არქიტექტორებმა - დიმიტრი შაფაქიძემ და ირაკლი აბაშიძემ 350 კვ.მ ფართობის რეზიდენცია შექმნეს. თბილისში მდებარე პავილიონის სტილის საცხოვრებელი რეზიდენცია ტერაკოტას ფერშია გადაწყვეტილი, რომელიც მთლიანად შუშის უზარმაზარი ვიტრაჟებით არის გარშემორტყმული, რაც ბუნებასა და საცხოვრებლის შიდა სივრცეს შორის საზღვრებს თითქმის მთლიანად აბათილებს. ამასთან, ინტერიერის ღია სივრცე კავკასიონის ქედების პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა. Laboratory of Architecture N3-ის კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი თბილისის არქიტექტურული სურათისაგან სრულიად განსხვავებული განზომილებაა, სადაც მეპატრონის ბუნებასთან სიახლოვის სურვილი იდეალურად ერწყმის თანამედროვე არქიტექტურულ თუ ინტერიერის დეკორატიულ სტილს.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, არქიტექტურის ლაბორატორია 3-ის ახალი პროექტის კონცეფცია ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ზღვრის წაშლაა - კონსტრუქცია თითქმის გამჭვირვალეა და ყველა მხრიდან ცას ერწყმის. მთებში აგებულ სახლს ასეთ ეფექტს კი უნიკალური დაგეგმარება ანიჭებს. სახლი ხელოვნურად შექმნილ პლატფორმაზე დგას, რითაც იქმნება იმიტაცია, რომ ნაგებობა ბრტყელ მინდორში მდებარეობს. ამ მეთოდით რელიეფის შემქმნელ კონსტრუქციად თვითონ სახლი იქცევა. შენობის ფოკუსი მთლიანად სამხრეთზეა, რაც მზის სხივების შემოჭრას აძლიერებს.
პროექტი მნახველში ერთგვარი გამჭვირვალე პავილიონის შთაბეჭდილებას ქმნის. ოთახების სიმაღლე კონტრასტულია, ამიტომ კონსტრუქციული კონტურები ჩანს წვრილი დგარების და კოჭების სახით, მათ შორის კი ჰაერი მოძრაობს. აღსანიშნავია სახლის განსხვავებული, ცასთან კონტრასტული ფერი. დიზაინში ტრადიციული ნაცრისფრის ნაცვლად, შეფერილი ბეტონია გამოყენებული. ცის კომპონენტის კიდევ უფრო გამოსაკვეთად შენობაზე დამაგრებულია ამრეკლი უჟანგავი ფოლადის პანელები და სარკისებური ზედაპირები.
არქიტექტურის ლაბორატორია 3 დიმიტრი შაფაქიძისა და ირაკლი აბაშიძის შემოქმედებითი გაერთიანებაა. მათ პროექტებს შორისაა ვაკის პარკში მდებარე მედიათეკა, The Grove Design Hotel, მინიატიურების პარკის ვიზიტორთა ცენტრი შეკვეთილში. არქიტექტურის ლაბორატორია 3-ს ნამუშევრები კონფლიქტურ მდგომარეობას ერთ ფორმაში აქცევს, რომლის შთაგონება დაუსრულებელი კონფლიქტებით სავსე გარემოა.
ფოტო: გიორგი მამასახლისი
დაწერე კომენტარი