ესპანეთში, ბარსელონაში მდებარე Pavelló Mies van der Rohe-ს საგამოფენო სივრცემ 17-20 თებერვალს 6 ქვეყნის შემოქმედებს უმასპინძლა, რომლებმაც წარმოდგენილი ნამუშევრებით ჩამოაყალიბეს ინდივიდუალური ნარატივები, კონტექსტური დისკურსი და თითოეულმა საკუთარი ხედვით ასახა ადამიანის გამოცდილება ბუნებრივ სამყაროში.

213A8780 copy.png 1.45 MB
ეს ინტერვენცია არის New Cross-National Temporality Project (NCNTP)-ის ნაწილი, რომელიც ტარდება მთელ ევროპაში 2022 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე და აერთიანებს ორგანიზაციებს შვიდი ქვეყნიდან: თბილისის არქიტექტურის ბიენალე, ლისაბონის არქიტექტურის ტრიენალე, ბარლეტის უნივერსიტეტი - ტირანა კოოპერა, ბერლინი, APSS ინსტიტუტი - პოდგორიცა, კულტურის პავილიონი - კიევი და Trans-Media-Akademie Hellerau Dresden.

პროექტი მიზნად ისახავს გახდეს ცოდნისა და იდეების გაცვლის პლატფორმა არქიტექტორებს, ურბანისტებს, მხატვრებს, მკვლევრებს, სხვა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

213A8776 copy.png 1.21 MB
Trans-Media-Akademie Hellerau Dresden-მა გამოფენაზე უტა ბექაიას, დათო ქორიძის და პარი ბანუ ასგარის ნამუშევარი სახელწოდებით - “Queer Deities in Migration”, გიორგი როდიონოვის კურატორობით წარმოადგინა. 


გიორგი როდიონოვი, კურატორი:


,,ნამუშევრის იდეა გაჩნდა რამდენიმე თვის წინ, გვინდოდა, შეგვეკრიბა ხელოვანები, რომელთაც მოუწიათ ჩვენი რეგიონის დატოვება და გადასახლდნენ ევროპაში იმის გამო, რომ არ ჰქონდათ რეალიზების საშუალება ჰომოფობიური სიტუაციიდან გამომდინარე.

213A8816-2 copy.png 1022.32 KB
პროექტის ფარგლებში გვეყოლება დაახლოებით 7-8 ასეთი ხელოვანი, გვინდა, რომ მათი ისტორია მოვყვეთ, რათა ფართო საზოგადოებამაც გაიცნოს და განვიხილოთ ისინი არა როგორც ცალკე მდგომი ადამიანები, არამედ საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი, გვინდა უშუალო კავშირი შევქმნათ იმ ტრადიციებსა თუ წეს-ჩვეულებებზე, რაც ჩვენთან აქამდე იყო, წარმოვაჩინოთ, ეს ყველაფერი როგორ აისახება თანამედროვე ადამიანზე სამხრეთ კავკასიიდან, რომელსაც მოუწია სამშობლოს დატოვება. 

მეტ ყურადღებას ვამახვილებთ Queer ღვთაებებზე, რომლებიც წლების წინ არსებობდნენ ჩვენს რეგიონში და ძლიერი კავშირი ჰქონდათ ბუნებასთან, გენდერს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და რეალურად, უფრო თავისუფლად ხდებოდა როგორც საუბარი ყველა თემაზე, ისე ბუნების მეტაფორული შემოტანა ყოველდღიურობაში. 

213A8838 copy.png 1.59 MB
ჩვენ ამ ღვთაებებს ვაკავშირებთ ხელოვანებთან, ვიკვლევთ მათთვის რა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს წარსულს, რომელიც გამოიხატებოდა Queer ღვთაებებში.

რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, ჩვენი პირველი ხელოვანი აზერბაიჯანელი ტრანს გოგონა - პარი ბანუ ასგარი იყო, რომელიც “უსახელო თბილისის” მიერ ორგანიზებული რეზიდენციის ფარგლებში ჩამოვიდა თბილისში. რეზიდენცია იმ ხელოვანებს ეხმარება, რომელთაც საკუთარი ქვეყნიდან საქართველოში გამოქცევა უწევთ. აზერბაიჯანის დატოვება მოუწია იმიტომ, რომ უწევდა გაუსაძლის პირობებში ცხოვრება არა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან, არამედ ოჯახიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, თბილისშიც არ დახვდა სახარბიელო მდგომარეობა, ჩვენი ქვეყანაც თავისივე უსაფრთხოების გამო დატოვა და ესპანეთში, ბარსელონაში გადავიდა.

213A8833 copy.png 1.62 MB
თავად ნამუშევარი - პერფომანსით, მოძრაობებით, საუნდით თუ კოსტიუმით არის ჩვენი საუბარი ხელოვანთან. სწორედ მისი ბიოგრაფიიდან და აზრებიდან გამომდინარე შევქმენით პირველი კოსტიუმი, რომელიც უტა ბექაიას ეკუთვნის. 

ჩვენს ნამუშევარს უმსაპინძლა Mies van der Rohe-ს პავილიონმა ბარსელონაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორების, ხელოვანების ასეულობით ლეგენდარული ნამუშევარია წარმოდგენილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი პერფომანსი სწორედ იქ გაიმართა და აღსანიშნავია, რომ შენობის სულისჩამდგმელიც იყო ემიგრანტი, გერმანიიდან იძულებით გამოქცეული.”


ფოტო: დათო ქორიძე