვიხილავთ, ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი. ვარსკვლავებს - ზენდეიასა და ჰანტერს ნამდვილად შევხვდებით ახალ სეზონში. 


ფოტოების წყარო: ELLE, Vogue, Harper's Bazaar, Maxblizz