ბარსელონაში მდებარე Mies van der Rohe Pavilion-ის საგამოფენო სივრცეში, რომელმაც 17-20 თებერვალს სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებს უმასპინძლა, თბილისის არქიტექტურის ბიენალემ წარადგინა ნამუშევარი, სახელწოდებით ,,Nature Morte’’. გამოფენის ფარგლებში პავილიონის უნიკალური, ისტორიული მნიშვნელობის სივრცე გარდაიქმნა დინამიკურ პლატფორმად მხატვრული და არქიტექტურული ინტერვენციებისთვის.


ეს ინტერვენცია არის New Cross-National Temporality Project (NCNTP)-ის ნაწილი, რომელიც ტარდება მთელ ევროპაში 2022 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე და აერთიანებს ორგანიზაციებს შვიდი ქვეყნიდან: თბილისის არქიტექტურის ბიენალე, ლისაბონის არქიტექტურის ტრიენალე, ბარლეტის უნივერსიტეტი - ტირანა კოოპერა, ბერლინი, APSS ინსტიტუტი - პოდგორიცა, კულტურის პავილიონი - კიევი და Trans-Media-Akademie Hellerau Dresden.


,,Nature Morte’’ - ნამუშევარი Wunderwerk-ს ეკუთვნის და მასზე გიგი შუკაკიძემ, ირინა დიხამინჯიამ და ნანუკა ლაღიძემ იმუშავეს. ეს არის საუბარი ადამიანის გამოცდილების შესახებ ბუნებრივ სამყაროში, რომელიც შთაგონებულია ენგურის წყალსაცავის ცოცხალი სურათით - ნაპირთან მოტივტივე მკვდარი ხის ნახევარკუნძულით, ვერცხლისფერი, ხის ნაჭრებით, რაც ასახავს წყალზე მცურავ ბუნებას, ნათელ და ძლიერ ძალას ცოცხალ სამყაროში.

ირინა დიხამინჯია


,,ამ შთამაგონებელმა სურათმა მიგვიყვანა ჩვენი იდეიდან ბარსელონას პავილიონში, რომელიც თავად წარმოადგენს იმ რესურსს, რაც საშუალებას გვაძლევს დავსვათ კითხვა: რამდენად შეუძლია ადამიანის სივრცით-პოლიტიკურმა განვითარებამ გამოიწვიოს დესტრუქციული ცვლილებები ბუნებაში ან საზოგადოებაში? ეს მრავალშრიანი, მორფოლოგიური ცვლილებები შეინიშნება წყლის რეზერვუარებსა და ელექტროსადგურებში’’.


საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყალსაცავს წარმოადგენს ჟინვალის კომპლექსური დანიშნულების, ჰიდროელექტროწყალსაცავი მდინარე არაგვზე, ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის, რომლის ფართობი 11,5 კმ²-ს შეადგენს.


,,წყალსაცავში წყლის დონე მუდმივად იცვლება, ზამთარში მყინვარიდან ნაკლები დინებაა და ქალაქში მეტი წყლის მოხმარება, ამიტომ წყლის დონე ეცემა. გაზაფხულზე უხვადაა მთებიდან ნალექი და წყლის დონე იმატებს, მიედინება ტყეებში, მთის ფერდობებზე და გავლისას აგროვებს ხეებს, მათ ფესვებსა და ტოტებს, რომელთა მოგზაურობაც გრძელდება უსიცოცხლო ფორმით, როგორც მოტივტივე სხეულები... ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე შევკრიბეთ გამორიყული ხის მასალა და გადავიტანეთ ბარსელონაში, რამაც შექმნა მკვდარი, ვერცხლისფერი პეიზაჟის შერწყმა პავილიონის ყველაზე ცოცხალ ელემენტთან - წყალთან.’’

Anna Mas


ცოცხალ ნამუშევარს გეორგ კოლბეს შიშველი ქანდაკება ამშვენებს, სწორედ მის ქვეშ წყალზე ცურავს ვერცხლისფერი ხეები და პავილიონის თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში წარმოადგენს საქართველოში არსებულ ისეთ პეიზაჟებს, როგორიცაა დამშრალი მდინარეები და წყალსაცავები, რაც ცხადყოფს კრიტიკულ, ადგილობრივ და  გლობალურ პროცესებს და აერთიანებს დედამიწის მცხოვრებლებს, მიუხედავად იმისა, რომელ გეოგრაფიულ რეგიონში ცხოვრობენ.


ფოტო: გიგი შუკაკიძე, ირინა დიხამინჯია, Anna Mas