მოდის დიზაინერი - ჯილ სანდერი და მისივე სახელობის მოდის სახლის დამფუძნებელი 1943 წელს გერმანიის პატარა ქალაქ ვესელბურენში დაიბადა. სწავლა კრეფელდის ტექსტილის სკოლაში დაიწყო, გაცვლითი პროგრამით კი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში გააგრძელა. მოდური ტანსაცმლის შექმნით დაინტერესებულმა გერმანელმა ქალბატონმა მოდის ჟურნალებში - ,,McCall's”-ში, ,,პეტრასა" და ,,კონსტანზისში" იმუშავა, სადაც საკმაო ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.

მან თავისი პირველი ბუტიკი ჰამბურგში 1960-იანი წლების ბოლოს გახსნა, სადაც ყიდდა საკუთარ შემოქმედების ნიმუშებს ცნობილი ევროპელი დიზაინერების ტანსაცმლის გვერდით. სანდერმა პირველი პერსონალური კოლექცია 1973 წელს გამოუშვა, ადრეულ პერიოდში იგი ცნობილი გახდა დახვეწილი, ელეგანტური ტანსაცმლის დიზაინით. მისი კოლექციები, ნეიტრალური ფერების პალიტრითა და სიმარტივით, განსხვავდებოდა 1980-იანი წლების მკვეთრი შეფერილობის დატვირთული სამოსისგან, სწორედ ამის გამო ჯილის პირველი კოლექციის ჩვენება Plaza Athénée-ში არც ისე წარმატებული გამოდგა, მასში საერთოდ ვერ შეხვდებოდით ბრჭყვიალა, გადატვირთულ და მკვეთრ, ფერად სამოსს, რაც იმ დროისათვის საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. 

მიუხედავად პირველი ჩვენების წარუმატებლობისა, სანდერსს მიმართულება არ შეუცვლია, რამაც შედეგი გამოიღო და საზოგადოებამ დააფასა სიმარტივით და დახვეწილობით შექმნილი ესთეტიკური კოლექციები. სწორედ ამ პერიოდში მან პარიზში, Avenue Montaigne-ზე 4-სართულიანი მაღაზია გახსნა. 

სანდერმა ბრენდის ასორტიმენტის გაფართოების მიზნით შექმნა მამაკაცის ტანსაცმლის, სათვალეების, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ხაზი. ,,დარწმუნებული ვარ, რომ სიმარტივეში შეიძლება იყოს ფუფუნება”, - ამბობდა და ამართლებდა ამ სიტყვებს დიზაინერი, რომლის კოლექციებიც უმაღლესი ხარისხის ქსოვილებით იქმნებოდა. ისევე როგორც ქალბატონების, მამაკაცის ხაზის პირველი კოლექციაც მინიმალიზმით გამოირჩეოდა - ნატურალური ქსოვილით შექმნილი სამოსი - კლასიკური პიჯაკები, ელეგანტური პალტოები, პერანგები და კუბოკრული შარვლები. 1998 წელს კი გერმანულ ბრენდთან - Puma-სთან კოლაბორაციით გამოუშვა სპორტული ფეხსაცმელების წარმატებული კოლექცია. 

1999 წელს სანდერმა კომპანიის 75-პროცენტიანი წილი Prada Group-ს მიყიდა, დარჩა კრეატიული დიზაინერის თანამდებობაზე და კოლექციებზე მუშაობა განაგრძო, თუმცა მალევე Prada-ს აღმასრულებელ დირექტორთან - პატრიციო ბერტელისთან უთანხმოების გამო საკუთარი ბრენდი დატოვა 2003 წლამდე. ამ დრომდე მის გარდა, ვერც ერთმა სხვა დიზაინერმა ვერ შეძლო სანდერის ხელწერის გაგრძელება და თავის დამკვიდრება. მიუხედავად იმისა, რომ მისმა დაბრუნებამ და იმდროინდელმა  კოლექციებმა საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ ისევ ჩამოშორდა ბრენდს და მის შემცვლელად დიზაინერი რაფ სიმონსი დაინიშნა, რომელმაც შეძლო სანდერის ესთეტიკის ღირსეულად გაგრძელება. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დიზაინერი 68 წლის ასაკში დაუბრუნდა ბრენდს, დაახლოებით წელიწად-ნახევრით.

სანდერი 2009 წლიდან ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა იაპონურ ბრენდთან, Uniqlo-სთან ხაზით -  +J, რომელშიც მისი მარადიული, მინიმალისტური სილუეტები ჭარბობდა. 11 წლის შემდეგ კი კოლაბორაცია განახლდა და მისი ხაზის მონოქრომული კოლექცია გამოჩნდა - ახალი ინტერპრეტაციით შექმნილი სამხედრო უნიფორმების მსგავსი ქურთუკები, ნაქსოვი სვიტერები, ქაშმირის პალტოები, დიდი ზომის მაისურები ასიმეტრიული დეტალებით, კლასიკური შარვლები და პიჯაკები. 2020 წლის +J ხაზის ზამთრის განახლებული კლასიკური სამოსი იყო ჯილ სანდერის შექმნილი ბოლო კოლექცია. 

IMG_4157.png 432.42 KB
მას შემდეგ, რაც სანდერმა თანამშრომლობა გაწყვიტა ბრენდებთან, დაიწყო მოგზაურობა, მოინახულა აფრიკა, ირანი, ახლო აღმოსავლეთი, შეისწავლა სხვადასხვა ადგილები, დრო დაუთმო წიგნების კითხვასა და მებაღეობას. 


ფოტოების წყარო: Vogue, The Fashiongton Post