შვეიცარიაში, სენტ მორიცის საკულტო ალპურ კურორტზე მდებარეობს მე-19 საუკუნეში აგებული ზღაპრული სასტუმრო, რომელიც სამთო-სათხილამურო დასვენების მოყვარულთათვის ფუფუნების სინონიმად არის ქცეული. 

ლეგენდარული სასტუმროსა და მისი შემქმნელი ბადრუტების ოჯახის ისტორია 1856 წელს იწყება, როდესაც იოჰანს ბადრუტმა სენტ მორიცში მდებარე პატარა საოჯახო, 12-ნომრიანი სასტუმრო შეიძინა და მისი აღდგენა დაიწყო. მოგვიანებით, რეკონსტრუქციის პროცესის დასრულების შემდეგ, იოჰანს ბადრუტის მეთაურობით სასტუმრო Engadiner Kulm გაიხსნა, რომელიც დღეს Kulm Hotel St. Moritz-ის სახელით არის ცნობილი. იოჰანსმა თავისი სტუმრებისათვის კერძო სათხილამურო მოედანი გააკეთა, ხოლო ოჯახის მიერ სენტ მორიცის დაპყრობა 1864 წელს მისი ვაჟის, კასპარ ბადრუტის მიერ Beau Rivage-ს სასტუმროს შეძენით გრძელდება.  ბადრუტების ოჯახის მომდევნო წარმომადგენელმა სასტუმრო Beau Rivage ციურიხიდან დაქირავებული არქიტექტორების დახმარებით ყველასათვის კარგად ნაცნობ Badrutt’s Palace-ად გადააკეთა. სასტუმრო ახლებური სახით 1896 წელს გაიხსნა. 

სასტუმროს საზეიმო გახსნის შემდეგ ბადრუტების ოჯახი აქტიურად მუშაობდა მის გასაფართოებლად. 1935 წელს ბადრუტებმა სენტ მორიცში მდებარე ისტორიული სახლი, Chesa Veglia შეიძინეს, რაც მოგვიანებით რესტორნად გადაკეთდა. Მათი მიზანი Badrutt’s Palace-ის სტუმრებისათვის გასაოცარი კულინარიული სიამოვნების სასტუმროს ტერიტორიის გარეთ შეთავაზება იყო.  ისტორიული სასტუმრო 1967 წელს, ხანძრის შემდეგ, აღადგინეს. რესტავრაციის დასრულების მერე, 1969 წელს, სასტუმროს ფუნქციურ 157 ნომერს, მათ შორის - 43 ლუქსს, საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი დაემატა. ამასთან ერთად, 1981-1984 წლებში, Suot-Mulin-Complex-ის გაფართოების შემდეგ, რომლის მფლობელობაშიც ახალი ლუქსები და კერძო საკუთრებაში არსებული აპარტამენტები შედიოდა, Badrutt’s Palace Rosewood Hotels & Resorts-ის ძვირადღირებული სასტუმროების ქსელში გაერთიანდა. ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრო გაფართოვდა, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და დაემატა თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტალაციები, რომლებმაც სასტუმროს უფრო მეტად ახლებური სახე შესძინა. მოგვიანებით, 2002 წელს, გაფართოების სერიის შედეგად, სასტუმროს ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, სადაც არაერთი საერთაშორისო მაღაზიათა ქსელი ფუნქციონირებს. ამ პერიოდში სასტუმროს ცნობილი სპა ცენტრიც გაიხსნა. ცვლილებებისა და გაფართოების ხანის დასრულების შემდეგ, 2003 წელს, Rosewood Hotels & Resorts-მა Badrutt’s Palace-ის მფლობელობა დათმო, შესაბამისად, დღეს სასტუმრო კვლავ კერძო საკუთრების სახით ფუნქციონირებს. 

სასტუმროს ახალი ეპოქის დაწყებას სათავეში ჰანს ვიდემანი ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობითაც 2004 წელს ყოვლისმომცველი სარემონტო სამუშაოების მთელი ციკლი დაიწყო. ისტორიული სასტუმროს ინტერიერის მთავარი მახასიათებლების შესანარჩუნებლად რეკონსტრუქცია 3 ეტაპად მიმდინარეობდა. ძველი და თანამედროვე სიმდიდრის ნაზავი სასტუმროს 157 ნომერში იდეალურად არის გამოხატული. სასტუმროს სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველი Suite 501-ია, სადაც ლეგენდარული ბრიტანელი კინორეჟისორი, ალფრედ ჰიჩკოკი  საკმაოდ ხშირად ატარებდა დროს. როგორც ამბობენ, Badrutt’s Palace-ის ცნობილი, ალპების ხედებით განთქმული ლობი Le Grand Hall რეჟისორისათვის ფილმის, The Birds-ის, გადაღების მთავარ შთაგონებად იქცა. 

Badrutt_091122_Hermes_091122_CREDIT%20TO%20Paul%20Thuysbaert%20(12).webp 246.26 KB

სასტუმროს კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტი სარესტორნო ობიექტების მთელი ასორტიმენტია. ადგილზე მისულ სტუმრებს სასტუმროში ფუნქციური 10, სხვადასხვა სახის რესტორანი, მათ შორის - განთქმული Nobu, ხვდებათ.  მრავალფეროვან რესტორნებში დამსვენებლებს როგორც იაპონური სამზარეულოს, ისე კლასიკური ბისტროსა თუ ევროპული სამზარეულოს გამორჩეული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. თუმცა, კლასიკური  საღამოს ატმოსფერო გამორჩეულად Renaissance Bar-ში იგრძნობა, სადაც საღამოს 7:30-ის შემდეგ სიგარითა და ძვირადღირებული სასმლით ტკბობა ცოცხალი მუსიკის თანხლებით შეიძლება. 

 COVID-19-ის პანდემიამ სტუმარმასპინძლობისა და მომსახურების სისტემას მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა Badrutt’s Palace-ს განახლებისა და გარკვეული ცვლილებების განხორციელების საშუალება მისცა. ცვლილებების შედეგად ამ პერიოდში ხელახლა გაიხსნა King's Social House, უძველესი ღამის კლუბი შვეიცარიაში, ინგლისელი შეფმზარეულისა და რესტორატორის, ჯეისონ ათერტონის ხელმძღვანელობით. ამასთან ერთად, სასტუმროს მფლობელობაში გადავიდა სამთო კლუბი და რესტორანი, Paradiso, რომელიც თხილამურებით სრიალის მოყვარულ  სტუმრებს გემრიელი საკვებით უმასპინძლდება. 

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ხედები ტბასა და ალპებზე რელაქსაციის შეუდარებელი საშუალებაა, სასტუმრო დამსვენებელს გამაჯანსაღებელი სერვისების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სპა 25 მეტრის სიგრძის დახურული აუზი, რომელიც ცურვასა და განტვირთვასთან ერთად გასაოცარი ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა, ცხელ ღია აუზებს, საუნას, 6 სამკურნალო ოთახსა და ჯაკუზის აბაზანებსაც აერთიანებს. გარდა ამისა, თხილამურებით სრიალთან ერთად, სასტუმროს კონსიერჟთან ერთად ტბის გარშემო ცხენებით გასეირნებაც შეიძლება.  

Snapinsta.app_319813130_710499717316488_8539450998104706056_n_1080.jpg 201.3 KB

127 წლის განმავლობაში საკულტო სენტ მორიცის სასტუმრო ელიტარული დამსვენებლების თავშესაფრად არის ქცეული. უმაღლესი სტანდარტების მომსახურებას, გამორჩეული ინტერიერის მქონე ნომრების, რესტორნების, სპა სერვისებისა თუ “როლს-როისით” გადაადგილებასთან ერთად, სასტუმროს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას ხედები წარმოადგენს. გოტიკური სასტუმროს უზარმაზარი ფანჯრებიდან ალპებისა და ენგადინის ველზე მდებარე გაყინული ტბის გასაოცარი სანახაობა იშლება. რეგიონში არაერთი ძვირადღირებული სასტუმროს არსებობის მიუხედავად, Badrutt’s Palace შეუცვლელი დანიშნულების ადგილად არის ქცეული, სასტუმროდ, რომლის მსგავსსაც ვერც ერთ წერტილში ვერ იპოვი. Badrutt’s Palace-ის სტუმრების თქმით, სასტუმროს სიდიდიდან გამომდინარე, მისი მთლიანად დათვალიერება ერთი ვიზიტის განმავლობაში შეუძლებელია, სწორედ ამიტომ სტუმართა 70% მალევე მოგზაურობისა და ზამთრის ზღაპრული თავგადასავლის გასაგრძელებლად ბრუნდება. 


ფოტო: Tatler, Conde Nast Traveller, Indagare, Oxford Ski, Badrutt’s Palace, Slim Aarons