კომპანია Gopa Intec, ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით, ვიზუალურ ხელოვანებს 18 წლიდან, ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. კამპანიის მიზანია ვიზუალური ხელოვნების საშუალებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენების შემსუბუქებისა და თავიდან აცილების პროცესებში - ენერგოეფექტურობისა და  განახლებადი ენერგიების როლის შესახებ.


ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და მიგიტაციის პროცესში, რომელიც პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს გულისხმობს. ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგორესურსების არაეფექტური მოხმარება, წიაღისეული საწვავის გამოყენება და სათბურის აირების ემისია, რაც მკვეთრ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. 


კამპანია, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,საქართველოს ენერგოსექტორის რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში.


იმისათვის, რომ ხელოვანებმა კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა, პირველადი საკონკურსო ეტაპი უნდა გადალახონ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილეებმა დაგეგმილი ნაშრომების კონცეფციები უნდა მოამზადონ კამპანიის ძირითადი თემების გარშემო - ენერგიის დაზოგვის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მნიშვნელობა, ენერგოეფექტურობა შენობებში, განახლებადი და სუფთა ენერგია და ენერგოეფექტური ტრანსპორტი.


ხელოვანებმა კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა წარადგინონ კონცეფციები სასურველ საკონკურსო კატეგორიაში, რომელიც მოიცავს - ფერწერულ ნახატს, სკულპტურას, ვიდეო/ვიდეო ინსტალაციას ან ინფოგრაფიკა/ილუსტრაციას. იმ კონცეფციასთან ერთად, რომლებიც ასახავს ხედვას დაგეგმილი ნამუშევრის შესახებ, ხელოვანებმა უნდა გაგზავნონ მსგავს ტექნიკაში შესრულებული მინიმუმ სამი ნამუშევრისგან შემდგარი პორტფოლიო PDF ფაილში. 


კონცეფციის შემუშავებისას ხელოვანებმა უნდა გაითვალისწინონ კატეგორია, რომლისთვისაც შეაქვთ განაცხადი, ასევე აღწერონ და დაასაბუთონ, თუ როგორ უკავშირდება მათი იდეა კამპანიის მთავარ თემებს, მასალა/მედიუმი და ტექნოლოგია, რომელსაც გამოიყენებენ და მთავარი მესიჯი, რომელსაც გადმოსცემენ ნამუშევრით.

            

განაცხადი აუცილებელია ერგებოდეს კამპანიის მთავარ თემებს - ენერგოეფექტურობასა დაკლიმატის ცვლილებას, ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალური და სპეციალურადკამპანიისთვის შექმნილი, სხვადასხვა სტილითა თუ ტექნიკით, შერჩეული კატეგორიისმიხედვით.                               

კონცეფციის დოკუმენტის ატვირთვა და სარეგისტრაციო ფორმის შევსება 14 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი აღნიშნულ სარეგისტრაციო ბმულზე:  

რის შემდეგაც კონცეფციები შეფასდება კრეატიულობის, თემის რელევანტურობისა და ნამუშევრის შესაძლო გავლენის მიხედვით და თითო კატეგორიიდან ჯამში 3 ხელოვანი შეირჩევა, თითოეული მათგანი მიიღებს 2000 ლარს (გადასახადების ჩათვლით) ფინალური ნამუშევრების 1 თვის განმავლობაში შესაქმნელად.                                                                                          

ხელოვანები თანხას მიიღებენ ნამუშევრის შესრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. ყველა კატეგორიაში შერჩეულ ხელოვანებს ნამუშევრის შექმნის პროცესში ექსპერტულ დახმარებას გაუწევს მენტორი ორი მიმართულებით - თემატური ექსპერტიზა ენერგოეფექტურობაში და კურატორული ექსპერტიზა.


შერჩეული ნამუშევრები კამპანიისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოიფინება, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის ივნისში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ცნობიერებას ნამუშევრების მთავარი თემების შესახებ.