თბილისს ერთი უცნაური თვისება აქვს - რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ აქ, მით უფრო ნაკლებს ამჩნევ. ნაცნობ ქუჩებს ისე მიუყვები, თითქოს მათ შესახებ უკვე ყველაფერი იცი. აღარ უყურებ ძველი სახლების ფასადებს, აღარ ამჩნევ აივნებზე გამოკვეთილ ორნამენტებს, სადარბაზოს ჭერზე შემორჩენილ მოხატულობას ან ხის კარს, რომლის მიღმაც სრულიად სხვა ეპოქა იწყება.
და მაინც, ზოგჯერ საკმარისია ერთი შემთხვევითი მზერა, რომ ქალაქი თავიდან შეგიყვარდეს.
ჩემთვის თბილისი სწორედ ასეთი დაუსრულებელი აღმოჩენების ქალაქია. ყოველთვის მხიბლავდა მისი ისტორია, არქიტექტურა და ის საოცარი მრავალშრიანობა, რომელსაც თითქმის ყოველ ქუჩაზე ვაწყდებით. აქ თითქოს რამდენიმე ეპოქა ერთდროულად ცხოვრობს. ერთი სახლის ფასადზე შეიძლება სრულიად განსხვავებული დროის კვალი აღმოაჩინო, ერთი სადარბაზოს მიღმა კი ისეთი სამყარო დაგხვდეს, რომელიც გარედან არაფრით ჩანს.

ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, როცა ქალაქში დავდივარ და ზუსტად არ ვიცი, შემდეგ რას აღმოვაჩენ. შეიძლება ერთი ქუჩიდან მეორეში გადავუხვიო მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც საინტერესო აივანი შევნიშნე. შეიძლება ძველი სადარბაზოს კართან გავჩერდე ან შენობის ფასადზე ისეთი ორნამენტი დავინახო, რომელიც აქამდე არასდროს შემიმჩნევია.
მერე კამერას ვიღებ, კადრს ვეძებ, სინათლეს ვაკვირდები და ზოგჯერ დრო სრულიად მავიწყდება. ერთი დეტალის გადასაღებად გაჩერებული შეიძლება სულ სხვა ისტორიას გადავაწყდე. ერთი აღმოჩენა მეორეს მიჰყვება და ნაცნობი ქუჩები ნელ-ნელა სრულიად უცხო, მაგრამ საოცრად ახლობელ ადგილებად იქცევა.
ამ დროს თითქოს ქალაქში კი არ ვიკარგები, პირიქით - ჩემს თბილისს უფრო ახლოს ვეცნობი.
არქიტექტურა, რომელიც სხვა თვალით უნდა დაინახო
ძველ თბილისში ყველაზე საინტერესო ადგილები ხშირად ყველაზე ნაკლებად შესამჩნევია. ქუჩის ხმაურიდან რამდენიმე ნაბიჯში შეიძლება ისეთ სადარბაზოში აღმოჩნდე, სადაც დრო თითქოს სხვანაირად გადის. კედლებზე ძველი საღებავის ფენები ჩანს, კიბის მოაჯირს წლების კვალი ატყვია, ფერადი მინებიდან შემოსული სინათლე კი იატაკზე ისეთ ნახატს ქმნის, რომელსაც რამდენიმე წუთში ვეღარ დაინახავ.
ბოლო დროს განსაკუთრებით მიზიდავს თბილისის არქიტექტურაში დამალული წრიული ფორმები. მრგვალი სარკმლები, ფასადებზე დატანილი წრიული ორნამენტები, თაღების მოხაზულობა, კიბეების მომრგვალებული ხაზები - დეტალები, რომლებსაც ხშირად ისე ჩავუვლით, ვერც კი ვამჩნევთ.
საინტერესოა, როგორ შეიძლება ერთი მარტივი გეომეტრიული ფორმა სრულიად განსხვავებულ შენობებში აღმოაჩინო. ზოგჯერ მრგვალი სარკმელი ძველი სახლის ფასადზე მოულოდნელად გამოჩნდება, ზოგჯერ წრიული დეკორი სადარბაზოს კარის თავზე იმალება, ზოგჯერ კი მთელი არქიტექტურული კომპოზიცია სწორედ ამ ფორმის გარშემო იქმნება.
ასეთი დეტალების ძიებისას განსაკუთრებით მძაფრად ვგრძნობ, რამდენად საინტერესოა თბილისი მაშინ, როცა მას ჩვეულებრივი გამვლელის ნაცვლად ცნობისმოყვარე დამკვირვებლის თვალით უყურებ.
ჩემთვის ეს Mastercard-ის Tbilisi – The Priceless City პროექტის იდეასაც ეხმიანება - აღმოაჩინო ნაცნობ ქალაქში ის, რაც აქამდე შეუმჩნეველი გრჩებოდა. ამჯერად სწორედ წრიული არქიტექტურული ფორმები ხდება თბილისის ხელახლა აღმოჩენის ერთ-ერთი საინტერესო გზა.
ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი შეიძლება სრულიად ახალი მარშრუტის დასაწყისად იქცეს. მრგვალი სარკმლის გადასაღებად მისული სხვა ორნამენტს აღმოაჩენ, შემდეგ მეზობელ სადარბაზოში შეიხედავ და საბოლოოდ ისეთ ადგილას აღმოჩნდები, რომლის არსებობაც მანამდე არ იცოდი.
ალბათ, ამაშია ქალაქის აღმოჩენის ყველაზე დიდი სიამოვნებაც - არასდროს იცი, ერთი პატარა დეტალი სადამდე მიგიყვანს.
თბილისი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ
თუ მკითხავთ, თბილისის რომელი დეტალის დაკარგვა დამენანებოდა ყველაზე მეტად, ალბათ, ავთენტურ სახლებს, თბილისურ აივნებსა და ეზოებს გამოვყოფდი. მათ გარეშე ძველი თბილისის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია.
თბილისური აივანი მხოლოდ არქიტექტურული დეტალი არასდროს ყოფილა. ის სახლსა და ქუჩას შორის ერთგვარი ხიდია, ადგილი, საიდანაც ადამიანები ერთმანეთს ესალმებოდნენ, მეზობლებს ესაუბრებოდნენ და ქალაქის ყოველდღიურობას აკვირდებოდნენ.
ეზო კი სულ სხვა სამყაროა. აქ რამდენიმე ოჯახის ცხოვრება ერთმანეთს კვეთს, იზრდებიან ბავშვები, იკრიბებიან მეზობლები, ისმის სიცილი და საუბარი. სწორედ აქ იბადება პატარა, ადამიანური ისტორიები, რომლებიც წლების შემდეგ ყველაზე ძვირფას მოგონებებად იქცევა.
ძველი ხის მოაჯირები, გაცვეთილი კიბეები, ღია კარები, ერთმანეთისკენ მიმართული აივნები - ყველაფერი ერთად ქმნის იმ თბილისს, რომელიც ჩემთვის ასე განსაკუთრებულია. ხანდახან სწორედ ამ არასრულყოფილებაშია ყველაზე დიდი სილამაზე.
როცა ასეთ ადგილს ვიღებ, მხოლოდ მისი სილამაზის შენარჩუნება არ მინდა. მინდა, კადრში დროის კვალი, ქალაქის ხასიათი და ის უხილავი ამბავი დავიჭირო, რომელსაც შენობა თითქოს თავად გვიყვება.
ფოტო ჩემთვის სწორედ ამის საშუალებაა - შეაჩერო ერთი წამი და შეინარჩუნო რაღაც, რაც შეიძლება ხვალ უკვე აღარ დაგხვდეს.
ჩემი შეუფასებელი თბილისი
ალბათ, ყველა ადამიანს თავისი თბილისი აქვს. ზოგისთვის ეს ბავშვობის ქუჩაა, ზოგისთვის - სახლი, სადაც საყვარელი ადამიანები ცხოვრობდნენ, პირველი შეხვედრის ადგილი ან ძველი ეზო, რომელსაც განსაკუთრებული მოგონება უკავშირდება.
ჩემი თბილისი კი უამრავი პატარა აღმოჩენისგან შედგება. დეტალებისგან, რომლებსაც შეიძლება სხვები ვერც ამჩნევდნენ. ისტორიებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია. იმ მოულოდნელი აღფრთოვანებისგან, რომელსაც ყოველი ახალი ადგილი იწვევს.
სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო Mastercard-ის Tbilisi - The Priceless City პროექტი. მისი მთავარი იდეა ჩემთვის ძალიან ახლობელია - ქალაქის ღირებულება მხოლოდ ცნობილ შენობებში, ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ მარშრუტებში არ უნდა ვეძებოთ. ზოგჯერ ყველაზე საინტერესო ამბავი სწორედ იმ დეტალში იმალება, რომელსაც ყოველდღე გვერდს ვუვლით.
წრიული არქიტექტურული ფორმების აღმოჩენაც ამის კარგი მაგალითია. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მრგვალი სარკმელი შეიძლება ქალაქის სრულიად სხვა კუთხით დანახვის მიზეზი გახდეს. სწორედ ასეთი პატარა აღმოჩენები ქმნის იმ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომელსაც წინასწარ ვერ დაგეგმავ და ვერც ფულად ღირებულებას მიანიჭებ.
ჩემთვის Priceless ის განცდაა, როცა ნაცნობ ადგილს სრულიად სხვა თვალით ხედავ და ხვდები, რომ ქალაქი, რომელსაც ყოველდღე უყურებ, გაცილებით მეტს ინახავს, ვიდრე წარმოგედგინა.
თბილისის სიყვარული მხოლოდ მისი სილამაზით აღფრთოვანება არ არის. ეს არის სურვილი, უკეთ გავიცნო, მეტი აღმოვაჩინო და სხვებსაც გავუზიარო.
და თუ ოდესმე ნაცნობ ქუჩაზე მიმავალს უცებ მოგინდებათ გაჩერება, ძველი სახლისთვის ახედვა ან რომელიმე ეზოში შეხედვა, აუცილებლად გააკეთეთ ეს. იქნებ სწორედ იქ, ერთი პატარა მრგვალი სარკმლის მიღმა, თქვენი თბილისის ახალი ისტორია აღმოაჩინოთ.
რადგან ზოგჯერ ყველაზე შეუფასებელი სწორედ ის არის, რასაც პირველად ვამჩნევთ ქალაქში, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ.
ლიკა | Tbilisi in Details
მასალა მომზადებულია Mastercard-ის Tbilisi – The Priceless City პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისის კულტურული მემკვიდრეობის, არქიტექტურული დეტალებისა და შეუფასებელი ისტორიების აღმოჩენას ეძღვნება.



დაწერე კომენტარი