1966 წლის 28 ნოემბრის საღამოს ნიუ-იორკის სასტუმრო პლაზაში - Black and White Ball - „საუკუნის წვეულება“ გაიმართა, რომელსაც ტრუმენ კაპოტემ უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაპოტემ 540 ვარსკვლავური სტუმარი შეკრიბა და მთელი ნიუ-იორკი მასზე აალაპარაკა, ლეგენდარული წვეულება ექსტრავაგანტური მოდით, დღემდე არ კარგავს სახელს და აქტუალობას, რჩება ელიტური საზოგადოების შეკრების წარუშლელ მაგალითად და არაერთი ადამიანის შთაგონების წყაროდ.
კაპოტემ წვეულება Washington Post-ის მფლობელის, კეტრინ "ქეი" გრეჰემის პატივსაცემად მოაწყო. წვეულებამდე სამი წლით ადრე კეტრინის ქმარმა, გაზეთის ყოფილმა მფლობელმა - ფილ გრეჰემმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და გაზეთს სათავეში კეტრინი ჩაუდგა. ,,იმ ზაფხულს ტრუმენმა დამირეკა და მითხრა: ვფიქრობ, გამხიარულება გჭირდებათ’’, - იხსენებს გრეჰემი 1991 წლის Esquire-ის სტატიაში.
,,ჩემი მშვენიერი ლედი’’ - ასკოტის სცენის ფერთა პალიტრით შთაგონებულმა კაპოტემ თავისი წვეულება შავსა და თეთრში გადაწყვიტა, რასაც სტუმრების ჩაცმულობაც მოარგო. შავ-თეთრ სამოსში გამოწყობილი 500-ზე მეტი ადამიანი საღამოს ნიღბებით გამოცხადდნენ და შუა ღამით მოიხსნეს. სტუმრებს მოსაწვევები წვეულებამდე ერთი თვით ადრე გაეგზავნათ, სადაც კაპოტე მათ მონოქრომული სამოსით გამოცხადებას სთხოვდა, დამსწრეებს სწერდა, რომ მამაკაცები შავი ჰალსტუხებითა და ნიღბებით, ხოლო ქალები შავი ან თეთრი კაბებით და მხოლოდ თეთრი ნიღბებით გამოცხადებულიყვნენ. ადოლფო და ჰალსტონი იყვნენ ის დიზაინერები, რომლებმაც დამსწრეებისთვის უნიკალური ნიღბები შექმნეს, ზოგიერთი მათგანის ღირებულება კი 600 დოლარსაც აღემატებოდა.
მრავალრიცხოვან სტუმართა სიაში დამსახურებული ადგილი ეკავათ კაპოტეს საუკეთესო მეგობარი ქალების წრის - ,,გედების’’ წარმომადგენლებს, რომელთა ცხოვრება და საიდუმლოებები სულ რამდენიმე წელში Esquire-ის 1975 წლის ნოემბრის გამოცემაში, "La Côte Basque, 1965"- სახელით გამოააშკარავა. წვეულებას ესწრებოდნენ C.Z. Guest, სლიმ კიტი, ბეიბი პეილი და ლი რაძივილი, რომელიც იმ მცირერიცხოვან ქალთაგან ერთ-ერთი იყო, ვისთანაც კაპოტემ წვეულებაზე იცეკვა.
კაპოტეს რამდენიმე მეგობრის თქმით, რომლებიც მასთან ერთად დროს ატარებდნენ წვეულების წინა პერიოდში, მან რამდენიმე თვე გაატარა იქამდე, სანამ სტუმრების ჩამონათვალს საბოლოო სახე არ მისცა და სია არაერთხელ გადააკეთა თავის პატარა შავ-თეთრ კომპოზიციურ წიგნში. რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ მან შექმნა სტუმართა ისეთი სია, რომელშიც შედიოდნენ პოლიტიკოსები - ლედი ბერდ ჯონსონი და სარჯენტ შრაივერი, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის - მია ფეროუ და ჰენრი ფონდა, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები - ედვარდ VIII და უოლის სიმპსონი. ასევე, ენდი უორჰოლი, ფრენკ სინატრა, ნორმან მეილერი და სემი დევისი უმცროსი. 500-ზე მეტი სტუმრის ძალიან მოკლე ჩამონათვალიც კი მოწმობს წვეულებაზე დამსწრეთა მრავალფეროვნებას.
Vanity Fair-ის თანახმად, სიაში თავდაპირველად შედიოდა 480 სტუმარი, თუმცა გაიზარდა 540-მდე, რაც ძალიან ახლოს იყო პლაზას სამეჯლისო დარბაზის სრულ ტევადობასთან - 550 ადამიანთან. თუმცა, ესეც არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო, კაპოტემ სტუმრების სიიდან ამოიღო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - კრიტიკოსები და მსახიობები, ერთ-ერთმა ვარსკვლავმა - ტალულა ბანკჰედმა კი კაპოტე ბოლო დღეებში დაარწმუნა, რომ მიეწვია, ზოგიერთი ადამიანი ფულსაც კი სთავაზობდა დასწრების სანაცვლოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამან არ გაამართლა.
წლების შემდეგ ლეგენდარული წვეულებით შთაგონებულმა ადამიანებმა რამდენჯერმე შექმნეს ღონისძიება სხვადასხვა ინტერპრეტაციითა და ვერსიებით.
ასევე, Black and White Ball ნაჩვენებია რაიან მერფის ანთოლოგიის, Feud-ის მეორე ნაწილში - Capote vs. The Swans-ის მესამე ეპიზოდში.
ფოტოების წყარო: The Washington Post
დაწერე კომენტარი