Halloween Underground გერმანელი ფოტოგრაფის, სეიმურ ლიხტის 20-წლიანი მუშაობის შედეგია - ფოტოების კოლექცია, რომელიც ასახავს ჰელოუინის განწყობას, მრავალფეროვან კოსტიუმებს, სხვადასხვა გმირებად გარდაქმნილ ადამიანებს, რომლებიც ფოტოგრაფმა თავისი ობიექტივით ნიუ-იორკის მეტროში აღბეჭდა. Halloween Underground-ის ისტორია 2003 წელს დაიწყო, როდესაც ლიხტი ჰელოუინის აღლუმზე მიდიოდა, გზად კი ‘’რკინის კაცად’’ გარდაქმნილი ადამიანი დაინახა, რომელიც მეტროს კარების დაკეტვას ეწინააღმდეგებოდა, მიწისქვეშ ნანახი მომენტები ფოტოგრაფისთვის გახდა ინსპირაცია, ხალხი მგზავრობის პროცესში გადაეღო, რაც კიდევ უფრო იდუმალ, საინტერესო და უცნაურ ხასიათს სძენდა ფოტოებს.
შემდეგი წლების განმავლობაში სეიმურ ლიხტმა აქცენტი მთლიანად მეტროზე გააკეთა - ნაცვლად აღლუმებისა, იგი მიწისქვეშა ტრანსპორტით საათების განმავლობაში დადიოდა და ადამიანებს ფოტოებს უღებდა. როგორც თავად ფოტოგრაფი აღნიშნავს, ადამიანებს გადაღებაზე ერთმანეთისგან განსხვავებული რეაქციები აქვთ - ზოგს საერთოდ არ მოსწონს კამერის დანახვა, ზოგი კი პირიქით, საზეიმო განწყობით ხვდება ერთგვარ ფოტოსესიას და ზოგჯერ საკმაოდ უცნაური, არაორდინალური კოსტიუმით თამამად პოზირებს კამერის წინ.
შესაბამისად, სეიმურ ლიხტის ობიექტივში მეტრო ღამის მთავარი მოვლენის ერთგვარი კულისები გახდა, საშინელებათა გმირების კოსტიუმებთან ერთად ფოტოსერიას გარემო - ბნელი გვირაბები და სხვადასხვა განათებები კიდევ უფრო მისტიკურს ხდის. ლიხტმა 20 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოებიდან მისთვის ყველაზე გამორჩეულებს თავი მოუყარა Halloween Underground-ის წიგნში, რომელიც შარშან გამოქვეყნდა.
თავად ფოტოგრაფისა და კოლექციის ავტორისთვის საყვარელი სურათია - "Double Doll", რომელიც ოპტიკური ილუზიის კოსტიუმს ასახავს - დიდი თოჯინის ფორმაში გამოწყობილ ადამიანს, რომელსაც ხელში პატარა თოჯინა უჭირავს. კოლექცია უამრავ ფოტოს და ერთმანეთისგან განსხვავებულ ფორმას, კოსტიუმსა და გამოსახულებებს აერთიანებს, ლიხტის Halloween Underground-ში თითქმის ყველანაირ გმირს შეხვდებით - დაწყებული უცხოპლანეტელებიდან და ასტრონავტებიდან, მოჩვენებებამდე და შემზარავ ‘’სერიულ მკვლელებამდე’’.
ფოტოს წყარო: Halloween Underground, Dazed
დაწერე კომენტარი