Yves Saint Laurent-ის 2024-25 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება პარიზში, Champ de Mars-ის ცენტრში გაიმართა, რომელიც გაფორმებული იყო ზურმუხტისფერი, ხავერდის ფარდებითა და De Sede-ის დიზაინით შთაგონებული ტახტებით, რომელიც 1970-იანი წლების ესთეტიკას გვახსენებს. 

მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა - ენტონი ვაკარელომ ახალი კოლექციის მთავარ შტრიხად გამჭირვალე სამოსი გამოიყენა, რომელიც კაბებს, ქვედაბოლოებსა და ზედატანებს მოიცავდა, ძირითადად ისეთ ფერთა პალიტრით, როგორიც არის ლურჯი, კრემისფერი, შინდისფერი და მწვანე. 

ბეწვითა და ბუმბულებით დამშვენებული დიდი ზომის ქურთუკები და მასიური ჩანთები, დახვეწილი ტყავი და ავანგარდული აქსესუარები, კოლექციის თითოეული დეტალი ბრენდის საკულტო მემკვიდრეობას ასახავს. ახალი კოლექცია Yves Saint Laurent-ის 1971 წლის კოლექციას სახელწოდებით - ,,Liberation"-ს ეხმიანება, რომელმაც თავის დროზე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაზე. 

უახლეს კოლექციაში თხელი, გამჭირვალე ქსოვილებისგან დამზადებული სამოსი მოდელების ფიგურას მკვეთრად უსვამს ხაზს. სამოსის სტილი ქმნის ერთგვარ კავშირს მოკრძალებასა და სიშიშვლეს შორის და ქალურ თავდაჯერებულობას გამოხატავს. 

Yves Saint Laurent-ის უახლეს ჩვენებას სტუმართა რიგებში ვარსკვლავური შემადგენლობაც გამოარჩევდა. წინა რიგებში ქეით მოსი ვიხილეთ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მისი ხელოვნური ბეწვის ზამთრის პალტოთი მიიქცია. გარდა მოსისა, ჩვენებას ესწრებოდნენ: ლილი კოლინსი, ოლივია უაილდი, აირის ლოუ, შარლოტ გენსბური, ლინდა ევანგელისტა, მონიკა ბელუჩი და სხვა მრავალი ცნობილი სახე.



ფოტოების წყარო: Vogue Runway, Yves Saint Laurent