ლოს-ანჯელესში, უიძორების ბულვარში დემნა გვასალიამ Balenciaga-ს 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. პალმის ხეებისა და ლეგენდარული Hollywood-ის აბრევიატურის ფონზე მოდის სახლმა 73 ლუქი წარმოადგინა. ლოს-ანჯელესი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დანიშნულების წერტილი არ არის, სადაც Balenciaga-ს ჩვენების წარდგენა გაიმართა. შარშან ბრენდის 2023 წლის Resort კოლექციის ჩვენება ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოეწყო.
სკანდალის, ბრენდის მძიმე პერიოდისა და ძველი ღირსების აღდგენის მცდელობასთან ერთად, დემნა საკუთარი ექსტრავაგანტური ხედვის დასტაბილურებასა და მინიმალისტური, ახალი Balenciaga-ს ნიშას შექმნას ცდილობდა, თუმცა წინა დღეს წარმოდგენილმა კოლექციამ დიზაინერის ძირითადი ხედვა პოდიუმზე კვლავ დააბრუნა. მობილურ ტელეფონზე მოსაუბრე მოდელებთან ერთად, ლოს-ანჯელესისათვის დამახასიათებელი სტილის ელემენტებიც ვიხილეთ - სპორტულ სამოსში გამოწყობილი მოდელები ყავით ხელში.
2024 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე ამერიკელი რეპერი, Cardi B მოდელის ამპლუაში ვიხილეთ. ამასთან ერთად, ლოს-ანჯელესის მზიან დღეს ესპანური მოდის სახლის ჩვენებას ნიკოლ კიდმანიც ესწრებოდა, რომელიც კოლექციის წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე ბრენდის ოფიციალურ ამბასადორად დასახელდა.
დაწერე კომენტარი