რაიან მერფის ანთოლოგიის, Feud-ის მეორე ნაწილი - Capote vs. The Swans უკვე ეკრანებზეა. სერიალი ბესტსელერი წიგნის ადაპტაციაა და რეალურ ამბავს მოგვითხრობს, ტრუმან კაპოტესა და მის ელიტარულ მეგობარ ქალბატონებზე - ,,გედებზე". სკანდალური ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ,,გედებისთვის’’ ტრუმენ კაპოტე სანდო მეგობარი იყო, რომელსაც თავიანთი პირადი ცხოვრებიდან ყველა დეტალს უზიარებდნენ, მათ შორის - მნიშვნელოვან საიდუმლოებებს და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ თითოეული მათგანი ჟურნალ Esquire-ის 1975 წლის ნოემბრის გამოცემაში, "La Côte Basque, 1965"- სახელით გამოაშკარავდებოდა კაპოტეს მიერ. ტრუმენ კაპოტე იყო ამერიკელი მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი და მსახიობი, რომლის დაწერილი რომანები კლასიკად იქცა, მათ შორის - ,,საუზმე ტიფანისთან’’ და ,,In Cold Blood”. სტილითა და ფაბრიკაციებით გამორჩეული კაპოტე ხშირად აცხადებდა, რომ იცნობდა ადამიანებს, რომლებსაც სინამდვილეში არასდროს შეხვედრია, მას ჰქონდა გატაცება ემეგობრა ავტორებთან, კრიტიკოსებთან, ბიზნესმაგნატებთან, ჰოლივუდის მსახიობებთან, სამეფო ოჯახისა და მაღალი საზოგადოების წევრებთან.1966 წელს, In Cold Blood-ის გამოქვეყნების შემდეგ, კაპოტეს რეპუტაცია გაიზარდა, რითაც მოახერხა თავის დამკვიდრება საზოგადოებაში და ჩამოაყალიბა მეგობარი ქალების წრე, რომლებსაც ,,გედები" დაარქვა. ისინი ხშირად ჩნდებოდნენ ერთად სხვადასხვა წვეულებაზე, იახტებზე, მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო. გამორჩეული გარეგნობის დახვეწილი ქალბატონები კაპოტეს გვერდს უმშვენებდნენ და ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყვნენ. ელიტარულ ,,გედებს’’ შორის იყვნენ: ლი რაძივილი,, ბარბარა (ბეიბი) პეილი, სლიმ კიტი, ენ ვუდვორდი, CZ Guest, გლორია გინესი, მარელა აგნელი და პამელა ჰარიმანი.
თავდაპირველად კაპოტემ გაიცნო ლი რაძივილი, 1962 წელს, ნიუ-იორკში. იმ დროისათვის რაძივილის უფროსი და - ჟაკლინ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი იყო, თავად კი, პოლონელ გრაფზე დაქორწინებულს, ჰყავდა ორი შვილი, ჰქონდა დიდებული სახლი ლონდონში და ბინა მანჰეტენზე. ქალი, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი გააჩნდა სრულყოფილი ცხოვრებისთვის, აღმოჩნდა, რომ თავს ბედნიერად სულაც არ გრძნობდა, რადგან შეპყრობილი იყო შურითა და ეჭვიანობით საკუთარი დის მიმართ, რომელსაც ღირსეული ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული თეთრ სახლში. კაპოტესა და რაძივილს შორის გამართული გულწრფელი საუბრების შედეგად, კაპოტემ დაიწყო მისი პირველი საყვარელი ,,გედის’’ სახალხოდ ქება, შემდეგ გეგმად კი ჟაკლინის დამცირება და შეურაცხყოფა ჰქონდა განზრახული.
კაპოტეს მეორე ,,გედი’’ - ბარბარა პეილი ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ცნობილი წევრი იყო, რომელმაც გარკვეული პერიოდი ჟურნალ Vogue-ში მოდის რედაქტორად იმუშავა. მისი მეორე ქმარი - CBS-ის დამფუძნებელი უილიამ პეილი იყო, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შეძლებული მამაკაცი ამერიკაში, რომელიც ცოლთან ერთად ხშირად მართავდა გამორჩეულ წვეულებებს. თუმცა ბარბარა სანდო მეგობარ - კაპოტეს გამოუტყდა, რომ ქორწინება, რომელიც გარეგნულად მშვენიერი ჩანდა, სინამდვილეში პრობლემებით, ღალატით და ჩხუბით სავსე იყო. სტილით, გემოვნებითა და სილამაზით გამორჩეული ქალბატონი კი თავს უბედურად გრძნობდა.რაც შეეხება, C.Z. Guest-ს, მოდის დიზაინერებისა და მხატვრების, მათ შორის - დიეგო რივერას, სალვადორ დალის, რალფ ლორენისა და ენდი უორჰოლის მუზას, იგი იყო მსახიობი, მწერალი, ცხენოსანი და დიზაინერი, რომელიც კაპოტემ My Fair Lady-ს გახსნაზე გაიცნო. ვარსკვლავებთან - ვიქტორ მეიტურთან და ეროლ ფლინთან ურთიერთობის შემდეგ, გესტი დაქორწინდა ანგლო-ამერიკელ პოლოს ჩემპიონ - უინსტონ გესტზე და გახდა ნიუ-იორკის საზოგადოების ე.წ. დედოფალი. კაპოტემ კი აღმოაჩინა, რომ გესტი სნობიზმით იყო შეპყრობილი, რაც შემდგომში მის საწინააღმდეგოდ გამოიყენა. კაპოტეს კიდევ ერთი ,,გედი’’ - სლიმ კიტსი - Lady Keith, 1950-60-იანი წლების მოდის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ხოლო ენ ვუდვარდს, მოდელსა და მსახიობს, უკავშირდება შემზარავი ისტორია, რომლის მიხედვითაც ვუდვარდმა შემთხვევით მოკლა ქმარი შუა ღამით, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ბრალი ოფიციალურად არასდროს წაუყენებიათ, კაპოტემ მასში მკვლელი და ფულით დაინტერესებული ქალი დაინახა. Esquire-ის სტატიის გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე ვუდვორდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ნიუ-იორკის ელიტარულ საზოგადოებაზე, კონკრეტულად ,,გედებზე’’, მათ ცხოვრებასა და საქმეებზე ხშირად ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ცხოვრების მთავარ სკანდალს მათი საუკეთესო მეგობარი მოუწყობდა, ძლიერი დარტყმით უღალატებდა მათ და ყველაზე ბნელ საიდუმლოებებს საჯაროდ გააზიარებდა. წლების განმავლობაში გულახდილი საუბრების შედეგი კაპოტემ 1975 წელს ჟურნალ Esquire-ში გამოაქვეყნა, "La Côte Basque, 1965", ნამუშევარს სახელი ქალბატონების საყვარელი რესტორნის მიხედვით დაერქვა. ,,გედებმა’’ თავი მარტივად ამოიცნეს, ჟურნალში ამოიკითხეს თავიანთი ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები და კაპოტესთან ურთიერთობა გაწყვიტეს, მას შემდეგ ,,მოღალატე’’ მეგობარი მათი შეხვედრის ადგილებში დადიოდა პატიების სათხოვნელად, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.კაპოტე თავად თვლიდა, რომ ისტორიების გამჟღავნება იყო მხოლოდ ხელოვნება და არა ღალატი. ფიქრობდა, რომ მისი ,,გედები’’ რეალურად უბედურები იყვნენ, დამძიმებულები რთული პირადი ცხოვრებითა და დრამებით, თუმცა მეგობრისთვის გაზიარებული ტკივილის საჯაროდ გამოტანის გამართლება ვერ მოიძებნა. კაპოტემ პირველი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც ვერ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის და მისი ემოციური მდგომარეობისთვის მეგობრები.კაპოტეს უკან მორჩა საუკეთესო დღეები და გამოეცალა თითქმის ყველანაირი საყრდენი, რომ თავი კარგად ეგრძნო. მისი ცხოვრება ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებით გაგრძელდა, 1984 წელს კი ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გამოწვეული ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა. CZ Guest იყო ერთადერთი ქალბატონების წრიდან, რომელმაც გარკვეულწილად შეინარჩუნა მეგობრობა და გვერდით ედგა კაპოტეს ალკოჰოლისა და ნარკომანიის რეაბილიტაციისას.
ფოტოების წყარო: Tatler, Vanity fair, WWD
დაწერე კომენტარი