ქართველი მუსიკოსის - ნინი ნუცუბიძის მუსიკალური კარიერა მრავალფეროვნებით და არაერთი წარმატებული ნამუშევრით გამოირჩევა, თუმცა წლევანდელი წელი განსაკუთრებული მიღწევით დაიწყო. გარდა იმისა, რომ წელს ახალი სინგლი - Nana Sh-t და 3 ტრეკისგან შემდგარი EP, სახელწოდებით - Paper Planes გამოუშვა, არტისტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women In Music-ის Global Force-ის კატეგორიის ნომინანტთა სიაში მოხვდა და აღიარება მოიპოვა მისი შემოქმედებისა და მუსიკალურ ინდუსტრიაში ინოვაციური წვლილისთვის.

by Billboard Georgia


ნინი, როგორც ვიცით, Billboard Women in Music-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯილდოების სიაში დასახელდით, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ პირველი ქართველი  მუსიკოსი ქალი, რომელიც Billboard-ის Global Force კატეგორიის ნომინანტთა სიაში მოხვდა, რამდენად ელოდით მსგავს აღიარებას და რა იყო თქვენი პირველი ემოციები?


ძალიან შერეული ემოციები მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი პროცესის მიმდინარეობის შესახებ, მაინც მოულოდნელი იყო. უდიდესი პატივია ჩემთვის საქართველოს წარდგენა ასეთი ფართო მასშტაბის კონკურსზე. ძალიან დიდი და გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის Billboard Georgia-სა და მარი ბოლქვაძეს აუცილებლად, რომლებმაც მართლა ძალიან ბევრი იშრომეს იმისათვის, რომ საქართველო ასეთ გლობალურ ამბავში მოხვედრილიყო.

Photo by Beka Tsirekidze


წელს უკვე გამოუშვით ახალი EP, რომელიც სამი ტრეკისგან შედგება, რა არის EP-ის მთავარი იდეა და კონცეფცია? 


EP-ის არ აქვს კონკრეტული კონცეფცია - შექმნის პროცესში ჩამოყალიბდა ზოგადად იდეა, რომ ეს ყოფილიყო EP და არა სინგლი, იმიტომ რომ ტრეკები გაკეთდა ეტაპობრივად, ნიკალა ზუბიაშვილთან და გიორგი გიგაშვილთან კოლაბორაციით. Paper Planes არის ერთი ძალიან დიდი სიყვარულის ნაყოფი, იმიტომ რომ ვიმუშავეთ მეგობრებმა. მასტერინგ და მიქსინგ ინჟინერი - პაპუნა ალიბეგაშვილი / Puzzlez Records, პოსტერის შემქმნელები - თეკლა კიღურაძე და ნოდო უგულავა, ფოტოგრაფი - ანა ფრანგიშვილი, ყველანი ჩვენი მეგობრები არიან, სწორედ ამიტომ ეს არის სიყვარულის და მეგობრობის ფონზე გაკეთებული EP - იმ ადამიანების, რომლებიც ერთ აზრს და ინტერესს იზიარებენ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილით გამოვხატეთ და საბოლოოდ ჯამში, მგონია, რომ ძალიან "გემრიელობა" გამოვიდა.

Paper Planes - Artwork by - Tekla Kighuradze / Nodo Ugulava


რას გულისხმობს EP-ის სახელი ,,Paper Planes"?


EP-ის სახელი ,,Paper Planes" კავშირშია ფრენასთან და სიყვარულთან როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. EP-ზე ვმუშაობდით რამდენიმე ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან - ზოგი თბილისიდან, ზოგიც ლოს-ანჯელესიდან და ბერლინიდან, სწორედ ფრენა და იდეების ერთმანეთში გაცვლა დავუკავშირეთ ქაღალდის თვითმფრინავს.

Nana Shit - Artwork by - Oto Tsagareishvili


გარდა EP-ისა, წელს ასევე გამოუშვით ახალი სინგლი - "Nana Sh-t", როგორ შექმენით და რა იყო ინსპირაცია?


Nana Sh-t ნიკალა ზუბიაშვილთან კოლაბორაციაა, რომელიც შევქმენით სპეციალურად Drag Ball-ისთვის და  გამოვხატეთ ჩვენი სიყვარული Drag კულტურის მიმართ, რომლის ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ. ხშირად ვესწრებით შოუებს საქართველოში და მხარს ვუჭერთ ქართული Drag კულტურის არტისტებს, რადგან ძალიან კარგები და პროფესიონალები არიან.

by Anna Prangiashvili


ნინი, რამდენი ხანია, რაც მუსიკალურ სფეროში ხართ, როდის და როგორ იქცა მუსიკა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და მთავარ საქმიანობად? 


მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი საკმაოდ პატარა ასაკიდან. არასდროს მიფიქრია, რომ სხვა პროფესია შეიძლება მქონოდა, იყო სხვადასხვა ინტერესები ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველაფერი მაინც ტრიალებდა ხელოვნების გარშემო. ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება მუსიკისადმი ეტაპობრივად გახდა ჩემივე პროფესია.

By Anna Prangiashvili


რამდენად ხშირად აწყდებით პროფესიულ სირთულეებს და რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული გამოწვევა?


პროფესიულ სირთულეს, რა თქმა უნდა, ვაწყდები ხოლმე.  ჩემთვის ეს ნიშნავს იმ პერიოდს, როდესაც მაქვს Lack of Creativity, ერთგვარი კრეატიულობის ნაკლებობა, რასაც მივიჩნევ ჩემს პროფესიულ შეფერხებად. 

by Anna Prangiashvili


რა ან ვინ არის თქვენთვის მთავარი მოტივატორი და შთაგონების წყარო, რომ მუდმივად განვითარდეთ? 


ჩემთვის მთავარი მოტივატორი და შთაგონების წყარო ვარ ისევ მე, არ ვამბობ, რომ მინდა საუკეთესო ვიყო, უბრალოდ მაქვს დიდი სურვილი, რომ ყოველთვის ვიყო ჩემი თავით კმაყოფილი, ხშირად ასეც ხდება, მაგრამ წამიერია შეგრძნება, როდესაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა ყოველთვის უფრო მეტად განვვითარდე, მოტივაციას კი მაძლევს საკუთარი თავი, რომ სულ უფრო უკეთესი ვიყო, არავისზე - მხოლოდ საკუთარ თავზე, იმასთან შედარებით, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში ვარ.

by Anna Prangiashvili


კონცერტები, რომლებსაც საქართველოში მართავთ, მუდმივად მოთხოვნადია და ყოველთვის სავსე აუდიტორიის წინ მღერით, რას ნიშნავს თქვენთვის ხალხის სიყვარული და დიდი დაინტერესება, რა როლი აქვს თქვენს კარიერაში მსმენელს?


ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში მსმენელს უჭირავს, მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არტისტისთვის არის ის, რომ საქმიანობაში სიყვარული ჩადოს. აუდიტორია და მსმენელი არის ჩემთვის ის ფაქტორი, რომელიც ამ სიყვარულის გაზიარებაში მეხმარება.


რას თვლით თქვენი მუსიკალური კარიერის ყველაზე დიდ წარმატებად? 


ჩემი მუსიკალური კარიერის ყველაზე დიდ წარმატებად სწორედ Billboard-ის ნომინანტთა სიაში 40 არტისტს შორის და მათგან კი 10-კაციან Short list-ში მოხვედრას ვთვლი. 

by Anna Prangiashvili


გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ, აპირებთ თუ არა მსმენელისთვის სხვა სიახლეების შეთავაზებას?


რა თქმა უნდა, ვაპირებ სიახლეების შეთავაზებას მსმენელისთვის, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის როგორ ვიქნები და როგორ გადმოვცემ ჩემს მდგომარეობას მუსიკით...