Balenciaga-მ 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა, რომელიც სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ თავის ბავშვობას, მოდის შესახებ პირველ მოგონებებსა და ადრეულ წლებს მიუძღვნა. ‘’მოდის შესახებ ჩემი პირველი მოგონებები იწყება იმით, რომ ვხატავდი ლუქებს მუყაოზე, ვჭრიდი და ვმართავდი “მოდის ჩვენებებს” ბებიას სამზარეულოს მაგიდაზე. ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, ეს ჩვენება ხელახლა მაკავშირებს ჩემი ხედვის საწყისთან.’’ - წერს დემნა გვასალია.
წლების განმავლობაში ქართველმა დიზაინერმა მსოფლიოს გააცნო თავისი შემოქმედებითი ხედვა, ორიგინალური და განსხვავებული, დამახასიათებელი ხელწერა. ახალმა კოლექციამ გააერთიანა Trompe l'oeil-ით შთაგონებული თეთრეული, ნაქსოვი, ნაქარგი და ჟაკარდის ქსოვილები, ასევე რამდენჯერმე შევხვდით აბრეშუმის კაბას კორსეტიანი ზურგით და დემნასთვის დამახასიათებელ დიდი ზომის ქურთუკებს, ჰუდებს და გაშლილ ჯინსებს. კოლექციაში წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვიშის საათის სილუეტიც, რომელიც მოდის სახლის დამფუძნებლის, Cristóbal Balenciaga-ს არქივს მოგვაგონებს. ყველა ლუქი გაფორმებული იყო აქსესუარებით - სხვადასხვა ფორმის შავი სათვალეებით, ზოგჯერ კი გამჭირვალე თავსაბურავებით. ზოგიერთ მოდელს ჩანთასთან ერთად ხელში iPhone-ები ეკავა, რომელთა ეკრანებზეც განათებით იყო გამოსახული - Balenciaga. ჩვენება დაიხურა დემნას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი - სამკუთხა შავი ატლასის კაბით.Balenciaga-ს ჩვენებას ესწრებოდნენ სახლის ერთგული ვარსკვლავები, მათ შორის - PP Krit, ნიკოლ კიდმანი, კეტი პერი, რომელსაც ხელზე დატანილი ჰქონდა მისი ბოლო ალბომის QR კოდი, ასევე ჩვენების წინა რიგებში გამოჩნდნენ ლინდსი ლოჰანი, სუპერმოდელები ნაომი კემპბელი, ლეტიცია კასტა, Esther Cañadas და სხვები.
ფოტოს წყარო: Vogue Runway, Balenciaga
დაწერე კომენტარი