მიწაში ჩაშენებული სახლი, რომელიც ნაწილობრივ სწყდება სამყაროს, NCAVED-ად წოდებული პროექტი, ბერძნული სტუდიის, Mold Architects-ის ნამუშევარია და საბერძნეთში, კუნძულ სერიფოსის განცალკევებულ კლდეზე მდებარეობს.
სახლი დაპროექტებულია გარემო პირობების, სერიფოსის უნიკალური ნიადაგის და მთიანი ლანდშაფტის შესაბამისად და სრული სიზუსტით ერგება ბუნებრივი ტერასის აგებულებას.
ზღვისკენ მიმართული სახლი მაქსიმალურად იყენებს ხედს და ჩრდილოეთიდან სერიფოსისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარისგან დაცულია.
2020 წელს შექმნილი პროექტი 340 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სამი განზომილებისგან აგებული სანახაობრივი სახლი ,,ჭადრაკისებურ’’ კომპოზიციას ქმნის. ფასადის გარკვეული ნაწილი მინისგან არის შექმნილი და შესაძლებელია მთელ სიგრძეზე გაიხსნას. სახლის წინა ნაწილი მთლიანად ღიაა აღმოსავლეთის მხარეს და ზღვის ხედით ტკბობის საშუალებას იძლევა.
ფერდობზე ჩაშენებული გარე კიბეები სახლის სამ სართულს მთავარ შესასვლელთან აკავშირებს, რომლის გვერდითაც გარე საცურაო აუზია. ქვედა - პირველი სართული სტუმრების საძინებლებისთვისა და მისაღები ოთახისთვისაა განკუთვნილი, სახლში მცხოვრებთა საძინებელი ოთახები კი მესამე სართულზე განთავსდა, მეორე სართული ძირითადად მოსასვენებელ, გასართობ და დროის გასატარებელ ოთახებს მოიცავს.
სახლზე მუშაობისას დიზაინერებმა ძირითადად ისეთი მასალები გამოიყენეს, როგორიცაა: ქვა, ხე და ლითონი. როგორც გარე, ისე შიდა ინტერიერის დიზაინი მინიმალიზმით, ფერთა ნეიტრალური, ღია პალიტრითა და დახვეწილობით გამოირჩევა.
ფოტოების წყარო: Mold Architects
დაწერე კომენტარი