დენი ვილნევის სათავგადასავლო ფანტასტიკა - “დიუნი”, ამავე სახელწოდების ფრენკ ჰერბერტის საკულტო წიგნის ეკრანიზაციაა, რომლის პირველი ნაწილი 2021 წელს გამოვიდა, რაც კინოსამყაროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა, მეორე ნაწილის პრემიერის ოფიციალური თარიღი კი უკვე ცნობილია და პირველი მარტიდან ფილმი კინოეკრანებზე გამოჩნდება. 

პირველი ნაწილიდან ფილმში შეხვდებით მსახიობებს: ტიმოთი შალამეს, ზენდაიას, ჯოშ ბროლს, Stellan Skarsgård-ს, რებეკა ფერგიუსონს, ხავიერ ბარდემსა და დეივ ბაუტისტას. სამსახიობო შემადგენლობას კი ახალ, მეორე ნაწილში რამდენიმე ვარსკვლავი დაემატება, მათ შორის - 80 წლის ლეგენდარული ვარსკვლავი - კრისტოფერ უოლკენი იმპერატორის როლით, ასევე ფლორენს პიუ პრინცესა ირულანის როლში და ოსტინ ბატლერი.

პირველ ნაწილში მოქმედება სამყაროს ყველაზე საშიშ პლანეტა - არაკისზე ვითარდება, სადაც უნიკალური ნივთიერება – “მელანჟი” მოიპოვება, მთავარი გმირი პოლ ატრეიდსი კი იქ ოჯახისა და ხალხის მომავლის უზრუნველსაყოფად მიემართება. ამბავი არ არის მხოლოდ პოლის ბრძოლაზე, ფილმში მთელი პლანეტის საზოგადოებრივი წყობის, მმართველობის ფორმების, იერარქიების, რელიგიისა და ცხოვრების ფილოსოფიაა ასახული.

დენი ვილნევის დიუნი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებით, ვარსკვლავური შემადგენლობით, კოსტიუმების დიზაინითა და მუსიკით, უდიდესი წარმატების მომტანი გახდა რეჟისორისთვის, რომელმაც შექმნა ნაწარმოებთან ძალიან მიახლოებული ადაპტაცია. მაყურებელი მოუთმენლად ელოდება მეორე ნაწილის ხილვას, რომელშიც ტრეილერების მიხედვით ბევრ ბრძოლასთან ერთად ტიმოთესა და ზენდაიას პერსონაჟების სასიყვარულო ურთიერთობასაც ვიხილავთ.

დიუნის ეკრანიზაციის მცდელობა 70-იან წლებში ალეხანდრო ხოდოროვსკის ჰქონდა - ფილმის გადაღება სალვადორ დალისა და მიკ ჯაგერის მონაწილეობით, სურვილად დარჩა რეჟისორისთვის და პროექტმა გადასაღებ მოედნამდე ვერ მიაღწია. რამდენიმე წლის შემდეგ, 1984-ში დევიდ ლინჩმა გადაღება შეძლო, თუმცა ფილმი ,,ჩავარდა’’ და მოწონება ვერ დაიმსახურა, თავად ლინჩიც აღნიშნავს, რომ ეს რეჟისორისთვის დიდი კრახი იყო. დენი ვილნევი პირველი რეჟისორია, რომელმაც შეძლო და ეკრანზე გადმოიტანა დიუნის ფანტასტიკური სამყარო.                                    

                               

ფოტოების წყარო: IMDb