მარკ ჯეიკობსი ნიუ-იორკში დაიბადა 1963 წელს, 7 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა და ბებიასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მისი კარიერის ჩამოყალიბებაზე. ესთეტიკური ნივთებისადმი სიყვარული და შემოქმედებითი დიზაინის მიმართ ინტერესი მარკს ბებიამ გაუღვივა, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ბებია მარკს ბავშვობიდან ასწავლიდა ქსოვას და Vogue-ის ჟურნალები მოჰქონდა - ეს იყო მისი პირველი ურთიერთობა მოდასთან.

15 წლისამ სწავლა დაიწყო ხელოვნებისა და დიზაინის უმაღლეს სკოლაში, პარალელურად კი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ტანსაცმლის ბუტიკ  Charivari-ში, სადაც მას უფლება მისცეს შეექმნა სვიტერები ბრენდისთვის. ეს დაეხმარა ადგილი დაემკვიდრებინა ერთ-ერთ წამყვან დიზაინის სკოლაში -  ნანატრ Parsons-ში. სკოლის გამოსაშვები პროექტისთვის შექმნილი ხელით ნაქსოვი სვიტერების კოლექციისთვის მან მოიპოვა წლის დიზაინერი სტუდენტის ტიტული. 

დიზაინის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში შექმნა პირველი კოლექცია რუბენ თომასის Sketchbook-ისთვის, 1988 წელს კი Perry Ellis-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, რაც მის პირველ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ითვლება. შექმნა თავისი საკულტო, არაორდინალური Grang Collection, რომელიც შთაგონებული იყო მუსიკალური სცენით და ისეთი კომბინაციები წარმოადგინა, როგორიცაა ქალის კაბების შეხამება სპორტულ ჩექმებთან, ფლანელის პერანგები, ნაქსოვი ქუდები და კედები. თუმცა კოლექციის წარდგენის შემდეგ, მარკმა Perry Ellis-ში თანამდებობა დაკარგა, რის მიზეზადაც ითვლება ის, რომ არაორდინალურმა კოლექციამ დაარღვია ბრენდის ხელწერა და სრულიად განსხვავებული მიმართულებით წავიდა. 

ამის შემდეგ ჯეიკობსი  საკუთარი ბრენდით ბრუნდება, რომლის პირველი ბუტიკი ნიუ-იორკში, Soho's Mercer Street-ზე გახსნა, რამაც არაერთი ვარსკვლავის ყურადღება მიიპყრო. პარალელურად კი გახდა Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი, რაც მის კარიერაში უდიდესი წარმატებაა, რადგან სწორედ მარკს უკავშირდება ბრენდის აღორძინება. მან ლუი ვიტონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და წარმატებულ ბრენდად აქცია და მტკიცე ადგილი დაუმკვიდრა მოდის ინდუსტრიაში. შექმნა პირველი Ready To Wear ტანსაცმლის ხაზი და ყოველი კოლექცია, რასაც ქმნიდა, იყო ექსტრავაგანტურობითა და დახვეწილობით გამორჩეული.

ჯეიკობსმა 2014 წლამდე უხელმძღვანელა ლუი ვიტონს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი  საინტერესო კოლაბორაცია შექმნა, მათ შორის - არტისტებთან: სტივენ სპროუსთან, ტაკაში მურაკამისთან, იაიოი კუსამასთან და რიჩარდ პრინცთან. სტივენ სპროუსთან თანამშრომლობით ჯეიკობსმა Louis Vuitton Speedy გრაფიტის ჩანთა შექმნა, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს, ხოლო ტაკაში მურაკამისთან კოლაბორაციით, მონოგრამული ჩანთის ინტერპრეტაციით, Eye Love Monogram Collection წარმოადგინა, რამაც ბრენდის ტრადიციული კრემისფერი და ყავისფერი პალიტრა, პოპ-არტის ფერებით შეცვალა. მარკ ჯეიკობსის კრეატიული დირექტორობის პერიოდში ბრენდის სარეკლამო სახეები გახდნენ ცნობილი ვარსკვლავები: ანჯელინა ჯოლი, სკარლეტ იოჰანსონი, ბიონსე, რიანა, მადონა.

მარკ ჯეიკობსის მიერ ლუი ვიტონისთვის შექმნილი კოლექციებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, მაქსიმალური ფემინურობის გამოვლინებით. ჰაეროვანი კაბები, ქვედაბოლოები და ჟაკეტები ყვავილების დიზაინით, ნაქარგებითა და ბუმბულებით იყო გაფორმებული. კოლექცია კი მეტად დასამახსოვრებელი გახადა ზღაპრულმა ჩვენებამ - ცხენების კარუსელმა. 

MJ_DaisyLove_SocialCrops_MD.jpg 176.38 KB
ლუი ვიტონის სწრაფი განვითარების პარალელურად, ჯეიკობსმა გააფართოვა თავისი ბრენდი და გამოუშვა სპორტული ტანსაცმლის ხაზი - Marc by Marc Jacobs, ასევე ბავშვთა ტანსაცმლის - Little Marc Jacobs ხაზი. მის კიდევ ერთ მთავარ მიღწევად კი სუნამოების ხაზი ითვლება. მოდისა და სტილის შეგრძნება შესანიშნავად გამოიყენა პარფიუმერიულ კომპოზიციებში. მაგალითად, სუნამო Decadence, რომლის დიზაინი ჩანთით და მოოქრული ჯაჭვით, მოდური აქსესუარით არის შექმნილი, ფლაკონში ილუსტრირებულ ჯეიკობსის მოდას კარგად გამოხატავს. მან ასევე გამოუშვა სუნამოების ცნობილი კოლექცია - Daisy.

მისი მრავალფეროვანი კარიერის მანძილზე ჯეიკობსმა ნიჭი და შესაძლებლობები მსახიობობაშიც მოსინჯა და ითამაშა ჰენრი-ალექს რუბინის 2012 წლის ფილმში - Disconnect, ჯეისონ ბეიტმენთან, პაულა პატონთან, Alexander Skarsgård-თან და ანდრეა რაიზბოროსთან ერთად. 

წლების შემდეგ სამსახიობო ნიჭს კიდევ ერთხელ ავლენს  24-წუთიან მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 2020 წლის კარანტინის პერიოდში მისი  ყოველდღიური ცხოვრების შესახებ არის გადაღებული სასტუმრო Mercer Hotel-ში, სადაც გაატარა იზოლაციის დღეები მეუღლესთან - ნიკ ნოუბოლდთან ერთად.   

mjacobs_v_6feb2013_pr_b.png 899.86 KB
 
marc-jacobs-diet-coke-ads01.png 195.04 KB
Disconnect ფილმში მონაწილეობის შემდეგი ნაბიჯი Diet Coke-ის კრეატიული დირექტორობა აღმოჩნდა - უშაქრო და დაბალკალორიული სასმელების კომპანიის, რომელსაც აწარმოებს Coca-Cola Company. უნიკალური ხედვით მარკმა შექმნა Diet Coke ბოთლებისა და ქილების ლიმიტირებული კოლექციები, რომლებზეც 90-იანი წლების ელეგანტური ქალბატონები ასახა, სხვადასხვა დიზაინითა და პრინტებით.                                                                                                                                        

მას შემდეგ, რაც 2014 წელს მარკმა ლუი ვიტონში მრავალწლიანი მოღვაწეობა დაასრულა, თავიდან ბოლომდე ჩაერთო საკუთარი ბრენდის განვითარებაში და დღემდე მისი ექსტრავაგანტური, თამამი კოლექციებით გვანებივრებს, სარეკლამო კამპანიებში კი არაერთი ცნობილი ვარსკვლავია გადაღებული. მის კოლექციებში ხშირად ვხვდებით ძველი კულტურის ტენდენციების ინტერპრეტაციებს, სხვადასხვა ეპოქის არაერთ რეფერენსს. ასევე ბევრ მათგანში შეინიშნება Grang სამოსის სტილი. მაგალითად, 2018 წელს დიზაინერმა მისი Perry Ellis-ისთვის შექმნილი გრანჟ კოლექცია გააცოცხლა და 26 ლუქის ზუსტი ანალოგი შექმნა, რომლის გამოც მან თავის დროზე სამსახური დაკარგა და კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და სწორედ ამ კოლექციამ გაუხსნა მნიშვნელოვანი გზა წარმატებისკენ. 

მარკმა 2023 წლის ჩვენება ვივიენ ვესტვუდს მიუძღვნა, რომელიც  Park Avenue Armory-ში წარმოადგინა და კოლექციის, სახელწოდებით Heroes, ყველა დეტალში შეინიშნებოდა ვივიენის გავლენა, მათ შორის - თმის სტილსა და პლატფორმიან ფეხსაცმელებში. გარდა გრანჟ სტილისა,  ხშირად ვხვდებით ქალური დახვეწილობითა და სისადავით შექმნილ კოლექციებს. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ნათელი ფერები ჭარბობდა. დიდი ზომის ბაფთებით, ხელთათმანებითა და თავსაბურავებით ჯეიკობსმა 60-იანი წლების დახვეწილი ქალბატონები მოგვაგონა.  

Marc Jacobs-ის ხაზმა Heaven ერთმანეთთან დააკავშირა მოდის, ხელოვნების, კინოსა და სხვადასხვა სფეროს არტისტები, რომლის ფარგლებშიც კამპანიაში მოხვდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: პამელა ანდერსონი, Doja Cat, კაილ მაკლაქლენი, პალომა ელსესერი, ანნა სუი, ნიკი მინაჯი და სკაი ფერეირა.  Heaven by Marc Jacobs-ის ხაზს უკავშირდება ახალი დიზაინის ფეხსაცმლის - Addina Bex-ის გამოშვება, რომელიც Dr. Martens-თან თანამშრომლობით შეიქმნა, მერი ჯეინის სტილის შთაგონებით. 

Heaven ხაზისთვის მარკს ჯეიკობსის კიდევ ერთი გამორჩეული, ხელოვნური ინტელექტით შთაგონებული კამპანია შეიქმნა, რომელშიც ბელა ჰადიდი მონაწილეობდა და უცხოპლანეტელის ავატარად გარდაისახა. 

მარკ ჯეიკობსის ბრენდის გამორჩეულ ნაწილად რჩება საკულტო ჩანთები - Sack Bag, Tote Bag და Snapshot.   ჩანთების ახალი კოლექცია მრავალფეროვანი დიზაინით მან 2024 წლის ახალ კამპანიაში წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც ძველი კოლაბორაციები გააცოცხლა - სინდი შერმანთან, FKA Twigs-თან, დაკოტა ფენინგთან, ლილა მოსთან და ლილ უზი ვერტთან.

არაერთი ჯილდოს და ტიტულის მფლობელმა მარკ ჯეიკობსმა MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზეც მიიღო VMA  Awards-ის ჯილდო მუსიკაში და პოპ-კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რადგან მის ჩვენებებზე მუსიკალურ გაფორმებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა იმისა, რომ დიზაინერი ცნობილ საუნდტრეკებს იყენებს, მათ შორის ნირვანას ცნობილ ჰანგებს, იგი სარეკლამო კამპანიებში ხშირად იწვევს ცნობილ მომღერლებსაც.