MUA Architecture & Placemaking - არქიტექტურული სტუდია, რომელიც არქიტექტურის, ურბანული და სივრცითი დიზაინის მრავალფეროვანი პროექტებით გამოირჩევა, კიდევ ერთ საინტერესო პროექტს - ახალდაბაში მდებარე სახლს წარმოადგენს, რომლის ფართობი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ორ სართულზე განთავსებული კერძო საცხოვრებელია საცურაო აუზით. ისევე როგორც MUA Architecture & Placemaking-ის სხვა პროექტები, კონკრეტული სახლიც გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმულ არქიტექტურას და შემოქმედებით დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

არქიტექტურა ერწყმის ლანდშაფტს და ტერასულად ვითარდება ფერდობზე. შენობა სამი ბლოკისგან შედგება, რომელთა მიმართულება, ლანდშაფტის გარდა, ფუნქციების ურთიერთკავშირმაც განსაზღვრა. შიდა საფეხურებით ერთმანეთთან დაკავშირებული ბლოკები ერთ მთლიანობას წარმოადგენს, ბლოკების ცვლილება კი ლანდშაფტთან ნახევრად გახნილ სივრცეებს ქმნის. ბუნებასთან კავშირი ჩანს ფასადზეც, რომელიც ხვიარა მცენარეებითაა დაფარული.

სახლის შესასვლელში განთავსებული ორანჟერეადან გადავდივართ დღის ზონაში, შემდეგ კი საძინებლებში, რომლებიც ორ სართულზეა განთავსებული. საერთო ოთახის სახურავზე მდებარეობს ტერასა და საცურაო აუზი, სადაც მოხვედრა შეიძლება როგორც საძინებლის ზონის მეორე სართულიდან, ისე ეზოში მოწყობილი გარე კიბით. ინტერიერიდან ხედები ხევის მიმართულებით იშლება. 


პროექტზე იმუშავა MUA Architecture & Placemaking-ის გუნდმა - დევი ქიტუაშვილმა, გოგიკო საყვარელიძემ, მარია ფელანგიამ, მარიტა რურუამ, სალომე კაცაძემ, თეონა რეხვიაშვილმა, დაჩი ჭეჟიამ, ელენე ედიშერაშვილმა და ბექა მელაძემ.


ფოტო: გიორგი მამასახლისი