31 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში წინანდლის მეექვსე კლასიკური მუსიკის ფესტივალი - 9-დღიანი მუსიკალური პროგრამითა და 17 კონცერტით გაიმართება. მსმენელის წინაშე კლასიკური მუსიკის უცხოელი და ადგილობრივი შემსრულებლები, მსოფლიო ვარსკვლავები წარდგებიან და ფესტივალს დასამახსოვრებელ, განსაკუთრებულ მუსიკალურ დღესასწაულად აქცევენ.
ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ ვირტუოზი სოლისტები - ერიკა გრიმალდი, აგნეშკა რელისი, ჩარლზ კასტრონოვო, მარკო მიმიკა, ბრუს ლიუ, მიხაილ პლეტნევი, ჯოშუა ბელი, ირენ დუვალი, ბლაიტ ტე ენგსტრომი, ჯერემი დენკი, სტივენ ისერლისი, მარტინ ფროსტი, ბორის გილტბურგი, კრისტოფ ბარატი, ჟულიენ კანტანი, ლიზა ბათიაშვილი, ალექსანდრე კანტოროვი, ბარბარა ფრიტოლი, ედგარ მორო, ვერიკო ჭუმბურიძე, სოფიკო ჭუმბურიძე, გიორგი მარდალეიშვილი და სანდრო ნებიერიძე.
მუსიკალურ საღამოებს გააფორმებენ დირიჟორები - ჯანანდრეა ნოზედა, სერ ანდრაშ შიფი, ვასილი პეტრენკო და მარტინ ფროსტი, მოვუსმენთ პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის, თუმანიშვილის თეატრის გუნდისა და ქართული ნაციონალური ბალეტის - სუხიშვილების შესრულებებს.
დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:
‘’წელს წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო კლასიკური მუსიკალური ფესტივალების ბიოგრაფიაში 6 წელი ითვლება 1 წლად, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 წელი შეგვისრულდა. ექვსწლიანი შრომით საზოგადოებას და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დავანახეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი, სტაბილური და ძლიერია ფესტივალი. ამ ნდობის მოპოვების შემდეგ წელს გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები, ასეთი მასშტაბის და ამ რაოდენობის მაღალი რანგის ვარსკვლავები ჯერ არ გვყოლია, რაც განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. წელს გვექნება ნამდვილად გრანდიოზული, მასშტაბური და დაუვიწყარი გახსნა, რომელშიც თბილისის ოპერის გუნდი მონაწილეობს, მოუსმენთ 4 ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო დონის ოპერის მომღერალს, ველოდებით პან-კავკასიურ ორკესტრს, რომელსაც მუსიკალური ხელმძღვანელი - ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. ასევე, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი თარიღია 3 სექტემბერი, რადგან პირველად შესრულდება მალერის მესამე სიმფონია, სადაც სოპრანო იქნება ბარბარა ფრიტოლი - ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და წამყვანი მომღერალი, რომელიც ამ პარტიის შესასრულებლად სპეციალურად მოვიწვიეთ.
იხილავთ პიანისტ ჯერემი დენკის, მევიოლინე ჯოშუა ბელის და კიდევ ძალიან ბევრი ვარსკვლავის შესრულებას, ნამდვილად გამორჩეულ კონცერტებს, 9-დღიან მუსიკალურ პროგრამას, რომელიც საოცარი Line Up-ისგან შედგება.
მინდა აღვნიშნო, რომ ახლახან BBC Music Magazine-ში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ ჟურნალში ძალიან დიდი სტატია გამოქვეყნდა წინანდალზე, საქართველოზე და ფესტივალის როლზე, ძალიან გვიხარია, რომ ამ გამორჩეული კუთხით, კლასიკური მუსიკითა და ჩვენი კულტურით აღმოვჩნდით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. სწორედ ახლა, არეულ სამყაროში, როდესაც ჩვენ გარშემო უამრავი ცუდი რამ ხდება პოლიტიკურად, ქვეყნებს შორის დაძაბული ვითარება და ომებია, ამ დროს ჩვენს ქვეყანაში იკრიბებიან დიდი მოღვაწეები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, რაც ქმნის ერთგვარ ‘’საქართველოს სახეს’’ - მუსიკოსები, მუსიკის ენით ქადაგებენ მშვიდობას. გენიალურ ადგილზე, ჭავჭავაძეების მამულში, სადაც უნიკალური გარემოა, იქმნება კლასიკური მუსიკის ოაზისი და არამარტო მუსიკის, წელს პროგრამაში ასევე დავამატეთ სპექტაკლი “მელოტი მომღერალი ქალი” მიხეილ თუმანიშვილის თეატრის გუნდის შესრულებით, ვიხილავთ სუხიშვილების ანსამბლის კონცერტს, ეს ყველაფერი კი კეთდება იმისათვის, რომ უცხოელ სტუმრებს, უამრავ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნიდან გავაცნოთ და გავუზიაროთ ადგილობრივი, ქართული, მდიდარი კულტურა.’’წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი 31 აგვისტოს დაიწყება, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ და ფესტივალის ბილეთებსა და სპეციალურ ნაკრებებს 15%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ნაკრები აერთიანებს ოთახის ჯავშანს ერთი ღამით, საუზმეს ორ სტუმარზე და საღამოსა და მომდევნო დილის კონცერტებზე დასასწრებ ბილეთებს. ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე, ხოლო ნაკრების შეძენაში თიბისის კონცეპტის ასისტენტი დაგეხმარებათ, რომელსაც დაუკავშირდებით ნომერზე - *2777. ფასდაკლება ვრცელდება თიბისი კონცეპტის Visa ბარათებზე.
დაწერე კომენტარი