მილანის დიზაინის კვირეულზე, Idaaf Architects-ის ნამუშევარი გამოფენა - We Were Here-ზე იქნება წარმოდგენილი, რომელსაც კურირებს დიზაინერი, ბელგიური დიზაინის პავილიონის ორგანიზატორი - Joris Verstrepen და ჰოლანდიური მულტიდისციპლინური დიზაინის სტუდია - Jiin Yoon. გამოფენაზე ნაჩვენებია Idaaf Architects-ის წამყვანი არქიტექტორის, ნანა ზაალიშვილის ნამუშევარი, რომელიც ქმნის სკულპტურულ ავეჯს, ფოკუსირებულს კვლევასა და ექსპერიმენტებზე, სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა მასალებითა და ტექსტურებით და ეფუძნება ქართული არქიტექტურის ისტორიას.
გამოფენაზე შეხვდებით ობიექტს ნანა ზაალიშვილის შექმნილი კოლექციიდან - ‘’Element’’: შავი სკამი დამზადებულია ორსაუკუნოვანი ხის მასალით, რომელიც ერთ დროს ოდა სახლის საყრდენი იყო.
ნანა ზაალიშვილის ‘’Element’’ კოლექციაზე გავლენა მოახდინა ქართული ტრადიციული ოდა სახლებისა და ქართველი არქიტექტორის - გიორგი ჩახავას მიერ შექმნილმა „სამშენებლო ელემენტმა“. ელემენტი - ეს არის სპეციფიკური ფორმა, ცვალებადი ზომებით, რომელიც ქმნის ავეჯის სხვადასხვა ვარიაციას. სტრუქტურისა და მასალების მრავალფეროვნების გამო, ‘’Element’’ მუდმივად განახლებადია და მომხმარებელს ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას სთავაზობს.
თბილისში შექმნილი ხელნაკეთი კოლექცია საყოფაცხოვრებო მასალების გამოყენებით აცოცხლებს ტრადიციულ ქართულ სამშენებლო მეთოდს და ქმნის ახალ, თანამედროვე სკულპტურულ ავეჯს. კოლექციაში შედის სკამები, მაგიდები, თაროები, კონსოლები და მრავალი სხვა ობიექტი. მასალის მიხედვით მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერისთვისაც.
დაწერე კომენტარი