Marc Jacobs-ის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბრენდმა 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ახალი კამპანია წარმოადგინა, რომელშიც  ბრენდის ძველი კოლაბორაციები გაცოცხლდა.

სინდი შერმანი, FKA Twigs, დაკოტა ფენინგი, ლილა მოსი და ლილ უზი ვერტი ნიუ-იორკში, Marc Jacobs International ოფისების წინ გადაიღო ფოტოგრაფმა - იურგენ ტელერმა, რომელიც წლებია თანამშრომლობს კომპანიასთან. 

დაკოტა ფენინგი ბრენდისთვის 2007 წელს გადაიღეს, როდესაც ჯერ კიდევ 12 წლის იყო, ახალ კამპანიაში კი წლების შემდეგ, 29 წლის ასაკში დაბრუნდა.  ცნობილი არტისტის - სინდი შერმანისთვისაც არ არის ახალი მოდის ბრენდისთვის გადაღება,  მან მარკ ჯეიკობსისთვის პირველად 2006 წელს იმუშავა და ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Louis Vuitton, Balenciaga და Comme des Garçons. რეპერი ლილ უზი ვერტი კი ორი წლის შემდეგ ბრუნდება, რომელიც მარკ ჯეიკობსის 2022 წლის Monogram კოლექციის სახე იყო.

Marc Jacobs-ის 2024 წლის ახალ კამპანიაში წარმოდგენილია ბრენდის  ცნობილი ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანი, განსაკუთრებული აქცენტით: Sack Bag, Tote Bag და Snapshot. ახალი კოლექციის სამოსი კი ეკლექტურ, ურბანულ სტილს ასახავს.


ფოტოების წყარო: Marc Jacobs