ჯული კერტისი - არტისტი, რომელიც აერთიანებს მხატვრობის ზოგად და კონკრეტულ პრინციპებს, უნიკალურ ვიზუალურ ნარატივებს, გროტესკულ ფორმებსა და ნათელ ფერებს, ქალის არქეტიპებით ქმნის სხვადასხვა ნამუშევარს.
პარიზში დაბადებულმა არტისტმა, სასწავლებლად l'Ėcole des Beaux-Arts-ში ჩააბარა, მან ორი გაცვლითი პროგრამით Hochschule für Bildende Künste-ში, დრეზდენში და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის სკოლაშიც ისწავლა, რომლის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ჯერ იაპონიაში, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ახლაც ცხოვრობს და მოღვაწეობს.
საკუთარი ვიზუალური ხედვის გამოყენებით, კერტისი ეყრდნობა ფიგურული მხატვრობის ისტორიას, მათ შორის - მე-18 და მე-19 საუკუნეების ფრანგულ ფერწერას, ასევე კომიქსებსა და მანგას ილუსტრაციებს.
მისი ნამუშევრები აქცენტირებულია ქალის სხეულზე, დეკონსტრუირებულ და ფრაგმენტულ დეტალებზე ან სტერეოტიპულ „ქალურობის“ სიმბოლოებზე, როგორიცაა გრძელი ფრჩხილები, მაღალი ქუსლები და თმა, რომელიც მისი თითქმის ყველა ნამუშევრის განუყოფელი ნაწილი და მთავარი შტრიხია, რომელშიც არტისტი ინტიმურ ურთიერთობებს, იდენტობას, კულტურას, სილამაზის კონცეფციას გამოხატავს და თვლის, რომ საგნების გრძელი თმით დაფარვა არის საშუალება შეახსენოს ადამიანებს, რომ ის რასაც გარე სამყაროში აღვიქვამთ, შექმნილი და შთაგონებულია ჩვენი შინაგანი სამყარო.
ნამუშევრებში კერტისი მიჰყვება კომპლექსური აზრების, თუნდაც საპირისპირო იდეების შეუფერხებლად გადმოცემის გზას, პოსტიმპრესიონისტი მხატვრების მსგავსად, არტისტი ყურადღებას ამახვილებს სხადასხვა საგნებზე თანამედროვე, ყოველდღიური ცხოვრებიდან და ასახავს წვრილმან დეტალებს კომპოზიციებში, რომლებიც დატვირთულია კინემატოგრაფიულად, ზოგჯერ კი ეროტიკულად.
ადამიანის მახასიათებლების და ქცევის სიურრეალისტური ელემენტების, ქალის იდენტობის ასპექტების გამოსახატად კერტისი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს, მათ შორის - ზეთს, აკრილს, გუაშს. როგორც არტისტი თავად აღნიშნავს, აინტერესებს ნიუანსები, სირთულეები, შუალედები და კომპლემენტარულობა, მისი მთავარი ინტერესი სკოლაში საყვარელმა გაკვეთილმა - ხელოვნების ფსიქოანალიზმა გაუღვივა, რომელიც იუნგის პრინციპებს ეფუძნება. სწორედ იუნგის შესწავლის პროცესში დაიწყო ყურადღების გამახვილება საკუთარ ოცნებებსა და შინაგან სამყაროზე.
თავად არტისტი თავისი ხელოვნების ნიმუშებიდან ნახატს, სახელწოდებით ‘’ვენერას’’ გამოარჩევს, რომელიც ლონდონის White Cube გალერეაში, სიურრეალიზმის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
ნახატის შექმნა პაბლო პიკასოს ლითოგრაფიის შთაგონებით დაიწყო, რომლის თავდაპირველი ვერსიით, ვენერა ხელში ნაყინის კონუსით დახატა, თუმცა ამ ვერსიაზე უარი თქვა და რადიკალური განსხვავება შეიტანა, სხეული ღეროებითა და ხვეულებით დაფარა, რაც ‘’ვენერას’’ კვინტესენციური თვისებაა, დაამატა რამდენიმე ანაქრონული დეტალი - ფუმფულა ხალიჩა და ბამბუკის ტოტი.
კერტისის ნამუშევრები წარმოდგენილია მსოფლიოს სამუზეუმო სივრცეებში, მათ შორის: ნიუ-იორკის ბრონქსის, ოჰაიოში მდებარე კოლუმბიის ხელოვნების, ატლანტას High Museum, ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმებში, ასევე Maki Collection-ში, იაპონიაში, ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, Walker Art Center-ში, Minneapolis-სა და შანხაიში მდებარე Yuz მუზეუმში.
ფოტოების წყარო: Julie Tuyet Curtiss
დაწერე კომენტარი