ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე, ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრში - პალმა დე მალიორკაში უძველეს, მე-12 საუკუნის შენობაში სასტუმრო - Nobis Hotel Palma მდებარეობს. 

1100-იანი წლების შენობაზე, რომელიც თავდაპირველად აშენდა, როგორც მუსლიმანური სასახლე, საგულდაგულოდ იმუშავეს Jordi Herrero Arquitectos-მა და Eduardo Garcia Acuna Arquitectos-მა. ისეთი ორიგინალური ელემენტების მეშვეობით, როგორიც არის მოპირკეთებული ქვა, აგურის კედლები და თაღოვანი ჭერი ისტორიული ღირსშესანიშნაობა იქცა სასტუმროდ, რომელიც შენობის პირვანდელ სახეს ინარჩუნებს.

Wingårdhs-ის ინტერიერის დიზაინერები კრემისფრისა და თეთრის ტონების, თბილი ნაცრისფრისა და ღია ყავისფრის შერწყმით შესანიშნავ კონტრასტს ქმნიან. სასტუმროს დიზაინი ძირითადად ქვისა და ხის მასალისგანაა შექმნილი, რომელსაც უმაღლესი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის ავეჯი აფორმებს.

ხუთვარსკვლავიან Nobis Hotel Palma-ში 37 ნომერია დამსვენებლებისთვის. თითოეული მათგანი დახვეწილობითა და უნიკალურობით გამოირჩევა. უძველეს სამყაროს იდეალურად ეხმიანება სასტუმროში მდებარე რომაული აბანო, დახურული აუზით, რომელიც ესპანური ქვით არის მოპირკეთებული და  თბილი ტონის ხით შექმნილი საუნით. სპა მდებარეობს შუა საუკუნეების ყოფილი მუსლიმანური სასახლის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და შეფარულ ადგილას, რომელიც უძველეს დროს გვირაბად ფუნქციონირებდა.

სასტუმრო სტუმრებს უმაღლესი კლასის რესტორანს NOI-ს სთავაზობს, რომელიც როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.  შეფ Xema Álvarez-ის მიერ შექმნილ მრავალფეროვან მენიუში არსებული ინგრედიენტების უმრავლესობა ადგილობრივად, მალიორკასა და მის შემოგარენშია მოყვანილი.

სასტუმრო, რომელიც ისტორიულ შენობაში მდებარეობს და წარსულსა და აწმყოს აერთიანებს, იდეალური მდებარეობითაც გამოირჩევა. Carrer de les Caputxines-ზე, ძველი ქალაქის წყნარ ნაწილში მდებარე Nobis Hotel Palma-ს დამსვენებელს მარტივად, რამდენიმე წუთში შეუძლია ესტუმროს როგორც ქალაქის ცნობილ ადგილებს და ღირსშესანიშნაობებს, ისე Passeig del Born-ზე დიდ სავაჭრო ცენტრს და პოპულარულ სანტა-კატალინას რაიონს, რომელიც სულ რაღაც 10 წუთის სავალზე მდებარეობს.


ფოტოების წყარო: Nobis Hotel Palma