ლეგენდარული მოდის დიზაინერი, Christian Dior-ის მოდის სახლის დამფუძნებელი - კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს ნორმანდიის ქალაქ გრანვილში დაიბადა. ოჯახს უნდოდა, კრისტიანი დიპლომატი გამხდარიყო, რის გამოც მან პოლიტიკური მეცნიერების თავისუფალ სკოლაში ჩააბარა, თუმცა მისი მთავარი ინტერესი ბავშვობიდანვე იყო მხატვრობა, მუზეუმებში ბევრ დროს ატარებდა, მუდმივად ეცნობოდა მხატვრობას, მუსიკალურ კომპოზიციებს და ოცნებობდა მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარი გამხდარიყო.
კრისტიანმა მამის ფინანსური მხარდაჭერით, ადრეულ ასაკში მეგობართან - ჟაკომ ბანუანთან ერთად გახსნა პატარა სამხატვრო გალერეა, სადაც იყიდებოდა პაბლო პიკასოს, მატისის და სხვა მხატვრების ნამუშევრები. სამი წლის შემდეგ გალერეა დაიხურა, რადგან კრისტიანმა დედა დაკარგა, დიდი დეპრესიის დროს კი ოჯახს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნა და შემოსავლის წყარო აღარ ჰქონდა.
დიორმა დაიწყო თავისი შექმნილი მოდის ესკიზების გაყიდვა, მილიონერებსა და ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა Jean Patou, Schiaparelli, Maggy Rouff, Worth, Balenciaga, Molyneux და Paquin. ამავდროულად კი მუშაობდა გაზეთ Le Figaro-სა და ჟურნალ Jardin des Modes-ში ილუსტრატორად. დიორმა თავისი ესკიზებით სახელი გაითქვა, საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მიიქცია მოდის სახლის - Piguet-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელის - რობერტ პიჟეს ყურადღება, რომელმაც დიორი თავის ბრენდში დაასაქმა და შესაძლებლობა მისცა სამი კოლექციისთვის შეექმნა დიზაინი, რომელიც ელეგანტურობითა და სისადავით გამოირჩეოდა.
მას შემდეგ, რაც დიორმა სამხედრო ვალი მოიხადა, პარიზში დაბრუნდა, სადაც ლუსიენ ლელონგის მოდის სახლს შეუერთდა მთავარ დიზაინერად, პიერ ბალმენთან ერთად. ეს იყო 1942 წელს, როდესაც მძვინვარებდა მეორე მსოფლიო ომი და ამ პერიოდში დიორი სამოსს ნაცისტების ოფიცრებისა და მათი ცოლებისთვის, ასევე ფრანგი კოლაბორაციონისტებისთვის ამზადებდა. ლელონგთან მუშაობის პროცესში დიორმა ხელობისა და ტექნოლოგიების ათვისება შეძლო.
ომის დასრულების შემდეგ კრისტიან დიორმა გადაწყვიტა გამოცდილება და შესაძლებლობები სრულად გამოეყენებინა, თავის ინტერესს ბოლომდე მიჰყვა და შექმნა ბრენდი, რაშიც ფინანსურად ბიზნესმენი - მარსელ ბუსაკი დაეხმარა და დიორის ბიზნესის წამოწყებაში სოლიდური თანხა ჩადო. ახალი Dior-ის ბრენდისთვის დიზაინერმა რამდენიმე თვეში ტანსაცმლის პირველი კოლექცია გამოუშვა, რომელიც მოდის ისტორიაში ‘’ახალი ხედვის’’ სახელით შევიდა. მისი შთაგონება იყო შეექმნა სამოსი, რომელიც ქალის ფიგურას მაქსიმალურად გაუსვამდა ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯი იმ დროისათვის საკმაოდ თამამი იყო, დიორი არ შეუშინდა გამოწვევას და მისი პირველივე კოლექციის ჩვენებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გამოყვანილი წელი, მომრგვალებული მხრები, განიერი ქვედაბოლოები და კოჭებამდე გრძელი, ფუშფუშა, არისტოკრატული კაბებით შექმნილი სილუეტები დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები იყო. სწორედ სადებიუტო კოლექციას უკავშირდება საკულტო Dior Bar-ის პიჯაკი, რომელიც უკვე 77 წელია ითვლება დიზაინის სტანდარტად, მოდის შედევრად. პარიზში, მონტენის ქუჩაზე, დიორის მოდის სახლში, ბრენდის წარუშლელი ისტორიის დასაწყისი დაიწერა, ახალი ხელწერა სწრაფად აიტაცა საზოგადოებამ და უმოკლეს დროში დიორის მომხმარებლები ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი გახდნენ.
მალევე კრისტიანმა სუნამოების სიყვარულით, სადებიუტო სუნამო გამოუშვა, სახელწოდებით - Miss Dior, რომელიც მის დას - ეკატერინეს მიუძღვნა. ლაბორატორიაში, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც - Christian Dior Perfume, საკულტო სუნამო პირველობას ინარჩუნებს და ამდენი წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას.
მთავარი დიზაინერი ყოველწლიურად ორ ახალ კოლექციას ქმნიდა, თითოეულ მათგანს კონკრეტული თემის ორიგინალური სახელი ჰქონდა მინიჭებული, მათ შორის - ციკლონი, ვერტიკალი, ტიტა... ყოველი ჩვენება, რომელსაც დიორი წარადგენდა, დაუვიწყარ მოვლენად ითვლებოდა და საზოგადოების აღფრთოვანების მიზეზი ხდებოდა.
1957 წელს, 53 წლის ასაკში კრისტიან დიორი სრულიად მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა, ხანმოკლე ცხოვრებიდან 10 წელი უხელმძღვანელა ბრენდს, გემოვნებითა და მომავლის ხედვით, მოახერხა, რომ წარუშლელი კვალი და უკვდავი სახელი დაემკვიდრებინა მსოფლიო მოდაში. ლეგენდარული დიორის გზა და ბრენდის ხელმძღვანელობა მისმა 21 წლის მოსწავლემ - ივ სენ ლორანმა გააგრძელა, რომელიც დიორმა სიცოცხლეშივე დანიშნა მემკვიდრედ, შემდეგ იყვნენ მარკ ბოანი, ჟან ფრანკო ფერე, რაფ სიმონსი, ჯონ გალიანო და მარია გრაცია კიური. დიზაინერებმა დიორის ისტორიაში ახალი თავები დაწერეს, თუმცა ყოველმა მათგანმა ღირსეულად შეინარჩუნა კრისტიან დიორის უკვდავი ხელწერა და ტრადიციები.
ფოტოების წყარო: Vogue, Forbes, Medium,
დაწერე კომენტარი