არქიტექტურული სტუდია - MUA Architecture & Placemaking ახალ პროექტს - Tskneti Residences წარმოადგენს. წყნეთში მდებარე სახლი ვარდისფერი ბეტონის ფასადითა და ერთმანეთში ბუნებრივად გარდამავალი გახსნილი სივრცეებით ხასიათდება, რაც გარემოსთან უშუალო კავშირსა და ჰარმონიას ქმნის. Tskneti Residences ორი საცხოვრებელი სახლისგან შედგება, შენობის არქიტექტურის მთავარი თემა ექსტერიერსა და ინტერიერში კონსტრუქციული დეტალების ხაზგასმა და მათი სხვადასხვაგვარი ძვირფასი მასალებით აქცენტირებაა.
საცხოვრებელი სახლის მიწისპირის სართულზე განლაგებულია საერთო ოთახი, სასადილო და სამზარეულო, რომლებიც ერთმანეთისგან გამიჯნულია ორ დიაფრაგმას შორის გაჭრილი კიბის უჯრედით. მეორე სართულზე განლაგებულია საძინებელი ოთახები, რომელთა ინტერიერიც მეტწილად ინარჩუნებს შენობის ძირითად არქიტექტურულ ესთეტიკას - ექსტერიერში არსებული დეტალების, ფერების ან სივრცობრივი გადაწყვეტის გამეორებით. სივრცობრივ გადანაწილებასთან და მასალების ურთიერთმონაცვლეობასთან ერთად ინტერიერის ფორმირებაში ძირითად როლს ავეჯი ასრულებს.
მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე არქიტექტურული სტუდია MUA Architecture & Placemaking ქმნის საინტერესო და ორიგინალურ პროექტებს როგორც არქიტექტურის, ასევე ურბანული და სივრცითი დიზაინის მიმართულებით. სტუდიის სამუშაო პროცესი გარემოსთან მუდმივი დიალოგის, მრავალმხრივი ძიების, შემოქმედებითი დამოკიდებულებისა და ტექნიკური ცოდნის ღრმა სინთეზს წარმოადგენს. MUA Architecture & Placemaking-ის პროექტებს ვხვდებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ - სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ალბანეთსა და გერმანიაში.
ახალ პროექტზე იმუშავა MUA Architecture & Placemaking-ის გუნდმა - დევი ქიტუაშვილის, გოგიკო საყვარელიძის, მარია ფელანგიას, ნატალია ნებიერიძის, ლევან ძეგველაშვილის, ანა გრიგოლიას, შირინ შაჰრუდის, უჩა ზღუდაძის, სალომე კაცაძის, სალომე მამრიკიშვილის, მერაბ მებუკეს, დიტო გოგუაძისა და ბექა მელაძის შემადგენლობით.
ფოტო: გიორგი მამასახლისი









დაწერე კომენტარი