შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ზამთრის გასატარებლად - ალპებში მოქცეული სახლებითა და სასტუმროებით, ძველი ქალაქებითა და არქიტექტურულად მრავალფეროვანი შენობა-ნაგებობით.

Cervo Mountain Resort შვეიცარიის სათხილამურო კურორტ  ზერმატში მდებარეობს, რომელიც მოქცეულია საკულტო მწვერვალ მატერჰონის ძირთან, 1620 მეტრის სიმაღლეზე.   

სასტუმრომ კარი პირველ სტუმრებს 2009 წელს გაუღო, მას შემდეგ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და მთავარი სარემონტო პროცესი 2020 წელს დაიწყო, რაც დაახლოებით 8 თვე გაგრძელდა. სასტუმროს დიზაინზე სტუდიამ Dreimeta-მ Armin Fischer-ისა and Andrea Kraft-Hammerschall-ის ხელმძღვანელობით იმუშავა, რომელმაც თავის პროექტში ადგილობრივი ალპური ცხოვრების სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია შექმნა.  

სასტუმრო სამი ტიპის საცხოვრებელს აერთიანებს - The Huntsman, The Nomad და The Alpinist.

Cervo Mountain Resort-ში დამსვენებლისთვის 54 ოთახია, ყველა მათგანს აქვს ხედი მატერჰონზე, აივანი, ტერასა ან პანორამული ფანჯრები. თანამედროვე დიზაინი ძირითადად ხისგან შედგება, რასაც სხვადასხვა დეკორაცია აფორმებს. ბუნებრივი მასალებით შექმნილი თითოეული ოთახი ნეიტრალურ თბილ ფერებშია გადაწყვეტილი.

სასტუმროში სამი რესტორანია, ერთ-ერთი მათგანი - Madre Nostra იტალიის კულინარიული ტრადიციებით არის შექმნილი და შეფმზარეული დევიდ კრეტონი უძღვება თავის გუნდთან ერთად. იტალიურ სამზარეულოში თითქმის ყველანაირ ტრადიციულ კერძს შეხვდებით - პასტითა და პიცით დაწყებული, ხორცისა და თევზის სხვადასხვა ინტერპრეტაციით დამთავრებული. რაც შეეხება, Ferdinand-ს, აქ კერძები ძირითადად შვეიცარიული პროდუქტებით მზადდება, ხოლო BAZAAR - აღმოსავლეთის ადგილობრივი ცოცხალი ბაზრით შთაგონებული კულინარიული კერაა, სადაც კერძების უმეტესობა ვეგეტარიანულია. 

სასტუმრო დამსვენებელს Mountain Ashram სპას სთავაზობს, რომელშიც შედის მედიტაცია, იოგას სესიები და აქტივობები როგორც რიტუალურ ოთახში, ისე სასტუმროს ეზოში, მთის მდელოზე. ასევე ონსენის აბაზანები, რომელიც იაპონიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით არის შთაგონებული.


ფოტოების წყარო: Cervo Mountain Resort, Design Hotels