18 იანვარს საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე ფილმი Poor Things გამოჩნდა, რომლის მსოფლიო პრემიერა პირველ სექტემბერს, ვენეციის მე-80 საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. იორგოს ლანთიმოსის ფილმში მსახიობები - ემა სტოუნი, მარკ რუფალო და უილიამ დეფო მონაწილეობენ და სამ ჟანრს - კომედიას, დრამასა და მელოდრამას აერთიანებს. Poor Things ლანთიმოსის მეცხრე ნამუშევარია და შოტლანდიელი მწერლის, ალასდერ გრეის ამავე სახელწოდების ნაწარმოებზეა დაფუძნებული. ფილმი 2024 წლის ოქროს გლობუსის 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და გაიმარჯვა ნომინაციაში - საუკეთესო მხატვრული ფილმი (კომედია ან მიუზიკლი), ემა სტოუნი კი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს Poor Things-ში განსახიერებული როლისთვის.დიზაინერ ჰოლი უადინგტონის ვიქტორიანული სტილის კოსტიუმები, რომელიც ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილია, სიურრეალისტურ გარემოში მე-19 საუკუნის მოდას გამოხატავს და სხვადასხვა ინტერპრეტაციით ერწყმის თანამედროვეობას. მრავალფეროვანი სამოსის გარკვეული ნაწილის ინსპირაცია დიზაინერისთვის Schiaparelli-ის 1930-იანი წლების კოლექცია გახდა. ვიქტორიანული ტანსაცმელი მაქსიმალურად მინიმალისტური დიზაინით არის შექმნილი, აბრეშუმის ქსოვილითა და ძირითადად, ფერთა ნათელი პალიტრით. სიუჟეტური თხრობის მრავალფეროვნებისთვის ფილმი შავ-თეთრი ფერებით იწყება, რომელიც მთავარი გმირის - ბელას ბავშვობას ასახავს და მისი ზრდის კვალდაკვალ, ფერად კადრებში გადადის. მოქმედება მე-19 საუკუნის ევროპაში ვითარდება და ბელა ბაქსტერზე მოგვითხრობს, რომელიც მისი აზროვნებითა და საქციელით ბავშვურ ასაკშია დარჩენილი და ყოველდღიური რეალური სირთულეებითა და პასუხისმგებლობებით სავსე სამყაროში მეცნიერის, ოქტორ გოდვინ ბაქსტერის დახმარებით ბრუნდება. მისი ლექსიკა და სიარულის მანერა პატარა ბავშვისას წააგავს, თითქოს იგი ჯერ კიდევ სწავლობს სრულფასოვან სიარულს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბელა საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს და ბალანსს პოულობს, აუმჯობესებს ყველაფერს, რაც საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება, მათ შორის - მოტორულ და შემეცნებით უნარებს. მთავარ გმირს უდიდესი სურვილი აქვს განათლება მიიღოს, სწორედ მისი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, მიზნის მისაღწევად და თავისუფლების ბოლომდე შესაგრძნობად იგი ადვოკატ დუნკან ვედერბენთან ერთად გარბის. ბელა ბაქსტერის როლს ემა სტოუნი თამაშობს - როგორც პატარა ბავშვს, უმწიკვლობითა და უდანაშაულობით სავსე სახის გამომეტყველებით, ისე მოწიფულ ქალს, რომელშიც მრავლადაა დახვეწილობისა და სექსუალურობის ელემენტები. სიურრეალისტური, ექსცენტრიკული ფილმი ფარული სიმბოლიკით არის დატვირთული და მაყურებელს საშუალებას აძლევს დაინახოს ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, მათ შორის ის, თუ როგორ კარგავს მოზრდილი ადამიანი შინაგან ბავშვს დაუნდობელ სამყაროში. ფილმი - Poor Things ოსკარის დაჯილდოებაზე 11 ნომინაციით წარდგება. წელს ოსკარის დაჯილდოების 96-ე ცერემონია 2024 წლის 10 მარტს გაიმართება.
ფოტოების წყარო: Elle, The New York Times, CNN
დაწერე კომენტარი