Balenciaga ლეგენდარულ იტალიელ მომღერალ Mina-სთან ახალ კოლაბორაციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მოდის სახლი მაისურებსა და სათვალეებს, მომღერლის საყვარელი შემსრულებლების, შერჩეული სიმღერების სამსაათიან Playlist-სა და Mina-ს უახლეს ტრეკს "L'Amore Vero’’-ს დებიუტს წარმოადგენს. ეს პროექტი არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად აღიარებული Mina, ექსკლუზიურად, ბრენდთან თანამშრომობით გამოუშვებს სიმღერას. The Balenciaga Music | Mina სერიის სათვალეები და მაისურები ხელმისაწვდომია Balenciaga-ს შერჩეულ მაღაზიებში მთელ მსოფლიოში და ონლაინ, ბრენდის ვებგვერდზე. სახლის კრეატიული დირექტორის - დემნა გვასალიას მიერ შექმნილი შავი ფერის მზის სათვალე შთაგონებულია მომღერლის მაკიაჟით, აქსესუარის ნაწილია Mina-ს ავტოგრაფი და ექსკლუზიური QR კოდი, რომლის დასკანერებითაც ახალი ტრეკი იხსნება. "L'Amore Vero’’-ს მოსმენა 22 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება, მაისურებს, მათზე მომღერლის ფოტო და მისი 106 ალბომის სიაა გამოსახული. სამოსს უკავშირდება NFC (Near Field Communication) ჩიპი, რომელიც თავსებადი მოწყობილობით აქტიურდება და ასევე რთავს ახალ ტრეკს. კოდითა და ჩიპის საშუალებით სიმღერის პრემიერის ორიგინალური მეთოდი Balenciaga-მ შემუშავა, რათა ხაზი გაუსვას მოდის სახლის ინოვაციურ მიდგომას ტექნოლოგიებისა და პროდუქტის დიზაინის სფეროებში.
იმის გამო, რომ მუსიკა Balenciaga-ს კულტურისა და შემოქმედებითობის განუყოფელი ნაწილია, Balenciaga Music პლატფორმა შეიქმნა იმისათვის, რომ მომხმარებლებს ახალი გამოცდილება შესთავაზოს, რომელიც მოიცავს სპეციალურად შერჩეულ Playlist-ებს, შეზღუდული რაოდენობის პროდუქტებს, ექსკლუზიურ კონტენტსა და ინტერაქტიულ კამპანიებს. პროექტის კიდევ ერთი მიზანია შეიქმნას ორიგინალური კომპოზიციები სპეციალურად Balenciaga-სთვის, სახლის ჩვენებებისა და სხვადასხვა საინტერესო კამპანიისთვის.
ფოტოს წყარო: Balenciaga
დაწერე კომენტარი