14 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ,,არტ-ფუთის" ორგანიზებით, ირაკლი გამრეკელის 130 წლისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე შეძლებთ იხილოთ ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები ადრეული პერიოდის სცენოგრაფიიდან, ასევე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი წიგნის გრაფიკის ნიმუშები.
ექსპოზიცია 150-ზე მეტ უნიკალურ ნამუშევარს აერთიანებს - მხატვრის გაფორმებული საოპერო, საბალეტო სპექტაკლების ესკიზები და ვიდეოკოლაჟი, ფერწერული ტილოები, ნამუშევრები სხვადასხვა კოლექციიდან - შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ხელოვნების სასახლის, რუსთაველის ეროვნული თეატრისა და მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ფონდებიდან, არჩილ დარჩიას, გალერეა გამრეკელის, მაკა და ეკა არბოლიშვილების კერძო კოლექციებიდან.
სცენოგრაფი და ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი - ირაკლი გამრეკელი იყო მარჯანიშვილის თეატრის მთავარი მხატვარი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული თეატრის განვითარებასა და სანახაობრივი ტრადიციების აღორძინებაში. მას ეკუთვნის ისეთი სპექტაკლების გაფორმება, როგორებიცაა: შექსპირის „ჰამლეტი“ და „ოტელო“, შანშიაშვილის „ანზორი“, შილერის ,,ყაჩაღები" და სხვა.
ქართული სცენოგრაფიული ხელოვნების კლასიკოსმა 1934 წელს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიიღო, ხოლო 1936 წელს საპატიო ნიშნის ორდენით დაჯილდოვდა.
ფოტოების წყარო: Baia Gallery, Gamrekeli
დაწერე კომენტარი