არქიტექტურული სტუდიის - MUA-ს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი - ‘’ვილა აბასთუმანი’’ კლდოვან რელიეფსა და მდინარეს შორისაა მოქცეული. პროექტის ტერიტორიის ერთ ბოლოში საბჭოთა პერიოდში აშენებული ყოფილი საბაგიროს შენობაა განთავსებული, მეორე ბოლოში კი - იმპერიის დროინდელი აგურის სათავსო. ორი შენობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა როგორც ფუნქციით, ისე არქიტექტურული სტილითა და მასალით. MUA-ს მიზანი იყო შეენარჩუნებინა შენობების ავთენტური სახე და ახალი, კონტრასტული არქიტექტურული ელემენტების შემოტანით მათ შორის დიალოგი გაება. 

ახალი პროექტი აბასთუმანში მდებარეობს. ტერიტორია ორ წერტილში უკავშირდება საავტომობილო გზას, რაც მას ბუნებრივად ინტეგრირებულ კვანძად აქცევს. დაბა აბასთუმანი გამოირჩევა განსაკუთრებული კლიმატური პირობებით და ისტორიული მნიშვნელობის კულტურული, სამეცნიერო და საკურორტო ობიექტებით, სწორედ ამ ორი ნაგებობის ისტორიულ მნიშვნელობას, მათ როლს, ტერიტორიის განწყობასა და ხასიათს ინარჩუნებს MUA. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობებს პირვანდელი ფუნქცია დაკარგული აქვთ, ისინი ინარჩუნებენ კულტურულ კონტექსტს და სივრცის განსაკუთრებულ იდენტობას განსაზღვრავენ. 

4fa1bc66-a0e8-4b55-9b4d-df357425d093.jpeg 370.64 KB
პროექტის ახალი ელემენტის არქიტექტურული გადაწყვეტა არსებული ნაგებობების ერთმანეთთან ორგანული კავშირია. აგურის დამხმარე ნაგებობა, რომელიც იმპერიის დროინდელი არქიტექტურული ტიპოლოგიით ხასიათდება, ხოლო რკინა-ბეტონის საბაგირო, რომელიც უკვე საბჭოთა პერიოდის ტექნიცისტური ნაგებობაა, ქმნის გარკვეულ ურთიერთკავშირს. ხოლო მათ შორის თანამედროვე მასალებით და ექსპრესიულობით შექმნილი ახალი მოცულობა ხაზს უსვამს დროით განსხვავებას, აძლიერებს არქიტექტურულ დიალოგს სხვადასხვა ეპოქას შორის, ერთიან ანსამბლში აქცევს ნაგებობებს და სივრცის საერთო ისტორიას განაგრძობს.
879a472b-7c92-4b5d-b8a7-a12fdedc6804.jpeg 441.8 KB
MUA-ს სამუშაო პრაქტიკა მრავალფეროვან პროექტებს მოიცავს, როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. სტუდიის სამუშაო პროცესი გარემოსთან მუდმივი დიალოგის, მრავალმხრივი ძიების, შემოქმედებითი დამოკიდებულებისა და ტექნიკური ცოდნის ღრმა სინთეზს წარმოადგენს.



ფოტო: გიორგი მამასახლისი