Balenciaga-ს Resort 2025 მამაკაცისა და ქალის გაზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება ჩინეთში, შანხაიში მდებარე Pudong-ის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, რომელიც შექმნილია ფრანგი არქიტექტორის - ჟან ნუველის მიერ. 

მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ ახალი კოლექციიდან წარადგინა Giant Bootie, ტყავის ჩექმა დიდი ზომის პლატფორმით, რომლის ძირის სიმაღლე 18 სანტიმეტრია, Platform Sneaker 16 სანტიმეტრის სიმაღლის სპორტული ფეხსაცმელი, ასევე Rodeo Bag ჩანთა ახალი ინტერპრეტაციით, Shopper Garment და Garde Robe Shirt Bag ჩანთები. 

ახალი კოლექცია ძირითადად მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, თითოეულ ლუქში კარგად ჩანს დემნა გვასალიას ხელწერა, მონოქრომული სამოსი - დიდი ზომის პიჯაკები, კოსტიუმები, პალტოები, ტყავის ქურთუკები, ფართო შარვლები და ჯინსები. 

გარდა ყოველდღიური სამოსისა, ახალი კოლექცია მაქმანებით და სხვადასხვა დეტალებით გაფორმებულ როგორც ოქროსფერ და ვარდისფერ, ისე შავ და თეთრ კაბებსაც წარმოადგენს.

ჩვენებაზე ვიხილეთ Balenciaga-ს და Under Armour-ის თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია - Oversize მაისურები, ჰუდები, შარვლები და აქსესუარები. 

კიდევ ერთი კოლაბორაცია კი Alipay-სთან, ჩინეთში მობილური კავშირის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან შედგა და მათ ერთობლივად შექმნილი მაისური გამოუშვეს.


ფოტოს წყარო: Vogue Runway