საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც რეგიონში, ნორმანდიაში ეტრეტატის ბაღები მდებარეობს, რომელიც 150 000-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარესა და ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. ბაღში მცენარეების უმრავლესობა მარადმწვანეა, შესაბამისად, სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში აყვავებული პეიზაჟი და ულამაზესი გარემო ხვდება, ბაღი სტუმრებისთვის ღიაა ყოველ სეზონზე, 20 დეკემბრიდან 5 თებერვლამდე კი იგი დროებით იკეტება.

IMG_4394.png 1.25 MB
ბაღის ისტორია გასულ საუკუნეში დაიწყო - მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1905 წელს ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა მადამ ტაბომ ეტრეტატის ერთ-ერთ კლდეზე თავისი ვილა ააშენა და მის ბაღში პირველი ხე დარგო. ვილას მადამ ტაბომ  "La Roxelane" შეარქვა, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი საყვარელი ისტორიული ფიგურის - სულთან სულეიმანის ლეგენდარული ცოლის პატივსაცემად. ეს ადგილი იყო შთაგონების წყარო მრავალი მხატვრისთვის - დაწყებული კლოდ მონედან, ჟან-ბატისტ-კამილ კორომდე.

მსახიობმა შექმნა ბაღი, რომელიც პირველი იყო ინგლისის არხისა და ეტრეტატის კლდეების ყველაზე გამორჩეული ხედებით. ერთი საუკუნის შემდეგ, ბაღს რესტავრაცია ჩაუტარდა ბრიტანული კომპანიის, IL Nature-ისა და საერთაშორისოდ ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორის, ალექსანდრე გრივკოს მიერ, რომელიც შთაგონებული იყო ნორმანდიის სანაპიროს ფლორით. ბაღის ლანდშაფტი თანამედროვე ხელოვნების კოლექციით გაფორმდა, რაც მნახველს შესაძლებლობას აძლევს იხილოს ადამიანის ხელის, ბუნებისა და ისტორიული ელემენტების შერწყმა. რესტავრირებული ბაღი საზოგადოებისთვის ხელახლა 2017 წელს გაიხსნა.

IMG_4392.png 1.34 MB
კიდევ ერთი შთაგონება არქიტექტორისთვის მეფე ლუი XIV-ის ცნობილი მებაღის, ანდრე ლე ნოტრის პრინციპები იყო, რომელიც განთქმულია ვერსალის სამეფო ბაღებისა და პარკების დიზაინით, საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეებით ვიზუალური ეფექტების შექმნით. ამ მიდგომის გათვალისწინებით, Jardins d'Étretat მოიცავს მასშტაბურ მცენარეულ კომპოზიციებს, რომლებიც ხაზს უსვამს ნორმანდიის ბუნებრივ მახასიათებლებს. ბაღში შეხვდებით სხვადასხვა ფორმის ტოპიარებს, მაგალითად, "ზღვის ჭურვებისა" და "ალაბასტერის სანაპიროს კლდეების" გამოსახულებებს.
IMG_4387.png 1.92 MB
Jardins d'Étretat-ის არაერთ არტისტთან თანამშრომლობს. ბაღში წარმოდგენილია 50-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრები, გარდა ამისა, მასპინძლობს გამოფენებს, მხატვრულ ღონისძიებებს, კონცერტებსა და სპექტაკლებს. ეს მოვლენები და შემოქმედებითი მხარე ბაღის სილამაზესთან და ცოცხალ ეკოსისტემასთან ერთად გახდა საფუძველი იმისა, რომ სტუმრები ამ ადგილის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

ბაღში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სახელგანთქმული ნამუშევარია ესპანელი მხატვრის, Samuel Salcedo-ს "წვიმის წვეთები'', რომელიც ადამიანების სახეების გამოსახულებებს ტოპიარების გარემოცვაში წარმოადგენს და სხვადასხვა ემოციას, განწყობასა და ხასიათს გამოხატავს. აქვე მდებარეობს Jardin d'Aval - ორქიდეების კოლექციით, რომლის ინსპირაციაც “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” იყო. ბაღში ათობით ნამუშევარს შორის წარმოდგენილია თომას როსლერის ინსტალაცია "მაგიდა და სკამები", 10 მეტრი სიგრძის ავეჯის კომპლექტის ინსტალაცია, რომელიც დამზადებულია მუხისგან, ასევე The Tree Hugger Project ტოტებისა და ხის ნატეხებისგან შექმნილი ქანდაკებები და Greyworld Group-ის "Clockwork Forest", რომელიც ხეში ჩასმული გასაღების იმიტაციას ქმნის.

IMG_4386.png 1.5 MB
2022 წლის დეკემბერში Jardins d'Étretat-მა წამოიწყო არტ-რეზიდენციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნორმანდიის მხატვრული მემკვიდრეობის გამდიდრებას ინტერდისციპლინარული თანამშრომლობის სახითა და ახალი შესაძლებლობების შექმნით, რითაც მხარს უჭერენ ახალგაზრდა მხატვრებს. მხატვრული კვლევის პროექტის ფარგლებში, არტისტებისთვის გამოცხადდა კონკურსი  - მათ უნდა შეექმნათ ნამუშევრები, რომლებიც ინოვაციურად შეისწავლიდა რეგიონის კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას. 178 განაცხადიდან შეირჩა იზაბელ ჟუდესისა და იგა ვანდენჰოვის პროექტი, რომლებმაც ბაღისთვის მულტიდისციპლინარული ნამუშევარი შექმნეს.


ფოტოს წყარო: Les Jardins d'Etretat