6 მარტს წიგნის - “ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში’’ პრეზენტაცია სახელოვნებო სივრცე “არტარეას” ტერიტორიაზე გაიმართა. გამოცემა, რომელზეც შემოქმედებითი გუნდი თითქმის ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, XX-XXI საუკუნის ქართულ ხელოვნებაში ქვიარ ხედვების მრავალფეროვნებას იკვლევს და ქართველი არტისტების საუკუნოვან, 100-ზე მეტ ნამუშევარს და წიგნისთვის სპეციალურად შექმნილ ტექსტებს აერთიანებს.
პროექტი განხორციელდა შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრის მიერ, ჰოლანდიის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს, ნორვეგიის საელჩოსა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანლები ნაჯა ორაშვილი და გიორგი კიკონიშვილი არიან, იდეის ავტორები - უტა ბექაია და დავით აფაქიძე, პროექტის მრჩეველი - ქეთევან შავგულიძე, ხოლო წიგნის დიზაინი მანანა არაბულს, Black Dog Studio-ს ეკუთვნის.
პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კიკონიშვილი:
,,ძალიან დიდი და გრძელი გზა გაიარა წიგნმა იდეიდან, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ გაგვიჩნდა, გამოქვეყნებამდე. წიგნის იდეის ავტორები არიან ქართველი არტისტები - უტა ბექაია და დავით აფაქიძე, შემოქმედებითი გაერთიანებების - ფუნგუსისა და სპექტრუმის წევრები. ძალიან ბევრი კვლევისა და ქართული ხელოვნების სიღრმეებში ჩაყვინთვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ხელოვნება ინახავს ფასდაუდებელ ნამუშევრებს, რომლებსაც აქვთ აშკარა, ცალსახად გამოხატული ქვიარ მოტივები, სადაც ავტორები სექსუალობის, საკუთარ თავთან, სქესთან და სხეულთან თამაშის ძალიან ღირებულ ფორმებს გვთავაზობენ და სწორედ ეს იყო ამ წიგნის შექმნის იდეაც. მოსალოდნელიც იყო, რომ წიგნი ძალიან რთულ გზას გაივლიდა, 2 წლის განმავლობაში არაერთი შეფერხება გვქონდა, პასუხსაც კი არ გვაძლევდნენ ხოლმე ნამუშევრების გამოყენების უფლებაზე, იყო ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ ამ წიგნს გზა წარმატებით არ გაევლო, თუმცა მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფის, ავტორების, არტისტების, ჩვენი მხარდამჭერების, ყველას ჩართულობით შესაძლებელი გახდა წიგნის პრეზენტაცია. უშუალოდ პრეზენტაციის საკითხიც საკმაოდ გართულებული იყო, რომელიც კულმინაციური ნაწილია, როდესაც უკვე მზად არის ნაყოფი, იმისათვის რომ იშვას... ისევ და ისევ ჩვენი მხარდამჭერების გამბედაობის, შეუპოვრობისა და უკომპრომისობის შედეგად შესაძლებელი გახდა იმ სივრცის პოვნა, რომელიც უსაფრთხოდ დაგვითმობდა ადგილს იმისათვის, რომ ეს დღე შემდგარიყო. პრეზენტაციის დაწყებიდან წიგნი აღარ არის დარჩენილი, ახლა ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე დავბეჭდავთ მეორე ტირაჟს, რომელიც გაიყიდება და გაყიდვებით შემოსული თანხა მოხმარდება ამ წიგნის ინგლისურენოვან ვერსიას, რომელზეც უკვე ვმუშაობთ და საერთაშორისო მასშტაბით გამოიცემა, პრეზენტაცია კი ჩატარდება ევროპის სხვადასხვა ქალაქში..’’
ქეთი შავგულიძე:
,,წიგნმა რთული და არაერთგვაროვანი, ძალიან გრძელი გზა გაიარა, მაგრამ როგორც წინასიტყვაობაში მაქვს ნახსენები, ის მართლაც არის მანათობელი ვარსკვლავი. წიგნი არის ხელოვნებაზე, რომელსაც არ აქვს საზღვარი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს და როგორც, რიზომაზე ვთქვი, ყოველთვის გადალახავს ყველა თხრილსა და ყველანაირ წინაღობას, განხორციელდება რეალობაში, ისევე როგორც სიცოცხლე, იქნება მარადიული და ვერანაირი კანონი მას ვერ შეაჩერებს...’’
წიგნის პრეზენტაცია კულმინაციური პერფომანსით დასრულდა, Quemmekh-ისა და ანდრო დადიანის მუსიკალური კოლაბორაციული ნამუშევრით - ,,გადამწვარ ბაღებს”.
ქეთი შავგულიძე:
,,ანდროსა და Quemmekh-ის ერთობა ამ ქალაქში, რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაღაცნაირ სევდანარევ, გადამწვარ ქალაქში, რომელსაც მეტაფორულადაც გადამწვარი განწყობა აქვს. ეს არის ხმა, რომელიც გონებიდან, გულიდან იწყება და მთელ სხეულს დაუვლის, დღესაც ასე იყო, მე ეს შესრულება პირველად მოვისმინე ცოცხლად და შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვდივარ. ის ყოველ ჯერზე რაღაც ახალ შრეებს გახსნის, რომელიც აქ და ახლა არის ყველაზე აქტუალური, თუმცა არც მომავალში დაკარგავს თავის მნიშვნელობას. კარგი ხელოვანის თავისებურება ის არის, რომ ზუსტად იმ დროს ქმნის ისეთ ნამუშევარს, რაც ძალიან ეხმიანება მოვლენას და ამ დროს არის ერთდროულად ძალიან პერსონალური და აბსტრაქტული.’’
დაწერე კომენტარი