Rachel Lee Hovnanian თავის შემოქმედებაში იკვლევს თანამედროვე ფემინიზმს, მედიისა და ტექნოლოგიის კომპლექსურ ფსიქოლოგიურ ეფექტებს სილამაზისა და ნარცისიზმის შესახებ. მისი შემოქმედება აერთიანებს ფოტოგრაფიას, ვიდეოს, ქანდაკებას, ფერწერას, კონცეპტუალურ ნამუშევრებს, პერფომანსებსა და ინსტალაციებს სიურრეალისტურ გარემოში.

არტისტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში ქალის სილამაზესთან დაკავშირებულ ასპექტებზე, მის შემოქმედებაში შეხვდებით იდეალიზებული, თეთრი ქალის ფიგურებს, ასევე ხშირად მეორდება ნარცისის  გამოსახულება, რომელიც გვთავაზობს მითოლოგიებს სილამაზის შესახებ და გამოსახულების კონტრაპუნქტს დაკარგვისა და დაშლის ცნებებით. 


Hovnanian-ის ნამუშევრების სერიაში Beyond The Hedges ,,ჰეჯები” - მცენარის ღობეები, ნახატებში შეიძლება სხვადასხვანაირად განიმარტოს, მათ შორის, როგორც შემოქმედებითი აყვავების მეტაფორული ადგილები, ღობე, რომელიც თან აფერხებს ურთიერთკავშირს, თან კი უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და დაცულობას. 

ნახატები ნაწილობრივ შთაგონებულია კარანტინის პერიოდის გაუცხოებით, რაც არტისტის საცხოვრებლის შეცვლას დაემთხვა. მან ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა, კარანტინის დაწყების შემდეგ კი გადავიდა ახალ სახლში, მაიამიში, სადაც მეზობლებისაგან მაღალი ღობეები აცალკევებდა. ამ პერიოდის ნახატებში მან ასახა როგორც თავისი ახალი სახლის სილამაზე, ისე უცნობი მეზობლების ცხოვრება, ,,ჰეჯების” მეორე მხარე - ლაიმისა და ავოკადოს მწვანე მცენარეები, კაქტუსები, უღრუბლო ცა, კრისტალური ცისფერი საცურაო აუზები და არტისტის თვალით დანახული მეზობელი ქალბატონები და მამაკაცები.  

ნახატებში Robe სერიიდან, როგორიცაა South Beach Robe, Flamingo Pink Robe, Poison Dart Robe და Margaret's Robe, ქალის სამოსი სხვადასხვა ფოთლოვან ან ყვავილოვან გამოსახულებებში ერთდება, ერწყმის ისე, როგორც ერთგვარი კამუფლიაჟი. სერია ქალის შემოქმედების უხილავობასა და შრომის დაფასებაზე საუბრობს, ასევე მიუთითებს შენიღბვასა და დამავლაზე, როგორც გადარჩენის სტრატეგიაზე. 

Rachel Lee Hovnanian-ის შემოქმედების დიდ ნაწილს სხვადასხვა სკულპტურა იკავებს, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია 2009 წელს შექმნილი Beauty Queen Vending Machine, არკადული თამაშის მიხედვით მოდელირებული აპარატი, რომელშიც დამონტაჟებულია მექანიზებული ლითონის ერთგვარი ‘’კლანჭები’’, ქალის მოდელის პატარა ვერცხლის ფიგურის ამოსაღებად. ასევე, Body Armor 2 - ინსტალაცია, რომელიც შედგება ალუმინის, თუჯის საცურაო კოსტიუმის 8 ქანდაკებისგან, რომლებიც ასახავენ ძალაუფლების, იდენტობის, ფემინიზმისა და იერარქიის თემებს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში Rachel Lee Hovnanian-ის ნამუშევრები გამოფენილი იყო საჯარო და კერძო ინსტიტუტებში - მთელ მსოფლიოში, გამართა არაერთი პერსონალური გამოფენა შეერთებულ შტატებში, აზიასა და ევროპაში. მან მიიღო განათლება ტეხასში,  ოსტინის უნივერსიტეტში და დაასრულა ასპირანტურა ნიუ-იორკში, Parsons-ის დიზაინის სკოლაში.