ჩვენი მოგზაურობის დანიშნულების ბოლო ადგილი ბაკურიანია. სუფთა ჰაერი, წიწვოვანი ტყეები, ალპური მდელოები, თავშესაქცევი აქტივობები და გრილი საღამოები, ბაკურიანი დასასვენებლად ზაფხულშიც გამორჩეული და სასიამოვნო ადგილია.
Kokhta Bakuriani
ტყესთან და საბაგიროსთან ახლოს, Rooms Studio-ს შექმნილი ინტერიერის დიზაინით, სასტუმრო Kokhta Bakuriani საუკეთესოა ბაკურიანში დასასვენებლად. დიზაინერების - ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას ავეჯითა და ობიექტებით გაფორმებული ინტერიერი სასტუმროს გამორჩეულს ხდის. განსაკუთრებულია სასტუმროს რესტორანში სხვადასხვა ფიგურებით დაფარული ბუხარი, რომელიც იდეალურია მყუდრო საღამოების გასატარებლად.
სასტუმრო Kokhta Bakuriani-თან ახლოს კოხტას საბაგიროა. ნაძვებში ჩაფლული საბაგიროდან და კოხტის წვერიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება ბაკურიანზე. კოხტადან გირჩევთ მიტარბიზე ფეხით გადახვიდეთ. სასიამოვნოა ტყეში მიმავალ ბილიკებზე სეირნობა.
მიტარბის საბაგირო
ზაფხულში მიტარბის ორივე საბაგირო ფუნქციონირებს. საბაგიროდან განსაკუთრებული ხედები იშლება თვალუწვდენელ ტყეებზე.
მიტარბის ტბა
მიტარბის საბაგიროდან თვალს მოჰკრავთ ლურჯად შეფერილ ტბას, რომელიც M.T.A.-ის ხელოვნური რეზერვუარია. საბაგიროს ბოლოდან შეგიძლიათ ფეხით ჩახვიდეთ ტბამდე და მის გარშემო გაისეირნოთ. მშვენიერი სანახაობაა ტბის ლურჯი ზედაპირი, ფონად კი ნაძვებით დაფარული მთები.
მიტარბის “ხიჟინა”
თუ სეირნობის შემდეგ შესვენებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, მიტარბის “ხიჟინას” ესტუმროთ, გარე მაგიდას მიუსხდეთ და მზეს მიეფიცხოთ. ღრუბლიან და გრილ ამინდებში კი შეგიძლიათ შიგნით ბუხართან მყუდროდ მოთავსდეთ და მენიუდან თქვენთვის სასურველი კერძები და სასმელი შეუკვეთოთ.
დიდველის ტობოგანი
თუ შედარებით ექსტრემალური აქტივობა გსურთ, გირჩევთ, დიდველს ესტუმროთ. დიდველის ტობოგანი ნამდვილად თავშესაქცევი ატრაქციაა, სადაც გართობა და ადრენალინი გარანტირებულია.
და ბოლოს, გირჩევთ, აუცილებლად გაისეირნოთ დიდველის პანორამა-ფუნიკულიორით. ფუნიკულიორს, რომელიც უეს ანდერსონის სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტს” მოგაგონებთ, ბაკურიანის უმაღლეს წერტილზე, ზღვის დონიდან 2 683 მეტრზე აჰყავხართ, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება.
დაწერე კომენტარი